რას იცვამდნენ თბილისელები XIX საუკუნეში
„ქართველები მთელს აღმოსავლეთში და, შესაძლოა, მთელს მსოფლიოში საუკეთესო ჯიშის ხალხია, ამ ქვეყანაში არ შემხვედრია არცერთი უშნო ადამიანი, კაცი იქნება ეს თუ ქალი”
ჟან შარდენი
„ქართველ ქალზე უმშვენიერესი ჩემს თვალს არაფერი უნახავს”
დე ლა პორტი
„იმაზე სასიამოვნო არაფერია, ვიდრე თბილისში, ზაფხულის საღამოს სეირნობისას, როცა ტკბები უკლებლივ ყველა ქართველი ქალის სილამაზით, რომლებიც თავისი ეროვნული მშვენიერი ტანისამოსით აივნებზე მიმოდიან, მღერიან, ცეკვავენ და კეკლუცობენ”
ბარონი ჰაქსტაუზენი
თბილისის არისტოკრატიის ჩაცმულობის შესახებ საინტერესო ცნობას გვაწვდის ერეკლე მეფის კარის მდივან-მწიგნობრის, იესე ბარათაშვილის ავტობიოგრაფია-ანდერძი, რომელშიც გადმოცემულია არა მხოლოდ ტანსაცმლის სახეობათა ჩამონათვალი, არამედ დამოკიდებულება სამოსის მიმართ. იესე აცხადებს, რომ მას ჩაცმა-დახურვა განსაკუთრებულად უყვარს და კარგად უვლის სამოსს.
როგორც ცნობილია, ქართული არისტოკრატიის დიდი ნაწილი გვიანფეოდალურ ხანის დასასრულამდე ცხოვრობდა სოფლად, სადაც ფაქტობრივად ჩამოყალიბდა ტიპური ქართული სამოსი. მამაკაცისათვის ეს იყო ყურთმაჯიანი და ყოშიანი კაბა, ახალუხი, შარვალი და სარტყელი. კაბა წინ მთლიანად იყო ჩახსნილი და იკვრებოდა მარგალიტის ან ვერცხლის მძივებით. ამგვარ კაბას გააჩნდა ორგვარი ტიპის სახელო ერთი მკლავზე მომდგარი და მეორე იღლიიდან ჩახსნილი.
საინტერესოა ყურთმაჯთან დაკავშირებული ეტიკეტი: მაგალითად, უმცროს-უფროსთა შეხვედრისას, პატივისცემის ნიშნად, უმცროსი მხრებზე გადაგდებულ სახელოებს ჩამოუშვებდა. ქალთან ურთიერთობისას კი ყურთმაჯის მხარზე გადაგდება საკეკლუცოდ გამოწვევაზე მიანიშნებდა.
ივანე ციციშვილის მიხედვით, ქართველი მამაკაცები ხმარობდნენ უბეგანიერსა და წელში ხვანჯარგაყრილ შარვალს, რომლის ტოტებს პაჭიჭებში ან მოგვებში იტნევდნენ. როგორც წესი, ქართველები არ მისდევდნენ შარვლის შემკობას, მაგრამ, სეზონურობიდან გამომდინარე, მისი სხვადასხვა მასალისაგან დამზადება ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენდა.
ქართველი თავადაზნაურული წრის ქალთა სამოსში, რომელიც ფაქტობრივად წარმოადგენდა მაღალი წრის თბილისელი ქალის კოსტიუმს, გაერთიანებული იყო სარტყელ-გულისპირიანი კაბა, შარვალი (შეიდიში), თავსაბურად ჩიხტა- კავებითა და კოპით, ზედ თავსაკრავი ძვირფასი ქინძისთავით, კაბაზე ჩასაცმელი ძვირფასბეწვიანი სამოსი ქათიბი და გარეთ გამოსვლისას, მთელ ჩაცმულობაზე მოსასხამ-საბურავი ე.წ. აჯიღა, რომელიც მგზავრობის დროს ტანსაცმლის სისუფთავეს იცავდა. მოსასხამის ტიპის სამოსს წარმოადგენდა ასევე ხირღა და ქუქანაკი. ქათიბი საშემოდგომო-საზამთრო სამოსია: ქირმანშალის, ხავერდისა ან მაუდისაგან შეკერილი; კიდეებზე გამოკერებული აქვს სიასამურის, ყარყუმის ან კურდღლის ბეწვი. ხმარობდნენ უბეწვო ქათიბსაც, რომელსაც თაგალა, ხოლო აბრეშუმისა და ფარჩისაგან შეკერილ თხელ ქათიბს, ქერექალაქათიბი ერქვა. ქათიბი იყო როგორც ქალის, ასევე კაცის ჩასაცმელი. ქალის ქართულ კაბაში განსაკუთრებილი ყურადღება ექცევა საგულეს, სარტყელსა და გულისპირს, მათი ნაქარგობის დახვეწილობას.
ქართული კაბის ერთ-ერთი უმთავრესი სამშვენისს წარმოადგენს საგულე და ორი ტოტიანი ქამარი, რომელთაც ფარჩისგან, აბრეშუმისგან ან ხავერდისაგან კერავდნენ.
რუსეთის იმპერატორის, ალექსანდრე III-ის საქართველოში ვიზიტისას გაზეთ „დროების“ კორესპონდენტი ქართველების ჩაცმულობის გამო აღნიშნავდა:
ჩაცმა-დახურვა ქალებისა, მათი მორთვა-მოკაზმულობა მშვენიერს და მასთან ძვირფას სანახავს წარმოადგენდა, ვუყურებდით და გვიკვირდა რა მანქანებითა და რა ჯადოთი გამოიფინა ამოდენი სიმდიდრე ამ ჩვენს ტფილისში.
ქართველ არისტოკრატთა ჩაცმულობისათვის ყურადღება მიუქცევია ალექსანდე დიუმასაც, რომელიც მეფისნაცვლის მიერ გამართული ბანკეტის აღწერისას აღნიშნავს:
საახალწლო ღამეს მეფისნაცვლის დარბაზები სავსე იყო საუცხოო ფერის, კოხტად შეკერილ ეროვნულ ტანისამოსში გამოწყობილი ქართველებით. ულამაზეს კაბებით შემოსილ ქალებს თავზე ხავერდის თავსაფრიდან ჩამოშვებული ოქრომკედით ნაქარგი ლეჩაქები გრაციოზულად ზურგზე ეფინათ, მანდილოსანთა შუბლზე ალმასები ციმციმებდა, ხოლო მამაკაცთა იარაღი ბრწყინავდა.