ტფილისური ყომარბაზობის ლექსიკონი – თამაშები და მათთან დაკავშირებული სიტყვები
ძველ თბილისში აზარტული თამაშები საკამო პოპულარობით სარგებლობდა. არსებობდა არაერთი თამაში და არაერთი სიტყვა, რომელიც ყომარბაზობას უკავშირდებოდა. ეს სიტყვები და თამაშები იოსებ გრიშაშვილის „ქალაქურ ლექსიკონშია“ განმარტებული. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:
განჯაფა – სპარსეთიდან შემოტანილი ბანქოს მსგავსი თამაშია. ძვლის ფირფიტებიანი სათამაშო ქაღალდი. ალ. ორბელიანის სიტყვით, „პირველსავე რუსობის დროს საქართველოში განჯაფის თამაშობა გადავარდა და იმის მაგივრად ქაღალდის თამაშობა შემოვიდა“. „ცისკარში“ ვკითხულობთ: „საქართველოში ვიდრე მეფობამდე ირაკლი მეორისა, ნაცვლად სათამაშო ქაღალდებისა, უხმარიათ მათივე მსგავსი ძვლის ფირფიტები, რომელნიცა მხატვრობითა თვისითა წარმოუდგენენ მოთამაშეთა სხვადასხვა მნიშვნელობითა და რომელსაცა ჰსწოდებია „განჯაფა“. ხალხური ლექსი ამბობს: „ნარდი ბედია, ჭადრაკი ჭკუა, ბანქო ცუდია, განჯაფა სტყუა“.
ვარი გავარტყი – ყომარბაზობის დროს ოინის მოხდენა, სიყალბე.
თაფი – სათამაშო ვეგის (ცხვრის კოჭის) ზურგი. ამ კოჭს ოთხი მხარე აქვს: ალჩუ, თოხანი, ჭიკი, თაფი.
თაგვიფიშიგი – „თაგვ-ფისობა“ უნდა იყოს; ძველად ჭადრაკის მზგავსი თამაშობა იყო.
კიკო – სათამაშო ქაღალდის სახელია, ერთი ნიშანი რომ უზის, ამ ნიშანს ტუზსაც უწოდებენ. „კიკოსავით დარჩენილხარ“, ე.ი. მარტო დარჩენილხარ.
ნიშანბაზი – ნიშანში მსროლელი ანუ ჩუბინი. ეს სიტყვა, ასევე, შეიძლება ვიხმაროთ შულერის სინონიმად.
სათამაშო ბანქოები – Черва – თხილი, ლობიო, გული, ქუფა. Бубна – აგური, წკენტი (გურული), თავანი. Пика – ყვავი, მაჩა. Трефа – ჯვარი.
ფათა – იხმარება ორნაირად: 1. ბანქოს თამაშობის დროს, თუ ორივეს რიცხვით თანასწორი ბანქო აქვს, ამბობენ „ფათაო!“. 2. თუ შეუფერებელი ადამიანი შეფერებულ ადამიანთან არის, იტყვიან: „ვაჰ, რა ფათააო, ვითომ რა შესაფერნი და ტოლნი არიანო“, – დაცინვით, რასაკვირველია.
ყოზი – ბანქოს ერთგვარი თამაშობაა, რომელშიც შემდეგი მასტებია: „მასულია“, „იჩარი“, „ოინჯი“ და სხვა.
ყომარბაზი – ყომრის აზარტული მოთამაშე, მებანქოვე. ბაზი – მქნელი (აქედან ჯამბაზი, ქანდირბაზი).
ყომარი / ყუმარი – ოთხი კოჭით ბანქოს აზარტული თამაში (ცხვრის ფეხის კოჭი).
ჩური – კოჭის თამაშობის დროს ვინც ყველაფერს წააგებს, იმას ასესხებენ ხოლმე ერთი-ორ კოჭს, რომ ითამაშოს და გული არ დასწყდეს – ამ სესხს ჰქვიან ჩური.