„თითოეულ კალათს ისე ვქსოვ, თითქოს პირველია“…

ქსოვა ბავშვობაში ოჯახში ბებიისგან და დედისგან შეუყვარდა. შემდეგ თავადაც დაეუფლა და დღეს უკვე საყვარელი საქმე აქვს. ფეისბუქგვერდზე ჩვილი ბავშვისთვის განკუთვნილი უამრავი ლამაზი კალათი იპყრობს ყურადღებას.
ამბობს, რომ თითოეულ კალათს გულმოდგინედ ქსოვს, ისე, თითქოს პირველი იყოს. კალათები მოსახერხებელი იმით, რომ ყველგან, სადაც არ უნდა წავიდეს დედა, პატარას თავისი მყუდრო ადგილი და გარემო აქვს
ვცდილობთ, სიახლეები შემოვიტანოთ, რომ უფრო მეტად დავაინტერესოთ მნახველიო. ფეისბუქგვერდზე კი არა მხოლოდ თავისი, შვილის ნახელავებიც იქცევს ყურადღებას. – რუსუდან ბერიძის პერსონა.
– ნამდვილად არავის ეგონა, რომ ოდესმე ქსოვა ჩემი საყვარელი საქმიანობა გახდებოდა. ბებიაც და დედაც არაჩვეულებრივად ქსოვდნენ… მე მოგვიანებით დავიწყე, როცა ფეისბუქგვერდზე ვნახე კალათის ვიდეო, იმდენად მომეწონა და ხასიათიც ასეთი მაქვს, რაც მინდა, მალევე ვაკეთებ. მეუღლემ მაშინვე შემაძენინა საჭირო მასალა, არც კი ვიცოდი, როგორ უნდა დამეწყო, მაგრამ ბოლოს მაინც მოვქსოვე.
შემდეგ ნაცნობმა ნახა ჩემი მოქსოვილი და შემომთავაზა თანამშრომლობა, ისეთი ჟინიანი ვარ, ღამეებს ვათენებდი, რომ კალათა მომექსოვა, ავიღე შეკვეთები და დავიწყე ქსოვა.
შემდეგ შეკვეთით მთხოვეს, მომექსოვა, არ შევუშინდი და დიდი მონდომების შემდეგ მოვქსოვე პირველი კალათა. პანდემიის პერიოდი იყო, ჩაკეტილი მაღაზიები, სახლებში ჩაკეტილი ხალხი. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ამდენი მოქსოვილი კალათი მექნებოდა…  ასე ნელ-ნელა, დამოუკიდებლად დაიწყო ჩემი საქმიანობა.
– გაქვთ გვერდი: 
კალათი • Kalati  კალათები ჩვილი ბავშვებისთვის, უთბილესი წარწერებით ეგზავნება მსურველს. რას გწერენ მსურველები? უფრო რომელ კალათას ანიჭებენ უპირატესობას?
– სულ მეუბნებოდნენ, რომ ჩემი გვერდი შემექმნა. ბოლოს ჩემმა გოგომ შემიქმნა გვერდი, სახელზეც ბევრს ვფიქრობდით და, ჩემი გადაწყვეტილებით, დავარქვით „კალათი. kalati“. ინსტაგრამგვერდიც გვაქვს.
მომხმარებლები ძალიან კმაყოფილები არიან, პირველი რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია, ურთიერთობა თითოეულ დამკვეთთან. ძალიან კარგები შემხვდნენ და დღემდე  ბევრ მათგანთან მაქვს ურთიერთობა
მოთხოვნადია უქუდო კალათის მოდელი და ფერი, რომელიც ორივე სქესისთვის იქნება მისაღები, უფრო მოთხოვნადი და აქტუალური სერი ფერია.
რატომაა  ეს კალათები დედებისთვის მოსახერხებელი?
– მოსახერხებელია იმით, რომ დედები სადაც კი წავლენ, ნებისმიერ ადგილას პატარას თავისი მყუდრო ადგილი, გარემო ექნება, რაც აუცილებელია მისი სიმშვიდესთვის. გადაიტან მარტივად და თან უყურებ პატარას, რას აკეთებს, აღარ არის საჭირო დასაფენების წაღება.
– რამდენ ხანს ქსოვთ თითო კალათს?
ქსოვით ერთ დღეშიც მომიქსოვია, როცა საჩქარო შეკვეთაა, ან გვიანობამდე შევყოლილვარ… როცა ძაფიც სასიამოვნო საქსოვია, ხელები  თავისით მიდის… თითოეულს ისე ვქსოვ, თითქოს პირველია.
არასდროს დამავიწყდება, ქუდიან მოდელზე საჩქარო შეკვეთა  მივიღე, რომელსაც სამი დღე მაინც უნდა, თან რომ ოჯახს მიხედო და დაისვენო. ქუთაისში ვაგზავნიდი და ისე დაემთხვა, რომ პატარა სამშობიაროდან გამოჰყავდათ. ერთი სიტყვით, მე და ჩემმა გოგომ დღე-ნახევარში მოვქსოვეთ მთელი კომპლექტი, საგიჟეთი იყო, კურიერი ერთი საათი მელოდებოდა, რომ დამესრულებინა… ეს იყო გამორჩეული ტემპით შესრულებული ნაქსოვი, ისეთი კმაყოფილები და მადლიერები დამრჩნენ…
– თქვენი შვილი ანა  ბაჭიებს და პლედებს ქსოვს…
– ანას უყვარს ხელით შექმნილი ნივთები, სულ რაღაცას აკეთებს, პატარა კალათების ქსოვა ჩემს ყურებაში დაიწყო. მეხმარებოდა, როცა ვიღლებოდი.
შემდეგ პლედები შევთავაზეთ მომხმარებელს, ანას ჩემზე კარგად გამოსდის პლედის ქსოვა, გაუჩნდა თავისი შემოსავალიც. ბაჭიაც თავისით მოქსოვა. ძალიან მომეწონა და თან ინსტიტუტში გადასახადი  გვქონდა შესატანი და თვითონაც უნდოდა წვლილი შეეტანა, ბაჭიებზეც მალე გაჩნდა დიდი მოთხოვნილება.
ზოგადად, ვცდილობთ სიახლეები შემოვიტანოთ, რომ უფრო მეტად დავაინტერესოთ მნახველი.
– როგორ მუშაობს დედა-შვილი?
– ანა ძალიან მეხმარება გვერდის მართვაში, რეკლამებში, ჩვენს ხელნაკეთებს  ვარეკლამებთ და შემოდის შეკვეთები, ხან კიდევ სავაჭრო ცენტრში მიმაქვს მზა კალათები და იქ იყიდება…
– კორონავირუსმა იმედია, ხელი არ შეგიშალათ… როგორ მუშაობდით კარანტინში?
– პირიქით, კორონავირუსის დროს საკმაოდ კარგად ვმუშაობდი, ძაფებს ვყიდულობდი ინტერნეტით, ზოგჯერ მოწოდებაში მეშლებოდა ხელი, მაგრამ მაინც ნაყოფიერი პერიოდი გვქონდა.
სიახლეებზე სულ ვფიქრობ, განსხვავებული რა შეიძლება გაკეთდეს და ხელსაყრელი ფასიც რომ ჰქონდეს და ადამიანმა შეიძინოს.
მე მსურველს ვთავაზობ იმ პროდუქტს, რაც რეალურად ჩვენი მოქსოვილია და არა ინტერნეტის გალამაზებულ ფოტოს, შეკვეთების გამო…
– ოჯახი, მეუღლე…
– მეუღლე რუსლან მაღლაკელიძე ძალიან მეხმარება და ხელს მიწყობს, შეკვეთების მოწოდებაც მეუღლეს ეხება. აქტიურად ჩართულია ჩვენს საქმიანობაში, კალათების დასადგამებს გვიკეთებს რკინის მასალისგან და კალათის ძირებს ვაჭრევინებთ.
პატარა გოგო – ელენე 6 წლის არის, ჩვენს შემხედვარეს სურვილი უჩნდება, მეც მომაქსოვინეთ კალათებიო…

 

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები