ბიძინა კულუმბეგოვი: „სინოფარმი“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან ავტორიზაციას, სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს მიიღებს
“ყველა ჩატარებულ კვლევასა და დოკუმენტაციას ისინი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში გააგზავნიან. ეს პროცესი მიმდინარეობს და, წესითა და რიგით, აპრილის ბოლოს უნდა დასრულდეს”, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „იმედის დილაში“ „სინოფარმის“ ვაქცინაზე საუბრისას განაცხადა.
კითხვაზე, ჩინური ვაქცინა – „სინოფარმი“ უკვე საქართველოშია, თუმცა, მას ჯერ არ აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღიარება და შესაბამისად, რა შედეგს უნდა ველოდოთ, კულუმბეგოვმა განმარტა, რომ ეს ვაქცინა ჩინეთის გარდა უკვე მსოფლიოს თითქმის 40 ქვეყანაში გამოიყენება.
„ჩინური ვაქცინა მსოფლიოში დიდი ხანია გამოიყენება, რადგან ჩინელები ამ თვალსაზრისით ძალიან დაწინაურებულები არიან. მათ სამი ვაქცინა აქვთ. მათგან ორი ტრადიციული მეთოდით დაამზადეს – „სინოფარმი“ და „სინოვაკი“. ერთ-ერთი მათგანია, რაც ჩვენ მივიღეთ. მესამე ვაქცინა ეს არის კანსინოს ტიპის ვაქცინა, რომელიც „ასტრაზენეკას“ ტიპისაა, ანუ ვექტორული ვაქცინაა. ის ვაქცინა, რომელიც ჩვენ მივიღეთ, მსოფლიოს, თითქმის 40 ქვეყანაში გამოიყენება“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.
მისივე თქმით, ჩვენი ტიპის ქვეყანას, რომელსაც დამოუკიდებლად არ შეუძლია, შეამოწმოს ამა თუ იმ ვაქცინის ეფექტურობა და უსაფრთხოება, რადგანაც ამის არც დროა და არც რესურსი, უნდა ვენდოთ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ამ საქმეში მსოფლიოში ავტორიტეტები არიან.
„ჩემთვის ძალიან პრინციპულია, რომ თუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია ექნება, მაშინ ჩვენ გვაქვს უფლება, რომ გამოვიყენოთ. მოგეხსენებათ, საქართველოში ძალიან სერიოზული გავლენა აქვთ ადამიანებზე ვაქცინებთან მიმართებაში რელიგიურ ჯგუფებს. ამიტომ, ბევრი იერარქისგან მომისმენია, რომ მე მირჩევნია, ისეთი ვაქცინა გავიკეთო ან სხვებს ვურჩიო, სადაც ვიცით, რა დევს შიგნით და ყოველგვარი გენეტიკური მოდიფიცირებისგან თავისუფალია. ამიტომ, შესაძლოა, ეს ამ სეგმენტისთვის ძალიან მისაღები ვაქცინა იყოს.
პიროვნულად თუ არჩევანი იქნებოდა, ის ვაქცინა მერჩივნა, მე თვითონ „ასტრაზენეკა“ გავიკეთე, რადგან ხომ არ დაველოდებოდი?! რაც იყო ხელმისაწვდომი, პირველი, ის უნდა გაიკეთო. სხვაგვარად, მორალურად სწორად არ მიმაჩნია. ასე რომ, საზოგადოების აღნიშნული სეგმენტისთვის ეს ვაქცინა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ, ვნახოთ, დაველოდოთ“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.
მისივე თქმით, ვაქცინის ეფექტურობა ვირუსის სხვადასხვა შტამის პირობებში 79-89%-მდეა, თუმცა, ბრაზილიური შტამის შემთხვევაში უფრო ნაკლებია და, დაახლოებით, 50%-ს შეადგენს.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო,„ფაიზერით“ კი – 30 მარტიდან. ქვეყანამ კიდევ ერთი წარმოების, „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა გასულ კვირას მიიღო.