ეროვნული საგანძურის სამშობლოში დაბრუნება – „არც ერთი ნივთი არ იყო დაკარგული”

მარცხნიდან მარჯვნივ: ზურაბ ავალიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, აკაკი ჩხენკელი

ჟან შარდენის ქართულ-ფრანგული აკადემია საზოგადოებას ცნობილი ქართველი ემიგრანტების შესახებ ბევრ საინტერესო ცნობას აწვდის და მათ ისტორიებს უზიარებს. ცოტა ხნის წინ გვერდმა საქართველოდან ეროვნული საგანძურის გატანის შესახებ გარკვეული დეტალები გამოაქვეყნა, ამჯერად კი, საგანძურის სამშობლოში დაბრუნების შესახებ დაწერა.


ეროვნული საგანძური მარსელში 1921 წლის 11 აპრილს ჩაიტანეს და საქართველოში 1945 წლის 11 აპრილს ჩამოაბრძანეს…

1921 წლის 14 მარტს, ფრანგული კრეისერი „ERNEST RENAN“ კონსტანტინოპოლში შევიდა, მაგრამ ამავე გემით გზის გაგრძელება შეუძლებელი აღმოჩნდა.

კონსტანტინოპოლში ზუსტად 6 დღე დასჭირდა იმის გარკვევას, თუ როგორ გააგრძელებდნენ გზას მარსელამდე. ამ ხნის განმავლობაში, ექვთიმე თაყაიშვილს და დემოკრატიული საქართველოს ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის მოადგილეს- იოსებ ელიგულაშვილს წუთითაც არ მიუტოვებიათ საქართველოს სამუზეუმო განძი და ხაზინის ქონება.

20 მარტს დაიძრა დატვირთული სამხედრო გემი-ჰოსპიტალი (გემზე დაჭრილი მეომრები იმყოფებოდნენ) და 1921 წლის 11 აპრილს ჩაუშვა ღუზა გემმა „BIEN HOA”-მ მარსელის პორტში.

გემის მარსელში შესვლამდე ექვთიმე თაყაიშვილმა სთხოვა გემის კაპიტანს, დახმარებოდა პარიზში მყოფი აკაკი ჩხენკელისთვის საჰაერო ტელეგრამის გაგზავნაში. ექვთიმე თაყაიშვილი აკაკი ჩხენკელს სთხოვდა, მარსელში დაეხვედრებინათ სამხედრო მცველები განძეულობის მარსელის ბანკში გადასატანად.

ამასთან, ექვთიმე თაყაიშვილმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, აკაკი ჩხენკელს (1874-1959) სთხოვა, გამოეგზავნა მარსელში კომისია, რომელიც სამუზეუმო ქონებას „მთავრობის“ (სახაზინო) ქონებისგან გამოყოფდა და შეადგენდა ადგილზე სამთავრობო აქტს.

მარსელის პორტში გემს დახვდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის ერთ-ერთი ავტორი ზურაბ ავალიშვილი (1876-1944), რომელსაც თან ახლდა „სენეგალის პოლკი“, რომელმაც გაძლიერებული დაცვის წესებით გადაიტანა ტვირთი მარსელის ბანკში.

პარიზიდან კიდევ ორი პიროვნება ჩავიდა მარსელში. აკაკი ჩხენკელის ბრძანების თანახმად, მუშაობა დაიწყო სამთავრობო კომისიამ. კომისიის წევრები იყვნენ: ექვთიმე თაყაიშვილი, იოსებ ელიგულაშვილი და აკაკი ჩხენკელის ნდობით აღჭურვილი ორი პიროვნება. ერთი მათგანი იყო დიპლომატი ანდრია დეკანოზიშვილი.

სამთავრობო კომისიამ დაიწყო მუშაობა და ჩაატარა აღწერა. თითქმის ერთთვიანი მუშაობის შემდეგ, სამუზეუმო განძეულობა (ეს მხოლოდ სამუზეუმო ნივთები) მოთავსდა 39 დიდ კონტეინერში და მიაბარეს მარსელის ბანკს.

ექვთიმე თაყაიშვილის ჩანაწერებიდან:

11 მაისს მარსელის ბანკში დატოვებული იქნა 167 ყუთი.

26 მაისს მარსელის ბანკში დატოვებული იქნა შესანახად სამუზეუმო განძეულობა, 39 ყუთი. სხვა ყუთები ზურაბ ავალიშვილმა მიაბარა პარიზის „გარდ-მებეში“

და იქ მან და იოსებ ელიგულაშვილმა მთავრობის ვერცხლეულობა გადაადნეს და გაყიდეს.

ამას რომ მოვრჩით, მე და დეკანოზიშვილი პარიზს გავემგზავრეთ, დანარჩენი ორი კაცი კი მარსელში დარჩა: მათ „მთავრობის“ დავალებით, ლიკვიდაცია უნდა ექნათ სახაზინო ნივთებისა და ვერცხლეულისათვის და კიდევაც უქნეს.

რაც შეეხება ხაზინის 112 ყუთს და მუზეუმების 13 ყუთს, თბილისიდანვე დაბეჭდილი არასამუზეუმო ნივთები მიაბარეს შესანახად Societe Nationale de Demonagement-ს.

როგორც ვიცით, ბათუმიდან 17 მარტს გემით მთავრობის წევრები, პარტიების წარმომადგენლები, სარდლობა, სამხედროები, არისტოკრატთა ოჯახები გაემგზავრნენ კონსტანტინეპოლისკენ, საიდანაც საფრანგეთში ჩავიდნენ.

საქართველოს მთავრობას საფრანგეთში ცხოვრებისთვის და იქ მუშაობის გასაგრძელებლად, ბუნებრივია, ესაჭიროებოდა ფულადი სახსრები. ქართული ფულის მონეტები გადაადნეს (საფრანგეთში სხვანაირად ვერ გამოიყენებდნენ ქართული ფულის ერთეულს) მარსელში იოსებ ელიგულაშვილმა და ზურაბ ავალიშვილმა და გადაცვალეს ფრანგულ ფრანკში (ხაზინის ამ ფულით შეიძინეს 1922 წელს ლევილის მიწა და შატო, რომელიც დღეს საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაა).

ურთულესი დღეები და წლები გამოაირა ექვთიმე თაყაიშვილმა საფრანგეთში, ის მეუღლესთან ერთად (ნინო პოლტორაცკაია 1931 წელს გარდაიცვალა) საფრანგეთში ცხოვრობდა დიდ გაჭირვებაში, მაგრამ ეროვნულ საგანძურს მედგრად იცავდა და საბედნიეროდ, 1945 წლამდე მოაღწევინა, როცა ამ საგანძურის საქართველოში დაბრუნება შეძლო (როგორც ვიცით, ხაზინის ყუთებზე პასუხისმგებელი ნოე ჟორდანიას მთავრობა იყო და არა „მეჭურჭლეთუხუცესი“).

როცა მიხვდა, რომ გერმანიის, ბრიტანეთის, ამერიკის, საფრანგეთის მუზეუმების, კოლექციონერების, სახელმწიფოთა მეთაურებისა თუ საგანძურის ხელში ჩაგდების მსურველთა წინააღმდეგობას ვეღარ გადალახავდა, საქართველოში მყოფ მეცნიერებს, თავის კოლეგებსა და სტუდენტებს დაუკავშირდა და ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად ეროვნული საგანძური სამშობლოში დაბრუნდა.

ექვთიმე თაყაიშვილი:

მთელი ჩვენი ქონება კარგად დაცული და მთლიანი აღმოჩნდა, ერთი ნემსიც არ დაგვკლებია. შევუდექით ნივთების ჩალაგებას ყუთებში, საქართველოში წამოსაღებად. 25 ყუთი გავამზადე, მაგრამ შემდეგ ავად გავხდი და ნივთების ჩალაგება შეწყდა. ამასობაში პარიზს ჩამოვიდნენ საქართველოდან გამოგზავნილი, მათ შორის პროფ. შალვა ამირანაშვილი. იგი თბილისის უნივერსიტეტში ჩემი პროფესორობის დროს სტუდენტი იყო და, რასაკვირველია, კარგად მიცნობდა.

მან მოათავა ჩემი დაწყებული საქმე — განძეულობის ჩალაგება ყუთებში. შემდეგ მოსკოვიდან მოვიდა ორი ამერიკული თვითმფრინავი, რომლებზედაც მოთავსდა მთელი ჩვენი განძეულობა.

ჩვენი ავიამარშრუტი ასეთი იყო: პარიზიდან მარსელში, მარსელიდან — რომში, რომიდან — ბენგაზიში (ჩრდილო აფრიკა), ბენგაზიდან — ქაიროში (ეგვიპტე), ქაიროდან — თეირანში (ირანი), იქიდან კი — თბილისში. პარიზიდან გამოვფრინდით 5 აპრილს და თბილისში ჩამოვფრინდით 11 აპრილს 1945 წლისა.

თბილისში განძეულობის აღწერა დაეკისრა აკად. სიმონ ჯანაშიას, თვით ნივთები კი, მოთავსდა საქართველოს მუზეუმში და სამხატვრო გალერეაში.

კომისიამ, რომელიც შედგებოდა ქართველი აკადემიკოსებისაგან, პროფესორებისაგან და თავმჯდომარეობდა მუზეუმის დირექტორი სიმონ ჯანაშია, შეამოწმა საფრანგეთიდან საქართველოში ჩამოტანილი ყველა ნივთი, შეადარა მათ ხელთ არსებულ სხვადასხვა კატალოგების ჩამონათვალს და დაადგინა, რომ არც ერთი ნივთი არ იყო დაკარგული.

ეროვნული საგანძურის დაცვაზე პასუხისმგებელი ექვთიმე თაყაიშვილი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ აღადგინეს თბილისის უნივერსიტეტში პროფესორად, აირჩიეს აკადემიის წევრად და კითხულობდა საჯარო ლექციებს, სანამ სტალინური რეპრესიების ტალღა არ შეეხო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები