როგორი იყო თბილისის ქუჩები გასულ საუკუნეში

რევოლუციამდელი თბილისი, ისევე, როგორც სხვა დანარჩენი ქალაქები, უმეტესწილად, სტიქიურად ვითარდებოდა. ქუჩები ვიწრო და მიხვეულ-მოხვეული იყო, მათ უმრავლესობას არ ჰქონდა მყარი საფარი.
როგორც გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოს“ მიერ 1989 წელს გამოცემულ წიგნში – „თბილისი“ – აღნიშნულია,  ქალაქის ტერიტორიის გაფართოებასთან ერთად, ქუჩა-შესახვევების რაოდენობაც იზრდებოდა. მე-19 საუკუნის შუა ხანებში მოკირწყლული იყო ქუჩების უმცირესი ნაწილი და ისიც მხოლოდ ცენტრალურ უბნებში. 1876 წლის მონაცემებით, თბილისში არსებობდა 205 ქუჩა, რომელთაგან მოკირწყლული მხოლოდ 3/5 იყო.

1935 წლისთვის თბილისის ქუჩების საერთო სიგრძის 11%-ის (30კმ) სიგანე 5 მეტრს შეადგენდა, რაც ტრანსპორტის ორმხრივი მოძრაობისთვის საკმარისი, ცხადია, არ გახლდათ. 5-დან 10 მეტრამდე სიგანის ქუჩების ხვედრითი წილი 30%-ს აღწევდა (87კილომეტრი). თბილისის ცალკეულ, მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში (მაიდანი-ხარფუხი, სომხის ბაზარი, ავლაბარი, ჩუღურეთი) 10 მეტრამდე სიგანის ქუჩების ხვედრითი წილი 59%-დან 77.8%-მდე მერყეობდა.

ომის შემდგომ პერიოდში, განსაკუთრებით, 70-იან წლებში ქალაქისა და საავტომობილო ტრანსპორტის სწრაფად განვითარებამ ახალი ქუჩებისა და მოედნების შექმნა, ძველების რეკონსტრუქცია გამოიწვია. დიდი ცვლილებები განიცადა ქალაქის მნიშვნელოვანმა სატრანსპორტო კვანძმა – გმირთა მოედანმა. რეკონსტრუქციის შედეგად მისი ფართობი, დაახლოებით, 2.5-ჯერ გაიზარდა, გაიყვანეს 30 მეტრის სიგრძის გვირაბი სანაპიროს მხრიდან ლენინის (ახლანდელი კოსტავა) ქუჩის მიმართულებით და აშენდა 5 მიწისქვეშა გადასასვლელი. თუ აქამდე მოედანი 12 ათას მანქანას ატარებდა, გარდაქმნის შედეგად, მისი გამტარუნარიანობა 30 ათას მანქანამდე გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები