სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ არჩევნებში „რუსული კვალის“ გამოძიება დაიწყო
არჩევნებთან დაკავშირებით, სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს რიგ ინციდენტებს, რომლებიც რუსეთიდან ჩამოსული ქვეყნის მოქალაქეების ხმის მიცემაში მონაწილეობასთანაა დაკავშირებული,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, არპინე სარგსიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
„ამ ეტაპზე დეტალების გამხელა არ მინდა, მაგრამ ყველა ეს საქმე ჩვენი ყურადღების ქვეშაა. ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოხატვაზე სავარაუდოდ გავლენის მოხდენის ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს“, – განაცხადა მინისტრმა.
მან დასძინა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ბრალდებულების მიმართ შესაძლოა უფრო მკაცრი პროცედურული ზომები იქნას გამოყენებული.
სარგსიანის თქმით, მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობა პოლიტიკურ ძალებს ხმის მიცემის პროცესის მონიტორინგის საკმარის მექანიზმებს აძლევს. კერძოდ, კანდიდატებისა და პარტიების წარმომადგენლები საარჩევნო უბნებზე იმყოფებიან, ხოლო ხმების დათვლა ვიდეომეთვალყურეობისა და პირდაპირი ტრანსლაციის პირობებში მიმდინარეობს.
მინისტრმა ასევე კომენტარი გააკეთა არჩევნების დროს დარღვევების შესახებ ბრალდებებზე.
„ასეთი განცხადება ბევრი იყო, მაგრამ მე არ მინახავს არც ერთი, რომელიც კონკრეტული ფაქტებით იქნებოდა გამყარებული. როდესაც მათ ავტორებს ვთხოვეთ, დანაშაულის შესახებ ოფიციალური ოქმი წარედგინათ, მათ უარი თქვეს“, – აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ სომხეთში საპარლამენტო არჩევნები 7 ივნისს გაიმართა. წინასწარი შედეგების თანახმად, ნიკოლ ფაშინიანის მეთაურობით მმართველმა პარტიამ „სამოქალაქო კონტრაქტმა“ ხმების 49,825% მიიღო.