ეკატერინე ტიკარაძე: ამ ეტაპზე, 18 წლის მოქალაქეების ვაქცინაციის პროცესში ჩართვა გადაწყვეტილი არ არის
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ორშაბათს ვაქცინაციის საბჭო იმსჯელებს იმ ჯგუფებთან მიმართებით, რომლებიც ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან.
კითხვაზე, იგეგმება თუ არა 18 წელს ზევით მოქალაქეების „სინოფარმით“ აცრა, ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე 18 წლის მოქალაქეების ვაქცინაციის პროცესში ჩართვა გადაწყვეტილი არ არის.
„ჩვენ მივყვებით იმ კალენდარს, რომელიც დამტკიცებულია და შეთანხმებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან. ორშაბათს ვაქცინაციის საბჭო დამატებით შეიკრიბება, იმსჯელებს იმ ჯგუფებთან მიმართებით, რომლებიც ჩაერთვებიან. ამ ეტაპზე 18 წლის მოქალაქეების ვაქცინაციის პროცესში ჩართვა გადაწყვეტილი არ არის. ამას ვერ დავადასტურებ, რადგან ეს გადაწყვეტილებები მიიღება საბჭოს ფორმატში ექსპერტების ჩართულობით“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ეკატერინე ტიკარაძე, მოადგილე თამარ გაბუნიასთან, სახელმწიფო რწმუნებულსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთნ ერთად, საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდის ე.წ. გამშვებ პუნქტზე მოქალაქეების ტესტირების პროცესს ადგილზე პირადად გაეცნო.