პირველი საზოგადოებრივი ბაღი თბილისში – „9 აპრილის“ ბაღის წარსული
ადგილი, სადაც ახლა „9 აპრილის“ (ყოფილი ალექსანდრეს) ბაღია, ძველ თბილისში „ყაბახის მოედნის“ სახელით იყო ცნობილი.
თენგიზ კვირკველია წიგნში „ძველთბილისური დასახელებანი“ წერს: „თბილისის ყაბახის გრაფიკულ გამოსახულებას პირველად ქალაქის ტურნეფორისეულ 1701 წლის ჩანახატზე ვხვდებით. ნახატის წინა პლანზე, მდინარის პირას, გამოსახულია ვრცელი მოედანი, რომლის ცენტრში საფეხურების მსგავსი განშტოებების მქონე სვეტი – ყაბახია აღმართული. თვით მოედანს, რომელზედაც ყაბახი იდგა, ვახუშტი ბატონიშვილი ასპარეზს უწოდებს – „მეიდანი ანუ ასპარეზი“. ეს იყო ძველი თბილისის ერთგვარი იპოდრომი, სადაც ერთმანეთს ცხენის ჯირითსა და შუბის, მშვილდ-ისრისა და, მოგვიანებით, თოფის სროლაში ეჯიბრებოდნენ. მაღალ სვეტზე იდგმებოდა თასი ან სხვა საგანი, რომელიც ისრით უნდა ჩამოეგდოთ ცხენზე ამხედრებულ მოასპარეზეთ“.
მე–19 საუკუნის პირველ ნახევარშიც აქ, ყაბახსა და ჭიდაობასთან ერთად, სხვა სახის შეჯიბრებებიც ეწყობოდა – ყოჩების, მამლების, აქლემებისაც კი. ამავე დროს ყაბახის მოედანს სასეირნოდაც იყენებდნენ.
„მიყვარს ყაბახის არემარე, თვალად საამო, მაისის ღამე მიბუნდვილი, გრილი და ამო…“ – წერდა ნიკოლოზ ბარათაშვილი.
მე-19 საუკუნის შუა ხანებში ყაბახის ადგილზე სამხედრო პლაცი მოაწყვეს. 1859 წელს კნიაზ ბარიატინსკის ინიციატივით და არქიტექტორ ოტო სიმონსონის პროექტით, საფუძველი ჩაეყარა პირველ საზოგადოებრივ ბაღს ტფილისში. ბაღი საზეიმოდ 1865 წელს გახსნეს და რუსეთის იმპერატორის პატივსაცემად, ალექსანდრეს ბაღი უწოდეს.