„დანიელსონმა თავის განცხადებაში იგულისხმა, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი კაპიკად არ ვარგა“ – ვახტანგ მაისაია

“ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში, კრისტიან დანიელსონმა თავის განცხადებაში იგულისხმა, რომ ჩვენი, ქართული პოლიტიკური სპექტრი კაპიკად არ ვარგა, ისინი უნდა წავიდნენ პოლიტიკიდან და პოლიტიკური სტაბილურობის მიღწევა ისევ საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მესამე სექტორის ამარად უნდა მოხდეს”, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ვახტანგ მაისაიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მაისაიამ დანიელსონის მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული შეხვედრის უშედეგოდ დასრულება შეაფასა.

პოლიტოლოგი კრისტიან დანიელსონის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც „ასეთი ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც საქართველოში არსებობს, ერთ დღეს მოახერხებს, რომ ეს ფურცელიც გადაფურცლოს და წინ წავიდეს თავისი ამბიციური მომავლისკენ“.
მაისაია აცხადებს, რომ ევროკავშირის წარმომადგენელმა პოლიტიკურ მხარეებს ხელმოსაწერად კარგი დოკუმენტი შესთავაზა.

„სამწუხაროდ, საქართველოში საინფორმაციო სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. ამ ომმა ძალიან აღვირახსნილი საზღვრები მიიღო. გუშინ პროპაგანდისტული ტელევიზიების მიერ გაშუქებული იყო ის 5-პუნქტიანი გეგმა, რომელიც კრისტიან დანიელსონმა წარმოადგინა. დოკუმენტი სააგიტაციო კუთხით იყო გაშუქებული. გარკვეული ტელევიზიების გარდა, ობიექტური ინფორმაცია ვერ მივიღე იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელსაც გუშინ ორივე პოლიტიკური მხარის ტელევიზები აშუქებდნენ. დილით მოვიპოვე ეს დოკუმენტი, გავეცანი ამ 5-პუნქტიან გეგმას, რომელიც ძალიან კარგი გეგმაა. აქ ძალიან კარგადაა გამოკვეთილი ჩვენი პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანის გზები. მე ამ გეგმას ხელს მოვაწერდი და დავეთანხმებოდი. გასაგები გახდა, რატომ არ მიიღო ეს გეგმა არც ოპოზიციამ, არც მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ.

ამ გეგმის პრეამბულაში პირდაპირ წერია, რომ ევროკავშირის სამედიაციო მისია მოუწოდებს გაერთიანებულ ოპოზიციას, შევიდეს პარლამენტში, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე შეასრულოს ის მოვალეობები, რომელიც ქვეყნის სტაბილურობას სჭირდება. საუბარია იმაზე, რომ ოპოზიციას შეეძლო, შესულიყო პარლამენტში და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იქედან მოეთხოვა. ეს სწორი ნაბიჯი იქნებოდა. აქ პირდაპირ წერია, რომ პარლამენტში შესვლისკენ იყო დაფიქსირებული პოზიცია, რაც აბსოლუტურად ადეკვატური გზა იქნებოდა.

დოკუმენტის პირველ პუნქტში წერია, რომ პოლიტიზებაა მართლმსაჯულების საკითხთან დაკავშირებით. ფაქტობრივად, ევროკავშირის შეთავაზება იყო, გამოცხადებულიყო პოლიტიკური ამნისტია, რომელიც 20 ივნისის საქმეს ეხებოდა. შეიძლება, იმ 2 პიროვნებასთან მიმართებით საზოგადოების საკმაოდ დიდი უმრავლესობის მიდგომა იყოს ის თუ, რამდენად არიან ისინი პოლიტპატიმრები. მაგრამ დოკუმენტში წერია, პოლიტიკური საქმეები დაფიქსირებულია. პოლიტიკური ამნისტიის გამოცხადება იქნებოდა გამოსავალი იმ ჩიხიდან, რომელმაც სახელმწიფორბერივი ჩიხის მიმართულება მიიღო.
საარჩევნო რეფორმა იდეალურადაა წარმოჩენილი. ამ რეფორმის შედეგად თავისუფლად შეგვეძლო, მივსულიყავით ვადამდელ არჩევნებთან და ის სულ სხვა გარემოში, სულ სხვა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ჩაგვეტარებინა.

მესამე საკითხია სასამართლოს რეფორმა. ფაქტობრივად, ევროკავშირმა საქართველოს სასამართლო სისტემა ავტორიტარულად ჩათვალა. პირდაპირ იყო მოთხოვნა, რომ სასამართლოს სისტემის შეცვლა, ახალი კანონმდებლობის მიღება, მოსამართლეების პოლიტიკური ზეწოლისაგან გათავისუფლება მომხდარიყო. ეს არის გზა, რომელიც ევროკავშირის კარიბჭემდე მიგვიყვანს.
მეოთხე იყო საინტერესო პუნქტი: პარლამენტში 5 ძირითადი კომიტეტი ოპოზიციის ხელში უნდა გადასულიყო. აქვე იყო წარმოჩენილი ის, თუ როგორ უნდა დაკომპლექტებულიყო საერთაშორისო ორგანიზაციებთან დელეგაციის წევრები, აქაც გეგმა ოპოზიციის გარკვეულ გაძლიერებას გულისხმობდა. რა თქმა უნდა, ეს პუნქტი მმართველი პოლიტიკური ძალისთვის სავსებით მიუღებელი იქნებოდა“, – განაცხადა მაისაიამ.

მისივე თქმით, აღნიშნულ დოკუმენტზე ხელის არმოწერამ შესაძლოა, პოლიტიკური კრიზისის კიდევ უფრო გაღრმავება გამოიწვიოს.

„ეს იყო საკმაოდ კარგი მემორანდუმი, რომელზე ხელის არმოწერამ შეიძლება, სახელმწიფო კრიზისის სერიოზული გაღრმავება გამოიწვიოს.
ევროკავშირმა დააფიქსირა პოზიცია, რომ სასამართლო სისტემაში სანამ ძირეული რეფორმები არ ჩატარდება, მართლსაჯულების პრობლემები არ მოგვარდება, საპარლამენტო რეფორმები არ ჩატარდება, ჩვენი გზა ევროკავშირის კარებთან აჭედილი იქნება და 2024 წელს საქართველოს განაცხადეს ევროკავშირის წევრობაზე არავინ მიიღებს. ეს მესიჯი ამ დოკუმენტში ძალიან კარგად წარმოჩინდებოდა.
დანიელსონმა თქვა, ასეთი ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც საქართველოში არსებობს, ერთ დღეს მოახერხებს, რომ ეს ფურცელიც გადაფურცლოს და წინ წავიდეს თავისი ამბიციური მომავლისკენო.
მან იგულისხმა, რომ ჩვენი ქართული პოლიტიკური სპექტრი, როგორც ოპოზიცია, ისე მმართველი გუნდი კაპიკად არ ვარგა, ისინი უნდა წავიდნენ პოლიტიკიდან. პოლიტიკური სტაბილურობის მიღწევა ისევ საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მესამე სექტორის ამარად უნდა მოხდეს. მან თქვა, რომ ყველაზე რაციონალური პოლიტიური ძალა მესამე სექტორი აღმოჩნდა. ეს იყო მესიჯი, რომ მომავალი პოლიტიკური პარტიები და მოძრაობები მესამე სექტორის წარმომდგენლებისგან უნდა დაკომპლექტდეს. მან მესამე სექტორის საქმიანობას მაღალი შეფასება მისცა და როგორც ერთი, ისე მეორე პოლიტიკური მხარე პოლიტიკურად დაასამარა“, – განაცხადა მაისაიამ.

შეგახსენებთ, კრისტიან დანიელსონის მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გუშინ გამართული შეხვედრა კვლავ უშედეგოდ დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები