როგორ იქცა მერი ენ ვებსტერი მსოფლიოში ყველაზე ულამაზო ქალად
ყველა ქალი ოცნებობს, იყოს შეუდარებლად ლამაზი და სასურველი. ძნელად წარმოსადგენია, ვინმე ოცნებობდეს იმაზე, რომ სახელი საკუთარი სიუშნოვით გაითქვას და ამით ფული იშოვოს. ცხოვრება ყოველთვის როდია სამართლიანი და ხანდახან სხვა გზა არ რჩება გარდა იმისა, რომ შევეგუოთ რეალობას და შექმნილი ვითარებიდან მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ, როგორც ეს მერი ენ ვებსტერმა გააკეთა.
მერი ენ ვებსტერი 1874 წელს ლონდონში, ერთ-ერთ ღარიბ ოჯახში დაიბადა. მისი ოჯახი მრავალშვილიანი იყო, მაგრა მერისა მის სახლში კიდევ შვიდი ბავშვი იზრდებოდა. რაღაცით მაინც რომ დახმარებოდა ოჯახს, მერიმ ლონდონის ერთ-ერთ საავადმყოფოში მედდად დაიწყო მუშაობა.
დროთა განმავლობაში ის ძალიან ლამაზ ქალად იქცა, რომელსაც ძალიან უბრალო და სასიამოვნო მიზნები ჰქონდა – მას უნდოდა საყვარელ მამაკაცს შეხვედროდა, გაჰყოლოდა ცოლად, გაეჩინა შვილები და კარგი დიასახლისი გამხდარიყო. ყველაფერი ეს მერიმ მიიღო, მაგრამ არც თუ ისე მალე. 1903 წელს, 29 წლის ასაკში გოგონა ფლორისტ-დეკორატორს, ტომას ბევანს შეხვდა, რომელსაც შემდეგ ცოლად გაჰყვა და მისი გვარიც მიიღო.
ცოლ-ქმარს 4 შვილი ეყოლა – ორი ქალიშვილი და ორიც ვაჟი. ოჯახი არ იყო მდიდარი, მაგრამ კარგად ცხოვრობდა. მერიც, თითქმის, ბედნიერი იყო. მას მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობა ამწუხრებდა. გათხოვებიდან მალე ქალს შაკიკი დაეწყო, დროთა განმავლობაში, ამას სახსრების და კუნთების ტკივილი დაემატა.
მერის საგულდაგულო გამოკვლევები სჭირდებოდა, მაგრამ ბევანის ოჯახს კარგი ექიმის ფული არ ჰქონდა. მრავალშივილიან დედას თავისუფალი დროც არ გააჩნდა, რათა საკუთარი ჯანმრთელობისთვის მიეხედა. ის ყოველდღიურად სულ უფრო მძიმდებოდა, ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ დაავადება ქალის გარეგნობაზე აისახა.
მას სახის ნაკვთები გაუმსხვილდა და წინ გამოეწია, ქვედა ყბა უფრო მასიური გახდა, გაეზარდა ცხვირი და ყურები. ამის შემდეგ დეფორმაცია მისმა თავის ქალამ განიცადა, ეს ცვლილებები მთელ მის სხეულზე გავრცელდა. საგრძნობლად გაეზარდა ფეხის ტერფები და ხელის მტევნები, მისი მხრებიც გამსხვილდა.
ცოტა ხანში მერი საერთოდ აღარ ჰგავდა ქალს, მას უშნო ახოვან მამაკაცს თუ მიამსგავსებდით, რომელსაც ქალის ტანსაცმელი ეცვა. უნდა ითქვას, რომ მერის ძალიან გაუმართლა ქმარში. მიუხედავად საშინელი მეტამორფოზებისა, მეუღლეს არც კი უფიქრია მისი მიტოვება. ტომასს უყვარდა მერი და მასზე ზრუნავდა.
სამწუხაროდ, მამაკაცი 1914 წელს გარდაიცვალა და მრავალშვილიანი ავადმყოფი ქალი მარტო დარჩა 4 მცირეწლოვანთან ერთად, სრულიად უსახსროდ. ქმრის გარდაცვალების შემდეგ მან, როგორც იქნა, გაიგო საკუთარი დიაგნოზი. ქალის ავადმყოფობას აკრომეგალია ერქვა და ის ენდოკრინული სისტემის დარღვევის შედეგი იყო.
ეს ავადმყოფობა დღესაც არ იკურნება, მაგრამ თანამედროვე მედიცინა ძვლების გაზრდის პროცესის შეჩერების საშუალებას იძლევა. რა თქმა უნდა, გასულ საუკუნეში ასეთი რაღაცის შესახებ არც კი სმენიათ. მერის ისღა დარჩენოდა, შეგუებოდა საკუთარ ბედს.
ავადმყოფობა პროგრესირებდა და მერის ქუჩაში აშტერდებოდნენ, ბავშვები კი მისკენ თითებს იშვერდნენ. მეზობლებმა მას სხვადასხვა სახელი შეარქვეს, ამიტომ ქალისთვის გარეთ გამოსვლა ნამდვილი წამება იყო.
ბავშვებს რომ არ ეშიმშილათ, მერი სხვადასხვა სამსახურს თანხმდებოდა, მაგრამ ფული კატასტროფულად არ ჰყოფნიდა. ერთხელ მერიმ გაიგო, რომ ლონდონში კონკურსი იმართებოდა ყველაზე უშნო ქალის წოდებისთვის. როგორი დამამცირებელი არ უნდა ყოფილიყო, მერი ამაზე წავიდა, ვინაიდან საპრიზო ფონდი მართლაც დიდი იყო. მან კონკურსში გაიმარჯვა.
ეს მოგება ძალიან წაადგა ოჯახურ ბიუჯეტს. პრიზის გარდა, მერის სხვდასხვა შოუში მონაწილეობას სთავაზობდნენ, სადაც მას ჰონორარს უხდიდნენ. „ურჩხული ქალის“ პოპულარობას ჟურნალისტებიც უწყობდნენ ხელს, რომლებიც არ იღლებოდნენ მისი გარეგნობის აღწერით.
1920 წელს მერი ნამდვილი ვარსკვლავი გახდა დიდ ბრიტანეთში. მისი პოპულარობა ოკეანოის მიღმაც გავრცელდა. ქალმა კონი-აილენდში მდებარე გასართობი პარკის, Dreamland-ის მფლობელისგან, სემ გამპეტცისგან მიიღო მოწვევა და ბავშვებთან ერთად ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად. გამპეტცი მთელ მსოფლიოში ფიზიკური ნაკლის მქონე ხალხს აგროვებდა საკუთარი შოუსთვის და ამით ბევრ ფულსაც შოულობდა.
როგორც ცნობილია, ქალს ცხოვრების ბოლომდე ენატრებოდა ლონდონი და შვილებს ანდერძად დაუტოვა, მშობლიურ ქვეყანაში დაეკრძალათ. მერი საკუთარი ავადმყოფობის გართულების შედეგად 1933 წელს, 59 წლის ასაკში დაიღუპა.