გია გაჩეჩილაძე: 9 აპრილს ევროპის მოედანზე ვიკრიბებით, გვსურს, ქართველი ხალხისა და საქართველოს მარადისობის დღე დავაფუძნოთ
გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) 9 აპრილს დაგეგმილ მდუმარე შეკრებასთან დაკავშირებით “ევროპის მოედანზე” ბრიფინგი გამართა და ქართველი ხალხისა და საქართველოს მარადისობის დღის დაფუძნება დააანონსა.
“ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ ვერ ახერხებს ქვეყნისთვის სახიფათო ვითარების განმუხტვას. ვხედავთ, ერთი მხრივ, ძალაუფლებას მოწყურებულ დესტრუქციულ პარტიებს, საკუთარი დამხმარე მედია საშუალებებით და, მეორე მხრივ, „ქართულ ოცნებას“, რომელიც უსუსურობას იჩენს, ვეღარ პასუხობს საზოგადოების დაკვეთას, სათანადოდ ვერ იცავს ეროვნულ ინტერესებს და დაკავებულია ძალაუფლების შენარჩუნებით. სწორედ ამიტომ, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია გაისმას ქართული საზოგადოების ხმა. საჭიროა პოლიტიკოსებს შევახსენოთ, რომ ძალაუფლების ლეგიტიმაციის წყარო ქართველ ხალხშია და არა უცხოეთში, რომელიმე ქვეყანაში ან ორგანიზაციაში. 9 აპრილს, 13:00 საათზე ვიკრიბებით ევროპის მოედანზე. გვსურს დავაფუძნოთ ქართველი ხალხის და საქართველოს მარადისობის დღე. ეს დღე უნდა იქცეს ტრადიციად და საშუალებად, რათა ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში, ხალხმა საკუთარი ნების დაფიქსირება შეძლოს“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.
მისი თქმით, საქართველოს სჭირდება ხელისუფლება, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობას, საზოგადოებრივი ინტერესების დაცვასა და რეალურ პრობლემებზე კონცენტრირებას.