„გვინახავს, როგორ მოუყვანიათ მძიმე პაციენტი, თავიდან აუწყვია და გადაურჩენიაო“ – ქირურგი საუცხოო უნარებითა და მძიმე პირადი ცხოვრებით

საქართველოს დამსახურებული ექიმი გიორგი ზუბადალაშვილი 1915 წელს სიღნაღის მაზრაში, სოფელ არბოშიკში დაიბადა. გიორგის მამა, პავლე, შეძლებული გლეხი იყო. ექვსი შვილიდან სამი ვაჟი და ერთი ქალიშვილი შერჩა. ბავშვებს დედა ნაადრევად წაართვა ტუბერკულოზმა და მათი გაზრდა ბებიამ ითავა.

დედის გარდაცვალების შემდეგ გიორგი ექიმობაზე ოცნებობდა. თბილისში 12 წლის ასაკში ჩამოვიდა. თავდაპირველად პროფტექნიკურ სასწავლებელში ჩაირიცხა, მერე კი ბავშვობის ოცნებაც აიხდინა – 1939 წელს თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი დაამთავრა და სიღნაღის ახლოს, სოფელ ტიბაანში, საექიმო უბნის გამგედ დაიწყო მუშაობა. საუბედუროდ, იმავე წელს საბჭოთა კავშირ–ფინეთის ომი დაიწყო და ახალგაზრდა ექიმი ჯარში გაიწვიეს, თუმცა ომი მანამდე დამთავრდა, სანამ მისი ნაწილი ფრონტამდე ჩააღწევდა.

ახალწვეულები ბელორუსია-პოლონეთის საზღვარზე, ქალაქ გროდნოში გადაისროლეს. გიორგი მედსანნაწილის უფროსად დანიშნეს. მეორე მსოფლიო ომმა სწორედ იქ მოუსწრო. ომის დაწყებიდან რამდენიმე საათში  სამხედრო ნაწილი ალყაში აღმოჩნდა და ყველა იქ მყოფი გერმანელების ტყვეობაში ჩავარდა. ჯერ სულავკის ბანაკში იჯდა, მერე – ვუსტრავში. გერმანელები უფრთხილდებოდნენ ექიმებს, გიორგიც სხვებთან შედარებით უკეთეს პირობებში იყო, თუმცა მძიმე სნეულებას მაინც ვერ გადაურჩა – ტიფი შეეყარა. ჯერ კიდევ ცოცხალი მიცვალებულებთან ერთად დააგდეს, მაინც ვერ გადარჩებაო. ერთ ებრაელ ტყვეს შეეცოდა, მალულად წაათრია ბარაკში, მოუარა, მოასულიერა და გამოაკეთა.

ვუსტრავის ბანაკიდან გიორგი ზუბადალაშვილი ემიგრანტებმა გაათავისუფლეს. ისინი გერმანიის მხარეს მებრძოლ ქართველ პოლიტიკოსთა იმ ჯგუფს წარმოადგენდნენ, რომელთაც  იმედი ჰქონდათ, გერმანელების დახმარებით დაამხობდნენ საქართველოში საბჭოთა ხელისუფლებას. ბანაკიდან დახსნის სემდეგ ბერლინელმა ქართველებმა გიორგი ორგანიზაცია „თეთრ გიორგიში“ გააწევრიანეს და სამსახურის შოვნაშიც დაეხმარნენ.

გიორგი პოლიტიკისგან შორს იყო. ერთი-ორჯერ დაესწრო კრებას და მერე თავის საქმეში გადაეშვა, თუმცა მოგვიანებით „თეთრი გიორგის“ წევრობა არასაიმედო პოლიტიკურ წარსულად ექცა…

რევაზ გაბაშვილის რეკომენდაციით, გიორგი ზუბადალაშვილმა ბერლინის პათანატომიის ინსტიტუტში, პროფესორ როსლესთან დაიწყო მუშაობა. თავი მალე გამოიჩინა, სრულყოფილად შეისწავლა გერმანული და მალე გერმანელ სტუდენტებს უტარებდა მეცადინეობებს.

ექვსი თვის თავზე გიორგი ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის ქირურგიულ კლინიკაში მიიწვიეს პროფესორ პაულ როსტოკის ასისტენტად. ხანდახან არც კი სჯეროდა, რომ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში მუშაობდა. არ იცოდა, მისი იძულებითი ემიგრაცია რამდენ ხანს გასტანდა, ამიტომ თავს არ ზოგავდა, დროს არ კარგავდა და სწავლობდა, ღრუბელივით ისრუტავდა ცოდნას. მართალია, ქირურგის ასისტენტად მუშაობდა, მაგრამ საკმაოდ რთულ ოპერაციებს დამოუკიდებლადაც ანდობდნენ. გერმანელების თვალში კარგი ექიმის სახელი მოიხვეჭა, მაგრამ თავს მაინც უცხოდ გრძნობდა.

წლების შემდეგ ქალიშვილმა ჰკითხა: გერმანიაში რატომ არ დარჩიო? რომ დავრჩენილიყავი, ჯერ ერთი, შენ არ მეყოლებოდი, მეორე – რა დიდი წარმატებისთვისაც არ უნდა მიმეღწია, იქ ყოველთვის უცხო ვიქნებოდიო, – ასე უპასუხა გიორგიმ.

ომის დაწყების დროს გიორგი უკვე დაოჯახებული იყო. სამშობლოში ცოლი და პატარა გოგონა – ნანი დარჩა. საქართველოში ეგულებოდა და-ძმაც, ნათესავებიც… ერთი სული ჰქონდა, შინ როდის დაბრუნდებოდა. თუმცა უცხოეთში ერთ გერმანელ ქალს ძალიან დაუახლოვდა. ქეთე ბარტსმა იცოდა, რომ მისი რჩეული გერმანიაში ვერ დარჩებოდა, მაგრამ საყვარელი მამაკაცისგან შვილი მაინც გააჩინა. როლანდი 1944 წელს დაიბადა. წლინახევრისაც არ იყო, ომი რომ დამთავრდა. გიორგიმ პრესტიჟული სამსახური მიატოვა და სარეპატრიაციო ბანაკში გამოცხადდა.

ბანაკში ექიმები სჭირდებოდათ და გიორგი იქვე დაიტოვეს. მოგვიანებით ოდერის ფრანკფურტში გადაიყვანეს ქირურგად. 1945 წლის მიწურულსღა დაბრუნდა საქართველოში, მომდევნო წლის იანვარში კი, დააპატიმრეს. სამხედრო ტრიბუნალმა, როგორც მოღალატეს, ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ესეც არ აკმარეს – ცოლს მასთან განქორწინება აიძულეს…

გიორგი ირკუტსკის ოლქში გადაასახლეს. ჯერ რიგით ექიმად მუშაობდა, მერე, როცა თავისუფალ დასახლებაში გადაიყვანეს, სადგურ ჩუნის საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგე გახდა. თავდაუზოგავი შრომითა და გაბედულებით, თავი აქაც გამოიჩინა.

გადასახლებაში გაიცნო უკრაინელი ადა კოლოდინა. ახალგაზრდებს ერთმანეთი შეუყვარდათ. მალე დაქორწინდნენ და გოგონა შეეძინათ. თამარი სამი თვის იყო, როცა ოჯახი გადასახლებიდან დაბრუნდა.

გიორგის თბილისში ცხოვრების უფლება არ მისცეს, ზნაურის რაიონული საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგედ გაანაწილეს. რამდენიმე თვეში კი ბორჯომში გადასვლა შესთავაზეს, რაზეც სიხარულით დათანხმდა და სიცოცხლის ბოლომდე აქ მოღვაწეობდა. არ არსებობდა ქირურგიის დარგი, მას რომ არ ემუშავა – ატარებდა გულმკერდის, მუცლის ღრუს, უროლოგიურ, გინეკოლოგიურ, ტრავმატოლოგიურ ოპერაციებს, ტრეპანაციასაც კი აკეთებდა. მისი კოლეგები იხსენებდნენ: გვინახავს, როგორ მოუყვანიათ მძიმე პაციენტი ქალასშიდა ტრავმებით, რომელსაც ძვალი და ტვინი ერთმანეთში ჰქონდა არეული; თავიდან აუწყვია და გადაურჩენიაო.

ბედმა ისე ინება, რომ გიორგი ზუბადალაშვილი გერმანიაში დარჩენილმა შვილმა იპოვა. უშიშროებიდან მიღებულ წერილში როლანდი წერდა: დედა მეუბნებოდა, რომ მფრინავი იყავი და დაიღუპე, ცოტა ხნის წინ გამიმხილა სიმართლე. თუ ცოცხალი ხარ, მინდა, გაგიცნოო. გიორგის ქვეყნის დატოვების უფლება არ ჰქონდა, მაგრამ როლანდს საქართველოში ჩამოსვლის ნება დართეს.

მოსკოვიდან ჩამოიყვანეს გიორგიმ და ადამ 16 წლის ბიჭი. მოატარეს კახეთი, ბორჯომი…

როლანდს ორ წელიწადში ერთხელ მისცეს ჩამოსვლის უფლება. გიორგიმ გაიგო, რომ შვილს უმაღლესში ჩაბარების საშუალება არ ჰქონდა, უფლება მიიღო და კვარტალში ერთხელ გერმანიაში უგზავნიდა თანხას სწავლის დასაფინანსებლად.

ძალიან ყურადღებიანი და მზრუნველი მამა იყო, სამივე შვილს მხარში ედგა.

გიორგი ზუბადალიშვილმა ბევრი კარგი ქირურგი გაზარდა. მისი უმცროსი ქალიშვილი, თამარიც ექიმი გახდა. საინტერესო სამეცნიერო ნაშრომებიც ჰქონდა, რომლებიც მუცლის ღრუს პათოლოგიებს ეძღვნებოდა. ბეჭდავდა სტატიებს როგორც რესპუბლიკურ, ისე საკავშირო ჟურნალებში. საკანდიდატო დისერტაცია გასტროეიუნოპლასტიკის საკითხებზე დაიცვა. მონაწილეობდა ქირურგთა ყველა საკავშირო ყრილობაში. აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობასაც ეწეოდა. იყო საქართველოს დამსახურებული ექიმი, არაერთი საზოგადოების წევრი თუ თავმჯდომარე, მრავალი საპატიო სიგელისა და მედლის მფლობელი. ერთხანს ბორჯომის სახალხო უნივერსიტეტსაც ხელმძღვანელობდა.

ასაკი რომ დაეტყო, გიორგიმ ქირურგობას თავი დაანება, თუმცა ადმინისტრაციულ სამუშაოზე უარი არ უთქვამს, მთავარი ექიმის მოადგილედ გადავიდა სამკურნალო დარგში.

1993 წლის იანვარში მეუღლე გარდაეცვალა. მძიმე წლები იდგა, არ იყო დენი, გაზი… როლანდისა და მისი მეუღლისგან სამძიმრის წერილი მიიღო. შვილი სწერდა, ვიცი, თამრიკო არაფერს გაგიჭირვებს, მაგრამ თუ შეგიძლია და გინდა, ჩამოდი და დარჩენილი წლები ჩვენთან გაატარეო.

წასვლაზე არც უფიქრია. როცა ჯანმრთელობა მოსდევდა, მაშინ არ დარჩენილა უცხო ქვეყანაში, ახლა სადღა წავიდოდა… დიდხანს აღარც უცოცხლია, მეუღლეზე დარდს გადაჰყვა იმავე წლის მიწურულს, 76 წლისა.

დაკრძალულია ბორჯომის ცენტრალურ სასაფლაოზე.

წყარო: ავერსი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები