“მივესალმებით აშშ-ის სენატში საქართველოს მიმართ გამოხატულ ძლიერ მხარდაჭერას”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, აშშ-ის სენატში მკაფიოდ აღინიშნა, რომ “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში საქართველო დასავლეთის საიმედო მოკავშირე და პარტნიორია.
“მივესალმებით აშშ-ის სენატში საქართველოს მიმართ გამოხატულ ძლიერ მხარდაჭერას. საკომიტეტო მოსმენაზე, რომელიც სენატორ ჯინ შაჰინის ლიდერობით გაიმართა, სათანადოდ შეფასდა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და ყურადღება დაეთმო არსებულ გამოწვევებს. მკაფიოდ აღინიშნა, რომ “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში საქართველო დასავლეთის საიმედო მოკავშირე და პარტნიორია და ქვეყანას პროდასავლური კურსისგან არასდროს გადაუხვევია; აღინიშნა, რომ ეუთო/ოდირ-ის შეფასებით საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა ფუნდამენტური უფლებების დაცვით, კონკურენტულ გარემოში და ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში და ჩაერთოს საპარლამენტო მუშაობაში. მკაფიოდ ითქვა, რომ პარლამენტში არშესვლა და პოლიტიკური პროცესის ბლოკირება პირდაპირ რუსულ ინტერესებს ემსახურება. ერთმნიშვნელოვნად ითქვა, რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა პატივი უნდა სცენ კანონს და კანონის დარღვევა ვერ იქნება მხარდაჭერილი.
რეგიონში გეოპოლიტიკური ცვლილებების, კოვიდ19-ის პანდემიით გამოწვეული პრობლემების და ეკონომიკური სირთულეების ფონზე, საქართველო განაგრძობს რეფორმებს საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით და მათი მხარდაჭერით”, – წერს თალაკვაძე.