სიცივე, შიმშილი და კანიბალიზმი „სიკვდილის კუნძულზე“ – საბჭოთა კავშირი, 1930-იანი წლები

ნაზინოს ტრაგედია ერთ-ერთი ყველაზე საშინელი მოვლენაა საბჭოთა კავშირის ისტორიაში. 6 ათასი ადამიანი გაგზავნეს ციმბირში და დატოვეს კუნძულზე, სადაც არ იყო საცხოვრებელი, საკვები და არც საჭირო ხელსაწყოები. გადასახლებულები შიმშილობდნენ, ავადდებოდნენ, შემდეგ კი, მკვლელობები და კანიბალიზმი დაიწყო…

როგორ და რატომ აგზავნიდნენ ადამიანებს „სიკვდილის კუნძულზე“?

1930-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირში საპასპორტო სისტემა აღადგინეს, რომელიც რევოლუციის შემდეგ გაუქმებული იყო. თითქმის, მალევე დაიწყო ხალხის მასობრივი დაპატიმრება: პოლიცია ათასობით უსაბუთო ადამიანს აკავებდა ქუჩაში და სავაჭრო მატარებლით მათ ციმბირში აგზავნიდა. ასე ხორციელდებოდა ციმბირის დასახლების გეგმა, რომელიც „ГПУ“-ს ხელმძღვანელმა, ჰენრიხ იაგოდამ მოიფიქრა,  სტალინმა კი, მწვანე შუქი აუნთო. მათი გეგმის თანახმად, ციმბირის მოსახლეობა 5 წლის თავზე რამდენიმე მილიონით უნდა გაზრდილიყო.

ამ ტაქტიკის მსხვერპლი ბევრი სხვადასხვა ადამიანი გახდა. ციმბირის სოფელ ნაზინოს მცხოვრები ფეოფილა ბილინა, რომლის ქოხშიც იყრიდა თავს ყველა გაციმბირებული, იხსენებს, როგორ ჰკითხა ერთ-ერთ ახალგაზრდა ბიჭს, თუ როგორ მოხვდა იქ.

„მოსკოვში სტუდენტი ვიყავი. დასვენების დღეს მოსკოველ დეიდასთან წავედი სტუმრად. მივედი მის კარამდე, დავაკაკუნე, მაგრამ დეიდამ კარის გაღება ვერ მოასწრო. დამიჭირეს. დამაკავეს როგორც პირი, რომელსაც თან არ ჰქონდა პასპორტი“,- უპასუხა მან.

ასეთი ბევრი ისტორია იყო. მოსკოველი მძღოლი ვლადიმერი მანქანიდან სიგარეტის საყიდლად გადმოვიდა, საბუთების გარეშე. მურმანსკელი მარია მოსკოვში მეუღლისთვის ტანსაცმლის საყიდლად ჩავიდა და ისიც დააკავეს. დამწყები დალაქი გრიგორი დააკავეს, როდესაც მოსკოვში სამკურნალოდ მიემგზავრებოდა. ნაზინსკის კუნძულზე ტომსკის პროკურორის ორი ვაჟიც კი მოხვდა, მაგრამ მათ გაუმართლათ: მამამ ბიჭები იპოვა და სახლში წაიყვანა.

ტაიგაში მხოლოდ შემთხვევით შემხვედრებს როდი აგზავნიდნენ: საპასპორტო რეჟიმის დამრღვევებთან ერთად, იქ ნამდვილ დამნაშავეებსაც უშვებდნენ. როდესაც კუნძულზე გადარჩენისთვის ბრძოლა დაიწყო, ბუნებრივია, ამ ფაქტორმა თავისი როლი შეასრულა.

იქ ჩამოსახლებულებს არავინ ელოდა. როდესაც სოფელ ალექსანდროვსკში მიიღეს განკარგულების ტელეგრამა, რომელიც იუწყებოდა ხალხის ჩამოსახლების შესახებ, ჩინოვნიკმა პასუხი გააგზავნა, რომ ხალხის მიღებას ვერ შეძლებდნენ, მათთვის არც საცხოვრებელი არსებობდა და არც საკვები. ნოვოსიბირსკიდან პასუხი მოკლე იყო:

„სამი ათასი ადამიანია თქვენს განკარგულებაში. ერთი კვირის შემდეგ გამოვგზავნით კიდევ სამს“.

ალექსანდროვსკში თათბირის შემდეგ გადაწყვიტეს, ხალხი პატარა კუნძულზე გაეგზავნათ.

კუნძულამდე ყველა მგზავრმა ვერ მიაღწია: სიკვდილი ჯერ კიდევ სატვირთო გემზე დაიწყო… ადგილი და საკვები საკმარისი არ აღმოჩნდა, რეციდივისტები სცემდნენ რიგით მოქალაქეებს და მათ პროდუქტებს ართმევდნენ. ხმელეთზე ჩამოსვლისას, დაახლოებთ, 40 გვამი გადმოზიდეს და ერთ ორმოში მოათავსეს, თუმცა სანამ ორმოში ამოჰყოფდა თავს, მზის სხივების წყალობით, ამ 40-დან 8 ადამიანი მოსულიერდა. დანარჩენების ბედი, ცხადია, გასაგებია…

ხალხი კუნძულზე იმ ტანსაცმლითვე მოხვდა, რაც დაკავებისას ეცვათ: ზოგი გაზაფხულის სამოსში იყო გამოწყობილი, ზოგიც კი, საერთოდ, ფეხშიშველი. ჩამოსვლის მომდევნო დღიდან აცივდა, მაგრამ არავითარი თავშესაფარი არ არსებობდა. მხოლოდ სამი კარავი დაავადებულებისთვის და კიდევ ერთი საკვების დასარიგებლად. მშიერი და გამოფიტული ჩამოსახლებულები კუნძულზე დადიოდნენ ან ცეცხლს ანთებდნენ ხოლმე. ზოგი ჩაძინებული ცეცხლში ვარდებოდა და შემდეგ დამწვრობისაგან კვდებოდა.

ყველაზე საშინელი ის იყო, რომ მათთვის საკვები თავიდან არავის მიუტანია. ეს მხოლოდ მეოთხე ან მეხუთე დღეს მოხდა, მანამდე კი, ხალხი იმით იკვებებოდა, რასაც კუნძულზე პოულობდა.

ფქვილის მიღების შემდეგ მათ საკვების მომზადება დაიწყეს, მაგრამ არ ჰქონდათ ჭურჭელი. ზოგმა პირდაპირ მშრალი ფქვილის ჭამა დაიწყო. ვინც ასე მოიქცა, გაიგუდა და ფქვილის ჭამისგან დაიღუპა.

პირველ დღეს საკვების გამცემ პუნქტთან შეხლა-შემოხლა ატყდა და დარაჯებმა პატიმრებს ცეცხლი გაუხსნეს. მოგვიანებით, სისტემა შეიცვალა: ადამიანები ჯგუფებად დაჰყვეს და თითო ჯგუფს 1 „უფროსი“ დაუნიშნეს, რომელსაც საკვებიდან მისი ჯგუფის საერთო წილს აძლევდნენ. ცხადია, ის ყველა მათგანის საჭმელს თავად ჭამდა.

კუნძულზე ჩასახლებული ნამდვილი კრიმინალები გაერთიანდნენ და დანარჩენებზე ნადირობა დაიწყეს: ართმევდნენ ტანსაცმელს, აძრობდნენ ოქროს კბილებს… ერთი კბილისთვის დარაჯები ასანთის კოლოფს იძლეოდნენ ან გაზეთს თამბაქოს შესახვევად, ორი კბილში ან ახალ პალტოში – ერთ ყუთ თამბაქოს ან ნახევარ პურს.

მალე დაიწყო კანიბალიზმი: თავიდან იშვიათად, შემდეგ კი, უფრო მოხშირდა.

შენახული საუბრის ჩანაწერი ერთ-ერთ კანიბალთან, რომელსაც ფაქტზე წაასწრეს:

-თქვენ მართლა ჭამდით ადამიანის ხორცს?

– არა, ეს სიცრუეა. მე მხოლოდ ღვიძლს და გულს ვჭამდი.

-მოყევით, როგორ აკეთებდით ამას.

– ძალიან მარტივად. ისე, როგორც მწვადს ჭამ.

ტოტებისგან შამფურებს აკეთებდა, ადამიანის ნაწილებს ნაჭრებად ანაწევრებდა, შამფურებზე აგებდა და ცეცხლზე წვავდა. 

-რომელი ადამიანებისგან იღებდით ხორცს? ცოცხლებისგან თუ მკვდრებისგან?

მკვდრებისგან რატომ? ეს ხომ უკვე ლეშია. მე ისეთებს ვირჩევდი, რომლებიც უკვე ცოცხლები არ იყვნენ, მაგრამ არც მკვდრები. ხომ ჩანს, რომ ერთ-ორ დღეში უკვე მოკვდება. ასე ხომ სიკვდილიც გაუმარტივდებოდა

​ფეოფილა ბილინა სოფელ ნაზინოდან იხსენებდა, რომ შეხვდა კუნძულზე მცხოვრებ ქალს, რომელსაც კანჭები მოაჭრეს და შეჭამეს. 40 წლის ქალი გამოიყურებოდა, როგორც ძალიან მოხუცი… ის ფეხებს იხვევდა ტილოებით, ვინაიდან სულ უცივდებოდა. კიდევ ერთი ისტორიის თანახმად, ქალი, რომელსაც მკერდი მოაჭრეს, ჭკუიდან შეიშალა.

ზოგადად, ქალები ხშირად ხდებოდნენ კანიბალიზმის მსხვერპლნი. ერთ-ერთი გაციმბირებულის შვილობილი, ვერა პანოვა, მამის მონაყოლს იხსენებდა: ბანაკში მიწას თხრიდნენ და იქ ქალებსა და ბავშვებს მალავდნენ. თხრილებიდან მათი გამოსვლა სახიფათო იყო. ქალებს მკერდს აჭრიდნენ, ხოლო მოზარდებსა და ჩვილებს შესაჭმელად იტაცებდნენ.

სიცივე, შიმშილი, ავადმყოფობა… სიკვდილიანობა კუნძულზე მხოლოდ იზრდებოდა და გვამების დამარხვასაც ვერ ასწრებდნენ. დაიწყო დიზენტერიის ეპიდემია. ამის შემდეგ ძლიერების და ჯანმრთელების ევაკუაცია დაიწყეს: აჰყავდათ გემზე, მიჰყავდათ 100 კილომეტრის მოშორებით და ტაიგაში ტოვებდნენ.

პირველი ჩამოსახლებულები კუნძულზე მაისში ჩავიდნენ. აგვისტოში ევაკუაცია დასრულდა. ყველაზე ოპტიმისტური გამოთვლების თანახმად, 6 ათასი ადამიანისგან იქ 2200 ადამიანი გადარჩა. ნაზინოს ტრაგედია უცნობი დარჩებოდა, რომ არა ნარიმსკის პარტიის კომიტეტის ინსტრუქტორი, ვასილი ველიჩკო.

1933 წლის ივლისში მან ბანაკის ათობით ორგანიზატორი გამოკითხა, ასევე ჩაიწერა სოფლის მოსახლების დაკითხვებიც. საკუთარი ანგარიში ველიჩკომ სამ მისამართზე გაგზავნა, მათ შორის, ერთი მოსკოვში, სტალინთან. დაწყებულმა გამოძიებამ ბევრი ფაქტი დაადასტურა, რაც წერილში იყო მითითებული, რის შემდეგაც ყველა მასალა დაილუქა და საიდუმლო გახდა.

ნაზინოს მოსახლეობა დღემდე ინახავს ხსოვნას ტრაგედიის შესახებ. სოფელში, შემოწირულობებით, უდანაშაულო მსხვერპლების სახელზე, ეკლესია ააგეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები