ეკატერინე ტიკარაძე: წელსაც მოგვიწევს, აღდგომის დღესასწაული მოკრძალებულად აღვნიშნოთ
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნა წელსაც მოკრძალებულად მოგვიწევს.
მინისტრი იმედოვნებს, რომ მთავრობა ჩაკეტვის გზას ამ ეტაპზე არ მიმართავს.
„ჩვენ წელსაც მოგვიწევს, მოკრძალებულად აღვნიშნოთ აღდგომის დღესასწაული. იცით, რომ ინფექცია მატულობს, მდგომარეობა არის საყურადღებო, თუმცა, როგორც ეპიდემიოლოგები ამბობენ, ჯერ ჩვენ არ გვაქვს ნახტომისებრი ზრდა, ასევე, ჩვენ ინტენსიურად მივმართავთ რეგიონებში ლოკალურ დონეზე ინფექციის მართვას და გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ეს იქნება შედეგიანი, რაც თავიდან აგვაცილებს გლობალურ ჩაკეტვას, ვინაიდან ეს არ არის სახელმწიფოს მიზანი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური აქტივობა ქვეყანაში მაქსიმალურად და რაც შეიძლება ხანგრძლივად იყოს შენარჩუნებული.
ვიმედოვნებ, რომ ჩაკეტვის გზას ამ ეტაპზე არ მივმართავთ და შევძლებთ, ვმართოთ ინფექცია ისე, რომ გლობალური ჩაკეტვები არ დაგვჭირდეს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ “რუსთავი ორის” ეთერში.