“უფრო მკაცრად დავისაჯეთ, ვიდრე შეიძლებოდა” – “ვინოტელის” დამფუძნებელი

“ისინი ყოველდღე დადიოდნენ სხვადასხვა სასტუმროსა და რესტორანში და არავის ხმა არ ამოუღია”, – ამის შესახებ ვლადიმერ პოზნერის მასპინძელი, სასტუმრო “ვინოტელის” დამფუძნებელი, ბენო ქაშაკაშვილი აცხადებს.

მისივე თქმით, ისინი რესტორანში სტუმრებს პოლიტიკური განწყობების შესახებ კითხვებს არ უსვამენ.

“ჩვენ ვიცოდით, რომ სტუმრები იქნებოდნენ, ვემზადებოდით. უბრალოდ, არ ვიცოდით, რომ დააგვიანებდნენ. დააგვიანეს არა თავიანთი არაორგანიზებულობის გამო, არამედ – რაღაც გადაფრენასთან დაკავშირებული პრობლემებით, თავიანთი ორგანიზებული რაღაც სპეცრეისის გამო. შემდეგ ისე გამოვიდა, რომ დავარღვიეთ კანონი და დავისაჯეთ. მგონია, რომ უფრო მკაცრად დავისაჯეთ, ვიდრე შეიძლებოდა ჩვენი დასჯა. რაც შეეხება განწყობებს – ჩვენ არ ვიცოდით მათი განწყობები, არასდროს ვსვამთ კითხვას, ვის რა განწყობა აქვს, ისინი ყოველდღე დადიოდნენ სხვადასხვა სასტუმროსა და რესტორანში და არავის ხმა არ ამოუღია. რამდენიმე სტუმარი ჩვენთან ცხოვრობდა, დანარჩენები – დაახლოებით, 35 ადამიანი, მოვიდნენ. მათგან ყველაზე ცნობილი სახე ნიკა ცისკარიძე იყო,” – აცხადებს ბენო ქაშაკაშვილი “კურიერთან” საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პოზნერი საქართველოში გუშინ, 31 მარტს, ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერ 50-მდე პირთან ერთად დაბადების დღის აღსანიშნად ჩამოფრინდა. მის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა, რომლებსაც მოგვიანებით, პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ.

პოზნერს სასტუმრო “ვინოტელის” დატოვება, სადაც ის სტუმრებთან ერთად ვახშმობდა, პროტესტის ფონზე, პოლიციის კორდონის საშუალებით მოუწია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები