კრემლი: პუტინი არ დაუშვებს, რომ აშშ რუსეთს ძალის პოზიციიდან ესაუბროს
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ არავინ მისცემს აშშ-ის მთავრობას უფლებას, რუსეთს ძალის პოზიციიდან ესაუბროს, რადგან ეს შეუძლებელია.
ამის შესახებ მან რუსულ მედიასაშუალებასთან ინტერვიუში განაცხადა.
“არ ვისურვებდი ექსტრემალურ სცენარებზე საუბარს. მაგრამ არავინ მისცემს ამერიკას უფლებას, რუსეთს ძალის პოზიციიდან ელაპარაკოს. ეს შეუძლებელია. ამერიკელები ახლა ლოცვასავით იმეორებენ, რომ, თითქოს, ყველასთან ძალის პოზიციიდან ვისაუბრებთო”, – თქვა პესკოვმა.
მისივე თქმით, თავად პუტინი “არ მისცემს უფლებას ამერიკელებს, არც ვინმეს, ასე ესაუბრონ რუსეთს” და ასეთივე პოზიციაა ქვეყნის მინისტრთა კაბინეტში.
“ეს გამორიცხულია”, – დასძინა პესკოვმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ 2020 წლის არჩევნებში ჩარევისთვის პუტინი პასუხს აგებს. შესაბამისი დასკვნა მანამდე აშშ-ის დაზვერვამ დადო. გარდა ამისა, აშშ-ის პირველმა პირმა რუსეთის ლიდერს “მკვლელი” უწოდა.