თბილისის მიწათსარგებლობის განვითარების გენერალური გეგმის ერთ-ერთი ავტორის, „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორის, მამუკა სალუქვაძის განცხადებით, მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე ფერდი, სადაც მეწყრული პროცესები გააქტიურდა, მნიშვნელოვანი რისკის მქონე გეოდინამიური პროცესების არეალში შედის. მისი განმარტებით, ამ კონკრეტულ ლოკაციასთან ერთად, თბილისის გენგეგმაში სხვა არაერთი მსგავსი ტერიტორიაა დაფიქსირებული, რომლებსაც განსაკუთრებული ყურადღება და ფრთხილი მიდგომა სჭირდება.
„მსგავსი რამ თბილისის ბევრ სხვა ტერიტორიაზე შეიძლება მოხდეს და ეს შესაძლოა სულაც არ იყოს გამოწვეული მშენებლობებისა თუ სხვა სახის ანთროპოგენული ჩარევის შედეგად. დედაქალაქის რელიეფი და მისი მორფოლოგია რომ რთულია, ამაზე ბევრი ნაშრომი დაწერილა და შესაბამისი კვლევებიც ჩატარებულა. ამდენად, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, როდესაც მშენებლობებთან დაკავშირებით საინჟინრო-გეოლოგიური, ჰიდროლოგიური და სხვ. სახის დასკვნები ან ნებართვები გაიცემა. უხარისხოდ და ზედაპირულად ჩატარებულმა საინჟინრო-გეოლოგიურმა კვლევებმა შეიძლება სავალალო შედეგები გამოიწვიოს და ადამიანური მსხვერპლი მოჰყვეს. ამიტომაა საჭირო, რომ ყველა კვლევა ამგვარ საფრთხის შემცველ ტერიტორიებზე სიღრმისეულად და მაღლაკვალიფიციურად იყოს ჩატარებული.
ამგვარი ხიფათის შემცველი ტერიტორიები გენგეგმაში მონიშნულია და შესაბამისი რუკის სახით არის წარმოდგენილი. ბუნებრივია, რომ სპეციალისტებმა ძალიან კარგად იციან, თუ რომელია თბილისში მეწყერსაშიში ზონები ან სეისმურად ნაკლებად მედეგი. საშიში გეოდინამიური პროცესების მიხედვით თბილისის დარაიონების რუკაზე, რომელიც თბილისის გენგეგმის ჯგუფმა შევიმუშავეთ, გეოსაშიშროებების მიხედვით 3 სახის ტერიტორიებია გამოყოფილი: მაღალი, საშუალო და დაბალი რისკის შემცველი. ეს კონკრეტული ლოკაცია, მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ, საშუალო და მაღალი რისკის ტერიტორიებში მოხვდა.“ – აცხადებს მამუკა სალუქვაძე და აღნიშნავს, რომ თბილისის საერთო ფართობიდან, რომელიც 36 ათას ჰექტარს შეადგენს, 14 ათასი ჰექტარი სწორედ ამგვარი რისკფაქტორების შემცველი ტერიტორიებია, რომლებიც, პოტენციური საშიშროებიდან გამომდინარე, ან არ გამოდგება სამშენებლოდ, ან მშენებლობის ნებართვის გაცემამდე განსაკუთრებულ დაკვირვებას და დეტალურ კვლევას მოითხოვს.
„სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორს მიაჩნია, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პირველ რიგში, უნდა გადაწყდეს, რა ღონისძიებებით მოხდება იმ საფრთხის არიდება, რომელიც მიწის დიდი მასის მოწყვეტამ და გადაადგილებამ შეიძლება გამოიწვიოს და მხოლოდ ამის შემდგომ უნდა მოხდეს მისი გამომწვევი მიზეზების სიღრმისეული ანალიზი.
„ახლა მთავარია, დამნაშავის ძიება კი არ დავიწყოთ, არამედ მოვიფიქროთ, რა ხერხებითაა შესაძლებელი ამ დიდი მასის გადაადგილების თავიდან აცილება. ამის შემდეგ აუცილებლად იქნება იმის დროც, რომ გაირკვეს, რამ გამოიწვია ეს ყველაფერი და ვისი გამოისობით მოხდა. ისტერიკისა და პანიკის დრო არ არის. ყველაფერს ძალიან ცივი გონებით უნდა შევხედოთ.“ – აცხადებს მამუკა სალუქვაძე.