ბიძინა კულუმბეგოვი: ხდება კორონავირუსის შიდა საზოგადოებრივი გავრცელება, თუ ამას ადამიანები მაღალი შეგნებით არ მოეკიდებიან, მესამე ტალღა გარდაუვალია
ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, საქართველოში COVID-19-ის შიდა საზოგადოებრივი გავრცელება მიმდინარეობს.
მისივე თქმით, თუ ადამიანები ამას მაღალი შეგნებით არ მოეკიდებიან, მესამე ტალღა გარდაუვალია.
“რეპროდუქციული მაჩვენებელი 1-ზე ზემოთ არის, ანუ საქართველოში ხდება შიდა საზოგადოებრივი გავრცელება. შესაბამისად, შემაკავებელი ღონისძიებები ამ დროს არის მხოლოდ და მხოლოდ პირბადე, დისტანციის დაცვა, ვაქცინაციის პროცესი და მობილობის შეზღუდვა. ჩვენ ახლა ამ შემთხვევაში რეალურად მობილობა შეზღუდული არ გვაქვს. ძალიან ნაადრევად, მე ასე მიმაჩნია, რომ იქნა მოხსნილი ეს ყველაფერი. მეორე მხრივ, ვაქცინაცია ვერ არის ისეთი წარმატებული, რომელსაც ტალღაზე შეიძლება, რაიმე გავლენა ჰქონდეს. რეალურად, დავრჩით პირბადის ამარა. თუ ამას ადამიანები ძალიან მაღალი შეგნებით არ მოეკიდებიან და კიდევ ერთხელ უნდა ვთხოვო ჩვენს მოსახლეობას, მაშინ რეალურად ეს მესამე ტალღა არის გარდაუვალი”, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.