სპორტი თბილისში და კლუბი „შევარდენი“

1918 წლის 25 აგვისტოს ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი საქართველოს პირმშო სატანვარჯიშო საზოგადოება „შევარდენი“. ეს საზოგადოება არა მარტო სპორტის განვითარებას უწყობდა ხელს, არამედ, უპირველესად, ქართველი ახალგაზრდობის ეროვნულ-პარტიული აღზრდის საქმეს ემსახურებოდა. XX საუკუნის დამდეგიდან იწყება ქართული ფეხბურთის ისტორიაც.

სანავსადგურო ქალაქებში (ფოთი, ბათუმი) ბრიტანელი მეზღვაურების მიერ შემოტანილი სპორტის ეს ახალი სახეობა კარგად შეეთვისა ქართულ ხასიათსა და ტრადიციებს (ლელობურთი). XX საუკუნის 10-იან წლებში იქმნება პირველი პროფესიული საფეხბურთო გუნდები („შევარდენი“, „კოლხეთი“). ოფიციალურად აღნუსხული პირველი საერთაშორისო მატჩი გაიმართა 1912 წელს, როდესაც თბილისის ნა- კრებმა მოუგო ინგლისურ გუნდს ანგარიშით 5:4. სწორედ ახლად დაარსებული ქართული ფეხბურთის თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო საქართველოს ეროვნული გმირი, იუნკერი შალვა ერისთავი.

საქართველოს    დემოკრატიული   რესპუბლიკის ხანმოკლე არსებობის მანძილზე სხვა მნიშვნელოვან სფეროებთან ერთად ახალ ეტაპზე გადავიდა საქართველოს სპორტული ცხოვრება. იმდროინდელ მსოფლიოსთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად ბევრი საინტერესო მოვლენა მოხდა, რაც ასახულია ქართულ პერიოდულ პრესაში. ყველაზე მეტი ინფორმაცია  ქართულმა ჟურნალ-გაზეთებმა „შევარდენის“ შესახებ შემოინახეს. საზოგადოება  „შევარდენმა“ რამდენიმე მიმართულებით გაშალა თავისი საქმიანობა. პრაქტიკული მეცადინეობის პარალელურად, საზოგადოებიდ წევრები გამოსცემდნენ წიგნებს, ჟურნალებს (გამოიცა ჟურ. „შევარდენის“ რამდენიმე ნომერი), მუშაობდნენ სპორტული ტერმინოლოგიის შექმნა-დახვეწაზე, მეცადინეობას უტარებდნენ საზოგადოების მწვრთნელებს (ვარჯიშთავებს). საზოგადოება „შევარდენის“ შიგნით მოქმედებდა ფარიკაობის, ველოსპორტის, ძალოსნობის, ჩოგბურთის, ფეხბურთის სექციები. „შევარდენის“ წარმომადგენლობები შექმნილი იყო ყველა დიდ ქალაქში, ასევე არსებობდა სტუდენტ-შევარდენთა, მუშა-შევარდენთა წრეები. მთლიანობაში, საზოგადოება 10 ათასამდე წევრს აერთიანებდა. შემუშავებული იყო წევრებისთვის სპეციალური სამოსი, რომლის ტარებისას აუცილებელი იყო სამკერდე ნიშნის ქონაც.

1919 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა დამოუკიდებლობის დღესასწაულს განსაკუთრებული მოლოდინებით ეგეგბებოდა. ამ დღის აღნიშვნაში არც სპორტული შეჯიბრებების ჩასმა გამორჩენიათ. ორგანიზატორებს სურდათ თბილისში ჩატარებულ სადღესასწაულო ღონისძიებებს ეროვნული კოლორიტი ჰქონოდა. შესაფერის თამაშობებად მათ მიიჩნიეს ყეენობა, ბერიკაობა, ლამპრობა, ფარიკაობა, ჯირითი, ბურთაობა და სხვ. ამ საკითხების ორგანიზებისთვის საქართველოს დამფუძნებელი კრების ხელოვნების კომისია მუშაობდა. მისი გეგმით, სანახაობისათვის გამოიყო ერთი ცენტრალური ადგილი, რომელსაც ხალხის ყურადღება უნდა მიეპყრო. სემინარიის გვერდით გაშლილ სარბიელზე (სტადიონზე) ხორო და ორკესტრი ეროვნულ ჰიმნს შეასრულებდა, ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებსა და ხალხურ სიმღერებს ააჟღერებდა: შემდეგ მუსიკის აკომპანიმენტით გაიმართებოდა გიმნასტიკური ვარჯიშობა და შეჯიბრება, გაქცევა, ჭიდაობა და სხვ., რომელშიც, დაახლოებით, 200 კაცი მიიღებდა მონაწილეობას. ყოველივე ეს, როგორც ჩანს, გეგმის მიხედვით იქნა შესრულებული. დამფუძნებელი კრების ხელოვნების კომისიამ გადაწყვიტა, რომ მომავალი წლის 26 მაისისათვის დამოუკიდებლობის სადღესასწაულო ადგილი ინფრასტრუქტურულად მოეწესრიგებინა. თბილისის გარეთ მდებარე ადგილი „ვაკე“ ინჟინერ სპეციალისტთა დახმარებით, ხელოვნურად ფართო სტადიონად, საბერძნეთის თეატრივით უნდა მოწყობილიყო. გაზეთ ,,საქართველოს რესპუბლიკაში“ აღნიშნულია:

,,მკითხველ საზოგადოებას მოეხსენება, რომ „ვაკე“ დაცემულია ორ დიდ გორაკს შუა. მომავალი წლისთვის გორაკების ფერდოებზე მოწყობილი იქნება დასაჯდომი ადგილები. თვით ვაკე ადგილი ძირს გაწმენდილი და მოკირწყლული. ერთი სიტყვით, ეს ალაგი იქნება ნამდვილ თეატრათ წმინდა ჰაერზე, სადაც მოთავსდება 100 ათასზე მეტი მსმენელი მაყურებელი. ამისათვის ხელოვნების კომისიამ წინადადება მისცა ქალაქის გამგეობას, გადასცეს კომისიის განკარგულებაში სპეციალისტები ინჟინრები და ხუროთ- მოძღვარნი, რათა შეადგინონ მათ გეგმა სტადიონის მოწყობისა ვაკეზე. დაინიშნება კონკურსი საუკეთესო პროექტზე, არჩეულია კომისია, რომელიც ამ დღეებში შეუდგა მუშაობას.“

საქართველოს    დემოკრატიული   რესპუბლიკის პერიოდში განსაკუთრებულად პოპულარული გახდა ფეხბურთი. ამის შესახებ გაზეთ ,,შადრევნის“ 1920 წლის ნომერი იუწყება და მისი განვითარების საფეხურებზე ამახვილებს ყურადღებას. სტატიის ავტორი ამავდროულად მას ქართულ ბურთაობას ადარებს და ბურთაობის გაქრობის მოტივებზეც საუბრობს:

,,ფეხბურთი (фუტბოლი) ინგლისური სპორტია. ის ჩაისახა ინგლისში ჯერ კიდევ უძველეს დროში. მან თავიs განვითარებაში მრავალი ეტაპები განვლო. რამდენადაც ცხო-ვრება თავის კულტურის გაქანებით პოტენციალურად ვითარდება, იმდენად საერთოდ სპორტი და კერძოდ ფეხბურთიც, თავის განვითარებაში ატარებს ასეთსავე პოტენციალს, ფეხბურთმა მრავალი ეტაპები განვლო… მაგალითად, XIX საუკუნის მიწურულში მოთამაშენი არ ხელმძღვანელობდენ კოლექტიური თვალთახედვის პრინციპით; თამაშს ქონდა ინდივიდუალური ხასიათი, ყოველი მოთამაშე ცდილობდა მოწინააღმდეგის ჭიშკარში და- მოუკიდებლად ბურთის შეგორებას. მაგრამ ფეხბურთელნი მალე დარწმუნდნენ ასეთი ტაქტიკის უვარგისობაში და შოტლანდიელების მიერ შემოღებულ იქნა თამაშის ახალი ტაქტიკა, რომელსაც განსაზღვრავდა სწორედ ეს კოლექტიური პრინციპი. ეს თამაშის ახალი ტაქტიკა შეეხება უმთავრესად წინმსვლელებს. თამაშის ასეთ ტაქტიკამ ძალიან გასწმინდა და გადაახალისა ფეხბურთი.

და სწორედ აქედან იწყება ამ სპორტის კოლოსალური ზრდა და ის მთელ ქვეყანას ედება. ინგლისში ხომ თავის თავად პოპულარული იყო ფეხბურთი და სხვა ქვეყნებშიც არა ნაკლები ინტერესი და გამოხმაურება ჰპოვა მან. მაგალითად, გერმანიაში 1913 წელს ბერლინის ფეხბურთელთა კლუბი იტევდა 60,000 მოთამაშეს. ასე იყო ევროპის სხვა ქვეყნებშიც, აგრეთვე ამერიკაში; ავსტრალიაში და ჩრდილო აფრიკაშიც არსებობდენ ფეხბურთელთა კლუბები და ფერეინები. ასეთი მდგომარეობის შექმნის შემდეგ მთელი ქვეყნის ფეხბურთელთა ასოციაციებს შეძლება მიეცათ შეკავშირებულიყვნენ „ინტერნაციონალურ ფეხბურთელთა ასოციაციის“ სახელწოდებით. ამ ასოციაციამ მრავალჯერ მოაწყო საერთაშორისო შეჯიბრებები, მხოლოდ ამ უკანასკნელ წლებში ეს ვერ მოხერხდა საერთო გარდარეულობის გამო.

საერთაშორისო შეჯიბრებებში განსაკუთრებით სახელი მოიხვეჭეს შოტლანდიელებმა, ბელგიელებმა, დანიელებმა და სხვ.“

ამის შემდეგ წერილის ავტორი აღწერს, რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში. მისი სიტყვით, ,,ძველად ქართველებს უყვარდათ ბურთაობა. ამის მაგალითებს ვკითხულობთ ზოგიერთ ისტორიულ ნაწერებში. ძველი ქართული ბურთაობა, ჩემის ფიქრით, იგივე იყო, რაც ძველი ინგლისური ფეხბურთი. ძველი ფეხბურთი ინგლისში შეიცვალა ახალით, მხოლოდ ჩვენში ძველი მოკვდა. მოკვდა იმიტომ, რომ ის არ შესცვალა ახალი სახის ფეხბურთმა. მიზეზები ამისა მრავალია, რომელთა აღნუსხვას აქ არ შევუდგები. კლასიკური ქართველი ფეხბურთელნი ჩვენში თითებზე ჩამოითვლება. ისე კი თუ ნაციონალურ შემადგენლობას არ მივიღებთ სახეში, არსებობს კარგად მოწყობილი გუნდები: ტფილისის „შევარდენი“-ს პირველი გუნდი, ქუთაისის „შევარდენი“-ს პირველი გუნდი და აგრეთვე ფეხბურთელთა საზ-ბა ტფილისში „26 მაისი“. ეს არ არის რასაკვირველია დამაკმაყოფილებელი, სასურველია რათა განახლებულ საქართველოში ქართველობა მეტის ინტერესით და ხალისით დაეწაფოს ამ სპორტს და ამით საშუალება მისცეს თავისთავს რომ მისი ხმაც გაისმას იმ საერთაშორისო შეჯიბრებაში, რომელსაც ალბად მოაწყობს „ინტერნაციონალური  ფეხბურთელთა  ასოციაცია“.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მესვეურთ არ დავიწყებიათ ეზრუნათ სტადიონის მოწყობაზეც. დამფუძნებელი კრების ხელოვნების კომისიამ შეიმუშავა ვაკეში სტადიონის მშენებლობის ხარჯთაღრიცხვა და შესაბამისი სამუშაო გეგმა. გაზეთ ,,საქართველოს რესპუბლიკაში“ ვკითხულობთ:

,,სტადიონმა 140,000 კაცი უნდა დაიტიოს. ეს სტადიონი უდიდესი იქმნება მთელ მსოფლიოში. სტადიონის მოწყობა საერთოთ დაჯდება დაახლოვებით 16 მილიონი მანეთი. განზრახულია სამუშაოებზე მოქალაქენიც იქნენ მოწვეულნი მოხალისეთ. ამ დღეებში გამოცხადდება დღე, როდესაც სტადიონის გარშემო ხეები დაირგვება.“

მიუხედავად სურვილისა, ფინანსური სახრების გამო, ამ იდეას ხორცი ვერ შეესხა.

მასალა ამოკრებილია ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილის, ეთნოლოგიის დოქტორის, მირიან ხოსიტაშვილის სტატიიდან – „სპორტული თბილისი“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები