გენერალური პროკურორის მოადგილე, ნათია მერებაშვილი სტუდენტური ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე, ნათია მერებაშვილი და პროკურატურის თანამშრომლები სტუდენტური ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ, – ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
შეხვედრას, რომელიც საქართველოს პროკურატურის ინიციატივით გაიმართა, ასევე, ა(ა)იპ „იურიდიული კვლევის ცენტრის“, „ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფის“, „Elsa Georgia“ (ელსა საქართველო)-ს, ა(ა)იპ „დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების“ და „ენკომი, საგანმანათლებლო პლატფორმის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მათივე ცნობით, როგორც გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე გენერალური პროკურორის მოადგილემ, ნათია მერებაშვილმა განაცხადა, პროკურატურა სტუდენტებთან თანამშრომლობისთვის ყოველთვის მზადაა.
„მოხარულები ვართ, რომ მუდმივად არის ინტერესი პროკურატურის საქმიანობის შესახებ. მზად ვართ, ერთობლივად დავგეგმოთ ისეთი აქტივობები, რომლებიც ახალგაზრდებს გამოცდილების მიღებაში, ინფორმაციის ურთიერთგაცვლასა და პროფესიული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება”, – აღნიშნა ნათია მერებაშვილმა.
სტუდენტური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პროკურატურის საქმიანობის სტრატეგიულ მიმართულებებზე, პროკურორის პროფესიასა და მათთვის საინტერესო სხვა საკითხებზე მიიღეს ინფორმაცია. ასევე, შეხვედრის ფარგლებში, სასწავლო, პრაქტიკული და კვლევითი მიმართულებებით სამომავლო თანამშრომლობა დაიგეგმა. ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობისა და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, პროკურატურა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელსა და სტუდენტურ ორგანიზაციასთან აქტიურად თანამშრომლობს. უწყების მხრიდან, მიზნობრივი პროექტების განხორციელება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.