საერთაშორისო დიდოსტატმა საჭადრაკო კომპოზიციაში, დავით გურგენიძემ წერილი გადმომიგზავნა „მესენჯერში”. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა ლევან გოთუას ხელწერა ვიცანი. ვორკუტაში დაწერილი წერილი 1954 წლის 24 ოქტომბრითაა დათარიღებული. ლევან გოთუა თამარ წერეთელსა და ვალიკო ხუჭუას ქორწინებას ულოცავს ვორკუტაში.
წერილის კვალდაკვალ, ვესტუმრე ეროვნული სასახლის ვახტანგ ქარსელაძის სახელობის საჭადრაკო სკოლას, სადაც გავიცანი ქალბატონი მაია ბოკუჩავა, ამ სკოლის კოორდინატორი, ვალიკო ხუჭუასა და თამარ წერეთლის შვილი.
მანამდე მინდა, გაგაცნოთ ვალიკო ხუჭუას პორტრეტი თამარ და ალექსანდრე გოთუების წიგნიდან – „თავგადასავალი ლევან გოთუასი“:
„სრულიად ახალგაზრდა, საოცრად ხუმარა, სიცოცხლით სავსე კეთილი კაცი. მომადლებული მსახიობური ნიჭი და სასიამოვნო ხმა ჰქონდა. თბილისის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტი იყო. ომის დროს დააპატიმრეს, როგორც ერთ-ერთი წევრი საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ჯგუფისა და დახვრეტა მიუსაჯეს. შემდეგ სასჯელი შეუცვალეს და გრძელი ვადით გადაასახლეს. ომის შემდეგ ვორკუტის სარეჟიმო ბანაკში დაამკვიდრეს.
ვადის დამთავრების შემდეგ, ვალიკო საქართველოში აღარ გამოუშვეს და მუდმივ საცხოვრებლად ქალაქ ვორკუტაში გაამწესეს სამუშაოდ. ვორკუტაში სასადილოს გამგედ მოეწყო. ვალიკოს დედამისმა – ოლინკამ და მეუღლემ – თამარმა ჩამოაკითხეს.
პატიმრები მოიხიბლნენ ორივე ქართველი ქალის დიდბუნებოვნებით. ისინი შეიყვარეს და დაუმეგობრდნენ. კიდევ ერთი თავშეყრის ადგილი დამკვიდრდა. ბოლო პერიოდში მათთან ლევანმაც მოუხშირა სიარულს. აქ მას ბევრჯერ წაუკითხავს თავისი ნაწარმოებებიც.
ვალიკო ხუჭუა კარგი სამეგობრო კაცი იყო, ყველას ეხმარებოდა და პატივს სცემდა. ისიც ყველას უყვარდა. ლევანის და ვალიკოს მეგობრობა სამშობლოში ჩამოსვლის შემდეგაც გაგრძელდა“…
– ეს წერილი ლევან გოთუას საქართველოში არ გამოუგზავნია. როდესაც ვორკუტაში გადასახლებულ მამაჩემთან დედაჩემი ჩავიდა, იქ ქორწილი გადაიხადეს, რა ქორწილი უნდა დარქმეოდა ვორკუტის საკონცენტრაციო ბანაკის პირობებში?! ლევანმა, პატიმარ-მეგობრების დავალებით, იქ დაწერა ეს წერილი, როგორც მისალოცი.
„პატივცემულო თამარ და ვალიკო, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო ჩვენ ყველანი ვერ ვესწრებით თქვენს საოცარ ქორწილს. მაგრამ გულით თქვენთან ვართ. თქვენთან ვხარობთ“… წერს ლევან გოთუა.
– დედა და მამა თბილისელები იყვნენ, მამა ფილოლოგიურზე სწავლობდა, დედაც იქ სწავლობდა და ასე გაიცნეს ერთმანეთი.
1941-42 წლებში, მამაჩემი რომ დაიჭირეს, 19 წლის იყო. თავიდან ცოტა ხანს თბილისში ამყოფეს და მერე გადაასახლეს ვორკუტაში. მაშინ ამაზე ოჯახში არ ვლაპარაკობდით. იმდენად პატარა ვიყავი, დედისთვისაც არაფერი მიკითხავს.
ვორკუტიდან რომ ჩამოვიდა, თბილისში ცხოვრების უფლება არ ჰქონდა, მამა რუსთავში მუშაობდა, ჩვენ კი თბილისში ვცხოვრობდით. როცა იქ მოგვცეს ბინა, ყველანი გადავედით. სულ 7 წელი ვიცხოვრეთ რუსთავში. მერე ბინა გადმოვცვალეთ და ისევ თბილისში გადმოვედით.
ძალიან ლაღი ბავშვობა მქონდა, მეხის გავარდნასავით იყო მამის გარდაცვალება, რომელიც „ბრმა ნაწლავის“ ოპერაციის გართულებით დაიღუპა, 42 წლისაც არ იყო… დედამ ძალიან განიცადა ეს ამბავი და დიდხანს ვეღარ იცოცხლა…
– ვორკუტის ამბებზე, ლევან გოთუასთან მეგობრობაზე, ალბათ, დედისა და ბებიის მონაყოლიდან იცით…
– მამაჩემი თავიდან დასახვრეტ კამერაშიც იჯდა, მერე ოქროს საბადოებზე უნდა გაეგზავნათ, სადაც სასიკვდილოდ განწირული ხალხი მიჰყავდათ. მამაჩემს სიცხემ მისცა და სიცხიანის წაყვანა არ შეიძლებოდა… რადგან ამასაც გადაურჩა, უკვე საშიშროება აღარ ელოდა, დედაჩემს მოსწერა წერილი. დედაჩემი ჩავიდა ვორკუტაში და შეუღლდნენ. მერე ჩემს უფროს დაზე რომ დარჩა ფეხმძიმედ დედაჩემი, თბილისში ჩამოვიდა, აქ იმშობიარა და სამი თვის რომ გახდა ჩემი და, ისევ დაბრუნდა ვორკუტაში, ჩემი უფროსი დაც თან წაიყვანა.
1955 წელი იყო. 1956 წელს მამაჩემი გაათავისუფლეს და წამოვიდნენ. მე 1957 წელს დავიბადე, უკვე საქართველოში…
გოგი ჭიაბრიშვილის ვაჟი – ნოდარ ჭიაბრიშვილი:
„ვალიკომ თურმე შეყვარებული დატოვა თბილისში, მოუწერია: თუ ისევ გიყვარვარ და გახსოვარ, ჩამოდიო. ჩააკითხა თამარ წერეთელმა, დასთან ერთად წასულა ვორკუტაში, ხელიც აქ მოაწერეს. რომ ჩავედი, პირველი სამი დღე მოვილხინეთ ქართულად ვალიკოსთან. მღეროდნენ, გიტარაც ჰქონდათ. თამარმა ქართული კერძები მოგვიმზადა, მე ხომ ბევრი სანოვაგე, ღვინო, არაყი და სანელებლები გამატანეს ოჯახიდან“.
– მამაჩემმა ვორკუტაში გაიცნო ლევან გოთუა, – განაგრძობს მაია ბოკუჩავა, – ასევე საშა პაპავა, რომელიც მათთან ერთად არ იყო ვორკუტაში, სადღაც სხვაგან იყო გადასახლებული, მაგრამ იქ ჩავიდა და გაიცნო ყველა.
გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ, თბილისში, მამაჩემის დაბადების დღეზე ყოველ წელს იკრიბებოდნენ მეგობრები და სიცოცხლის ბოლომდე მეგობრობდნენ: დავით გაჩავა, დავით კვიტაიშვილი, ლევან გოთუა, ზურაბ მიქელაძე, იოსებ ქავთარაძე, ერთ უსინათლო კაცსაც ვხედავდი… ყოველ წელს მოდიოდნენ მამაჩემის დაბადების დღეზე ჩვენთან სახლში.
– მართალია, მაშინ პატარა იყავით, მაგრამ მაინც, იქნებ გაიხსენოთ, როგორ დაგამახსოვრათ ლევან გოთუა?
– ლევან გოთუა ბოლოს დედაჩემის გასვენებიდან მახსოვს, 15 წლის ვიყავი. როგორი დამამახსოვრდა ლევან გოთუა? პირველი, რაც თვალში მომხვდა, მხარბეჭიანი იყო, იმ დღეს ძალიან შეწუხებული სახე ჰქონდა…
დედა 1972 წლის აპრილში გარდაიცვალა, ლევანიც მალევე – 1973 წლის იანვარში…
ჩვენს ოჯახში ინახება ლევან გოთუას „გმირთა ვარამი“ ძვირფასი ავტოგრაფით:
„ხუჭუებს, თამარსა და ვალიკოს, ამ წიგნის დაწერისა და მისი შენახვის მოწმე-მონაწილეებს, იმ მძიმე დღეთა მოსაგონებლად, სიყვარულითა და პატივისცემით ავტორისაგან. 1958 წლის 16 ივნისი“.
ბებიისგან, ოლღა ბოხუასგან მახსოვს, ლევანი მამასთან შედარებით ცოტა ადრე წამოსულა ვორკუტიდან ბებიას მიერ შეკერილი პიჯაკით… სპეციალურად შევუკერე წამოსვლის წინო, – ამბობდა ხოლმე. დედაჩემი კი ლევან გოთუას მანქანაზე უბეჭდავდა ნაწერებს: ხანდახან ვუბეჭდავდი რაღაცებსო, – იხსენებდა დედა.
იმდენად პატარა ვიყავი, ბევრი რამ არ მახსოვს, მერე დედაჩემი კარგა ხანს ავადმყოფობდა და ამ თემაზე არ საუბრობდა,
მამამ მოგვიანებით დატოვა ვორკუტა. პატიმრებს ეტაპობრივად ათავისუფლებდნენ…
მამა რომ გარდაიცვალა, ჩემი უფროსი და – ნათელა 9 წლის იყო, მე 7 წლის და უმცროსი – ქეთევანი, 5 წლის.
მამის მხრიდან ბებიამ და ბაბუამ გაგვზარდეს და ბიძამ. ბიძა არაფერს გვაკლებდა. მშობლები აღარ გვყავდა, თორემ მატერიალურად არ გვიჭირდა.
ნაწყვეტი ლევან გოთუას ზემოხსენებული წერილიდან, რომელიც ვალიკო ხუჭუასა და თამარ წერეთელის ქორწილისთვის ვოკუტაში დაწერა:
„თქვენს შეერთებას მძიმე, მაგრამ ნიშნეული გადასავალი გააჩნია. იგი ლეგენდას უფრო ჰგავს. ესეც გვახსოვდეს, მაგრამ ნუღარ მოვიხედავთ უკან – წინ ვიმზიროთ, იმედიანად!!… ვიგრძნოთ სამშობლო, სადაც ასეთი რეალური „ლეგენდები“ არაერთგზის წარმოშობილა… რამეთუ – სამშობლოს თუ გრძნობ – იგი ყველგან თან გახლავს მუდამ!
თქვენი ქორწილი – მარტოდენ თქვენი პირადი, ურთიერთტრფიალების დაგვირგვინება როდია, არამედ – დიდ – სიყვარულისა და ადამიანობის გამარჯვება – ბოროტებაზე, დროზე… ჯაჭვზე… გესლზე და ვარამზე!!
თქვენი ქორწილი მარტოდენ თქვენი ქორწილი როდია, არამედ ყოველ კეთილ-ქართველის ზეიმი!
კერძოდ, თქვენი საბუდრის კეთება როდია, არამედ – ეროვნულ თვალსაზრისით დიდად სანუგეშო მოვლენა! მხოლოდ ასეთ საბუდრებიდან გადმოდიან სამშობლოს მოამაგენი, კეთილ-მოღვაწენი“…
ვალიკო ხუჭუას გაუტეხელი სახე ემზარ კვიტაიშვილის ტკივილიანმა ლექსმა შემოინახა:
მამაჩემის უმცროსი მეგობარი
ვალიკო ხუჭუა გამახსენდა
ბედისწერასთან შენით მიხვედი,
რა ცეცხლი ბიჭი იყავ ციხემდი,
ლაღობდი, არ გატეხილხარ მერეც,
სიმღერას ენის წვერზე იხვევდი.
უხვი, პურ-მარილს ყრიდი ყელამდი,
შემოდიოდა ღვინო ხელადით,
საკრავსაც გადაჰკიდებდი ხელად,
აკორდეონის კვნესას წელავდი.
ბეჭებზე თოვლი გეფინა ქურქად,
რა ერქვა იმას – მახე თუ სარმა?!
გადარჩენილი ვორკუტის პურგას
(დაცინვას ჰგავდა) დაგახრჩო ცვარმა.
გარჯა ქვრივისა, არ იყო ფუჭი,
დამიწდა ისიც, არ იოფლება…
სანთელს გინთებენ, აღარა უჭირთ,
სამ გოგოს შენსას, გაზრდილთ ობლებად…
ნელ-ნელა ვდნებით, მოხდება სხვა რა,
არ მინდა გითხრა სიტყვა ირიბი;
საქართველოში (ნაღველი მღარავს),
წამლად არ ჩანან შენნაირები.
– თქვენი ცხოვრების მეორე პერიოდი თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს უკავშირდება, სადაც დღემდე მუშაობთ…
– თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი დავამთავრე. მეორე კურსზე გავთხოვდი… ორი შვილის დედა გავხდი.
ჩემი მეუღლე ალექსანდრე-ალიკო ბოკუჩავა მუშაობდა პიონერთა სასახლეში, ჭადრაკში ბავშვთა ნაკრების მწვრთნელი იყო. 1983 წელს მეც სასახლეში დავიწყე მუშაობა…
ამჟამად სასახლესთან არსებული ვახტანგ ქარსელაძის სახელობის საჭადრაკო სკოლის კოორდინატორი ვარ.
– რას გაიხსენებთ სასახლეში მოღვაწეობის პერიოდიდან?
– საუკეთესო თანამშრომლები გვყავდა, მათი უმრავლესობა აღარ არის ცოცხალი, ძალიან კარგი განყოფილება იყო, ზოგადად, მთელს სასახლეში თანამშრომლებს შორის საოცარ ურთიერთობას გამოვყოფდი. შვებულების შემდეგ რომ ვბრუნდებოდით, ერთმანეთს სიხარულით ვნახულობდით. ასეთი ურთიერთობა დღეს, სამწუხაროდ, აღარ არის.
სიამოვნებით გავიხსენებდი: ბუხუტი გურგენიძეს, თამრიკო ხმიადაშვილს, არჩილ მეგრელიშვილს… შოთა ინწკირველს, ალექსანდრე იზვოზჩიკოვს.
ვახტანგ ქარსელაძის მოსწავლეები იყვნენ: ნონა გაფრინდაშვილი, ნანა ალექსანდრია, თამაზ გიორგაძე, ალეკო ბოკუავა და სხვა. ჩემი მეუღლის მოსწავლეები იყვნენ: ქეთევან არახამია და რუსუდან გოლეთიანი, ხოლო ქეთევან კახიანი, მაია ლომინეიშვილი, ნანა ძაგნიძე – გოგი მაჭარაშვილის… ესენი – ყველანი ჩვენს სკოლაში აღიზარდნენ.
ამჟამად ნაკრების მწვრთნელია გიორგი ბაღათუროვი; დავასახელებდი გიორგი მაჭარაშვილს, დავით გურგენიძეს, რომელიც მოგვიანებით მოვიდა ჩვენთან.
საჭადრაკო სკოლა, რომელიც თავის ტრადიციებს აგრძელებს, ამ საქმისთვის მართლაც თავდადებული ქალბატონი ნანა ალექსანდრია ხელმძღვანელობს. მაგრამ პანდემიამ ბევრ რამეში შეგვიშალა ხელი. ძალიან კარგი ბავშვები გვყავდა.. 5 ოთახი მუდმივად დატვირთული ბავშვებით და მშობლებით სავსე…
– მეუღლე – ალიკო ბოკუჩავა ბავშვთა ნაკრების მწვრთნელი მწვრთნელი იყო…
– მეუღლე თავგადაკლული იყო ბავშვებზე, არანორმალურად უყვარდა თავისი საქმე და ბავშვები, ერთი და ორი საათით კი არ ამეცადინებდა, დღე ისე გავიდოდა, საათს საერთოდ არ დახედავდა…
ერთხელ საერთაშორისო ტურნირი ტარდებოდა, გიორგი მაჭარაშვილი წასული იყო სადღაც და ფედერაციამ ჩემს მეუღლეს დაავალა გოგის მაგივრად ქეთინო კახიანის მეცადინეობა.
ღამეებს ათენებდა ქეთინოს პარტიების გასარჩევად. ღამეები არ ეძინა, იმდენად თავგადაკლული იყო თავის საქმეზე…
2005 წელს გარდაიცვალა. მყავს ორი ქალიშვილი, თამარი და ტატა, თამარს დედაჩემის სახელი ჰქვია, ტატას ბებიის, ჩემი დედამთილის სახელი. 4 შვილიშვილი ბიჭი მყავს.
შვილებს მუდამ ვუწყობდი და ვუწყობ ხელს რომ საკუთარ პროფესიაში წარმატებულები ყოფილიყვნენ. დღეს ორივე თავის საქმეს აკეთებს, ვფიქრობ, წარმტებულადაც…
თამარ შაიშმელაშვილი