საპატრიარქო: ასეულობით ყალბი პროფილის მეშვეობით, საპატრიარქოს “ფეისბუქგვერდზე” მორიგი ინფორმაციული შეტევა განხორციელდა

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ასეულობით ყალბი პროფილის მეშვეობით,   საპატრიარქოს “ფეისბუქგვერდზე” მორიგი ინფორმაციული შეტევა განხორციელდა.

„დანანებით აღვნიშნავთ, რომ ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული მედიაკამპანიის ფარგლებში დიდი ხანია, გამოიკვეთა ოპონენტთა მეტად აშკარა და თვალშისაცემი მეთოდით –  „ბოტებითა“ და „ტროლებით“, ანუ არარსებული “ფეისბუქპროფილებით” მანიპულირება.

ვფიქრობთ, ინფორმაციულ სამყაროში ეს მოძველებული ხერხია, თუმცა, საქართველოსთვის, მისი სახელმწიფოებრიობისთვის ასეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციის – ეკლესიის მიმართ მსგავსი ანტიპიარი სულ მცირე უხერხული უნდა იყოს.

ყალბი პროფილებით ემოციის გამოხატვა (მოწონება, სიცილი და სხვ.), ასევე არარსებული პიროვნებების სახელით საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გვერდზე უცენზურო და შეურაცხმყოფელი კომენტარები, სამწუხაროდ, თითქმის ყოველდღიურობად იქცა.

მსგავსი შემთხვევების სიმრავლის გამო, ქვემოთ მოყვანილია მხოლოდ ორი შემთხვევიდან აღებული ფაქტები.

აღსანიშნავია, რომ პირველი მათგანი სულ რამდენიმე დღის წინ საპატრიარქოსთან მხარდასაჭერად მოსული მოსახლეობის ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალაზე მომხდარ ფაქტებს ეხება.

საკითხის მეტი სიზუსტისათვის დავძენთ, რომ მარტო აღნიშნულ შემთხვევაში დაახლოებით 500 (!) ყალბი, ინდური წარმომავლობის „პროფილი“ გამოიკვეთა.

მიგვაჩნია, რომ გაუყალბებელი, ობიექტური და სინამდვილის ამსახველი ინფორმაცია უფრო მეტ სიკეთეს მოუტანს ჩვენს სახელმწიფოს, საზოგადოებას, მედიასა და ეკლესიას, ვიდრე გაყალბებული რეიტინგი და არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება“, – აღნიშნულია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები