ამირან გამყრელიძე: ეპიდემიასთან ბრძოლას მხოლოდ სამედიცინო უწყებები ვერ გაუმკლავდებიან
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად შიდა ქართლში ჩავიდა.
გამყრელიძემ „გორის სამხედრო ჰოსპიტალი“ და „გორმედის“ კლინიკა მოინახულა და ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურების წარმომადგენლებს შეხვდა.
გამყრელიძის თქმით, ეპიდემიასთან ბრძოლას მხოლოდ სამედიცინო უწყებები ვერ გაუმკლავდებიან, თუ არ იქნება ადგილობრივი ხელისუფლების სერიოზული მხარდაჭერა.
„გარკვეულად უარესდება ქვეყანაში ეპიდსიტუაცია, ბოლო სამი დღეა, ავცდით 1 000-ს ყოველდღიური შემთხვევების მიხედვით, ეს იანვრის შემდეგ არ ყოფილა ქვეყანაში, რაც ნიშნავს, რომ, სამწუხაროდ, უფრო და უფრო იკრებს ძალას კორონავირუსული ინფექცია და საჭიროა მეტი მობილიზება, მეტად დაცვა რეგულაციების და რეკომენდაციების, რა თქმა უნდა, მეტი ინტენსიფიკაცია ვაქცინაციის პროცესის. სწორედ ეს ორი მთავარი მიზეზია, რის გამოც ვსტუმრობთ რეგიონებს. სტუმრობა დავიწყეთ გორით, შიდა ქართლით. გვქონდა შეხვედრები „გორის სამხედრო ჰოსპიტალში“, სამედიცინო პერსონალთან, დავათვალიერეთ მათი შესაძლებლობები, თუ როგორია მზადყოფნა ავადმყოფთა ნაკადის მომატების შემთხვევაში მათი მართვის, ასევე ვაქცინაციის პროცესის, რომელიც საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობს. აგრეთვე ვიყავით „გორმედში“, შევხვდით ჩვენს კოლეგებს, „გორმედი“ სამედიცინო დაწესებულებების ყველაზე დიდი ქსელია შიდა ქართლში. იქაც გავეცანით, თუ როგორია მზადყოფნა კოვიდპანდემიასთან მიმართებაში, გვქონდა შეხვედრები ჩვენი ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურებთან და იყო ინტენსიური მსჯელობა. ეპიდემიასთან ბრძოლას მხოლოდ სამედიცინო უწყებები ვერ გაუმკლავდებიან, თუ არ იქნება ადგილობრივი ხელისუფლების სერიოზული მხარდაჭერა, ეს მხარდაჭერა ნამდვილად იგრძნობა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.