ეკატერინე ტიკარაძე: დეზინფორმაციაა, თითქოს, ღუდუშაურის კლინიკაში ვაქცინაციის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დეზინფორმაციაა, თითქოს, ღუდუშაურის კლინიკაში ვაქცინაციის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა.
„მეც ვნახე, რომ სოციალური სივრცე სავსეა სხვადასხვა ბანერით, სადაც არის გავრცელებული ანტივაქსერული პროპაგანდა, განსაკუთრებით – „ასტრაზენეკას“ მიმართ. ეს ფაქტი გადავამოწმეთ, სხვანაირად ამასთან დაკავშირებით მედიას პასუხს ვერ გავცემდი. ღუდუშაურის საავადმყოფო მათთან მსგავსი პაციენტის არსებობას უარყოფს. შესაბამისად, ეს არის კიდევ ერთი სიცრუე და მტრობა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და, ასევე, დეზინფორმაცია.
ძალიან ვთხოვ ყველა დაინტერესებულ მხარეს, ნუ შეეცდებიან, რომ ანტივაქსერული პროპაგანდითა და დეზინფორმაციით დააშინონ ჩვენი მოქალაქეები, ვინაიდან ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც დღესდღეობით საქართველოში მიმდინარეობს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის. პირიქით, ჩვენ, ყველამ უნდა შევუწყოთ ხელი ამ პროცესის თანმიმდევრულ განვითარებას“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.