თბილისის სასტუმრო „ლონდონი“, რომელსაც მთელ კავკასიაში საუკეთესოდ თვლიდნენ
ისტორიული წყაროების თანახმად, პირველი სასტუმროები კლიენტებს ჯერ კიდევ ხამურაბის ბაბილონში, ჩვენ წელთაღრიცხვამდე 1700 წელს ემსახურებოდნენ. სასტუმროების არსებობა დასტურდება ძველ რომსა და საბერძნეთშიც. შუა საუკუნეების ევროპაში სასტუმროების ფუნქციას თავდაპირველად ეკლესია-მონასტრები და ტრაქტირები ითავსებდნენ. როგორც ირკვევა, პირველი სრულფასოვანი სასტუმროების გამოჩენა ჯვაროსნულ ომებს უკავშირდება.
კომერციული ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები მიხვდნენ, რომ აღთქმული ქვეყნებისკენ დაძრულ პილიგრიმთა უზარმაზარ არმიებს და ჯარისკაცებს თავშესაფარი და კვება სჭირდებოდათ. დადასტურებული ფაქტია, რომ პირველი სასტუმროები სწორედ იმ ქალაქებში გაჩნდა, სადაც პილიგრიმებს და ჯარებს უნდა გაევლოთ. მე-18 საუკუნის მიწურულს ევროპას უკვე სასტუმროების საკმაოდ ფართო ქსელი ფარავდა. საქართველოში სასტუმროების ფუნქციას ისევე, როგორც ევროპაში, ეკლესია-მონასტრები და სავაჭრო სახლები, ანუ ქარვასლები ითავსებდნენ. როგორც ისტორიულ წყაროებშია მითითებული, ახლანდელი სიონის ქუჩაზე პირველი ქარვასლა 1650 წელს როსტომ მეფეს აუშენებია და მოგვიანებით ეპისკოპოსს გადასცა.
1818 წელს იმავე ადგილზე ახალი ქარვასლა თბილისელმა ვაჭარმა, გეურქ აღა-არწრუნმა ააშენა. ეს იყო სამსართულიანი შენობა 33 სასტუმრო ოთახით და 25 დუქნით. რაც შეეხება სასტუმროს, როგორც ასეთს, როგოც ირკვევა, პირველი სასტუმრო თბილისში ნაპოლეონის არმიის ყოფილმა ჯარისკაცმა, ვინმე ჟან პოლმა გახსნა. რა გვარი იყო და როგორ მოხვდა ჟან პოლი თბილისში, უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ სასტუმრომ ფუნქციონირება 1818 წელს კალას უბანში, ახლანდელ დიუმას ქუჩაზე დაიწყო. უკვე XIX საუკუნის დასაწყისიდან თბილისში სასტუმროების მთელი ქსელი ვითარდება. ამ პერიოდის სასტუმროებს შორის აღსანიშნავია ზალცმანის სასტუმრო, რომელიც რიყეზე მდებარეობდა. საინტერესო იყო კიდევ ერთი გერმანელის, ვეტცელის სასტუმრო, რომელიც მიხეილის პროსპექტზე აშენდა.
საგულისხმოა, რომ სასტუმროში ფუნქციონირებდა ლიფტი, საბილიარდო, კეგელბანი და ორი რესტორანი. 1875 წელს მადათოვის, ახლანდელი ათონელის ქუჩაზე გაიხსნა სასტუმრო „ლონდონი“. ამ სასტუმროში ცხოვრობდნენ ისეთი ცნობილი პიროვნებები, როგორებიც იყვნენ: რუსი კომპოზიტორი ჩაიკოვსკი (1888 წ), ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი (1892 წ.) და ცნობილი ნორვეგიელი მწერალი კნუტ ჰამსუნი (1899 წ.). თბილისურ სასტუმროებს შორის გამორჩეული ადგილი ეკავა სასტუმრო „მაჯესტიკს“. ცნობილმა თბილისელმა მეცენატმა, მიქაელ არამიანცმა სასტუმროს აშენება თბილისსა და ბაქოში ცნობილ არქიტექტორს, გაბო ტერ-მიქელოვს მიანდო. 1915 წელს გოლოვინის პროსპექტზე აშენდა „მაჯესტიკი“, სადაც ახლა “თბილისი მარიოტი” ფუნქციონირებს. საინტერესოა 1890-იან წლებში თანამედროვე რკინიგზის სადგურის მახლობლად მდებარე სასტუმრო „აბაშის” საგაზეთო რეკლამა, რომელიც გვამცნობს, რომ ოთახების ფასი დღეში 60 კაპიკიდან 1,5 მანეთამდე მერყეობდა.
,,ლონდონი“, ჩვეულებრივ, მოიხსენიებოდა ფრანგული სახელწოდებით – `Hôtel de Londres. იგი წლების მანძილზე თბილისის საუკეთესო სასტუმრო იყო და ცოცხალი კვალი დატოვა ქალაქის ისტორიაში. ეს ფაქტორი დიდწილად განსაზღვრავს შენობის ისტორიულ მნიშვნელობას და ღირებულებას. გზამკვლევები ,,ლონდონს’’ ერთხმად ასახელებდნენ ქალაქის ყველაზე კარგ სასტუმროთა შორის, ხოლო ბევრი სტუმარი საუკეთესოდაც თვლიდა – არამხოლოდ თბილისში და კავკასიაში, არამედ მთელ რუსეთის იმპერიაშიც.