გამყრელიძე: აღდგომის ღამეს გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის საკითხზე საკოორდინაციო საბჭო 26 აპრილს იმსჯელებს
ორშაბათს იქნება საკოორდინაციო საბჭო და გადაწყვეტილება ამ საკითხზე იქნება მიღებული – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ აღდგომის ღამეს გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის საკითხზე კომენტირევისას განაცხადა
„აღდგომის ღამეს გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის საკითხი ჯერ განიხილება და შემდგომ იქნება მიღებული გადაწყვეტილება. ორშაბათს იქნება საკოორდინაციო საბჭო და გადაწყვეტილება ამ საკითხზე იქნება მიღებული. ამ გადაწყვეტილებას იღებს საკოორდინაციო საბჭო, ამირან გამყრელიძე არ იღებს“, – განაცხადა გამყრელიძემ.
გამყრელიძე საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, სააღდგომო დღესასწაული მოკრძალებულად და რეკომენდაციების დაცვით აღნიშნოს.
„წინასააღდგომო და აღდგომის შემდგომ პერიოდში უფრო მოკრძალებულად გვმართებს საოჯახო თუ სარიტუალო ღონისძიებების ჩატარება. ამაზე რეკომენდაციები როგორც შარშან, წელსაც იგივეა. სასურველია, რომ ტაძრებში დაცული იყოს დისტანცია, ტაძარში ყველა იყოს პირბადით და რადგან ახლა ამინდები ამის საშუალებას იძლევა, წირვა-ლოცვის რადიოფიცირება მოხდეს, მრევლი იყოს უპირატესად გარეთ და გარეთაც დაცული იქნეს დისტანცია“, – განაცხადა გამყრელიძემ.