იძულებითი სააღსრულებო წარმოება პანდემიის პერიოდში – ინტერვიუ იოსებ ბაღათურიასთან

აღსრულების ეროვნული ბიურო სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებისა და ფინანსური ვალდებულებების თანმდევი ნეგატიური მოვლენების აღმოფხვრის კუთხით, მნიშვნელოვან სახელმწიფო უწყებას წარმოადგენს. ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, სამწუხაროდ, მზარდია მოვალეთა რეესტრში რიცხული ადამიანების რაოდენობა. რა მდგომარეობაა ქვეყანაში დარღვეული საკუთრების უფლების აღდგენასა და ფინანსური ვალდებულებების შესრულების მხრივ, ,,კვირა“ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს, ბატონ იოსებ ბაღათურიას ესაუბრა.

  • ბატონო იოსებ, აღსრულების სფეროს მიმართულებით, ყველაზე აქტუალური თემა დღეს, შეჩერებული იძულებითი გამოსახლებებია. ერთის მხრივ, ეს არის დრო მოვალეებისთვის, გამოასწორონ მათთვის არსებული მძიმე სიტუაცია, თუმცა არის მეორე მხარეც, კრედიტორები, რომლებიც მოითხოვენ დარღვეული უფლების აღდგენას და გამოსახლებების პროცესის აღდგენას.
  • დიახ, სწორად აღნიშნეთ. აღსრულების ეროვნული ბიურო არ არის ჰუმანიტარული უწყება და ჩვენთვის კრედიტორის მოთხოვნა, რომელსაც ხელში უჭირავს სასამართლოს გადაწყვეტილება, არის უპირატესი. თუმცა, აღსრულებაც ვერ იქნება განყენებული პროცესი იმ მთლიანობაში, რაც ქვეყანაშია. პანდემია დღეს უდიდესი გამოწვევაა და ჩვენ გვაქვს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა, ხელი არ შევუწყოთ მის გავრცელებას. გამოსახლება, მოგეხსენებათ, არ არის მარტივი პროცესი. უმეტეს შემთხვევაში, იძულებით გამოსახლებას თან ახლავს საკმაოდ ბევრი ადამიანის შეკრება. სწორედ, ამ ხალხმრავლობის თავიდან აცილება არის პირველი მიზეზი, რის გამოც, დღეს გამოსახლების პროცესი შეჩერებულია. თუმცა, ბუნებრივია, ეს დიდხანს ასე არ გაგრძელდება და ბიურო მალე დაიწყებს თავისი ვალდებულების შესრულებას და კრედიტორებიც აღიდგენენ დარღვეულ უფლებას.
  • თუმცა, როგორც ვიცით, ამავდროულად, გამოსახლების კატეგორიის საქმეების წარმოებაში მიღება არ არის შეჩერებული.
  • პროცესი ჩვენ საერთოდ არ შეგვიჩერებია. არა თუ საქმეების მიღების, არამედ არც დასრულების. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, აღსრულების პოლიციამ გამოსახლების კატეგორიის რამდენიმე ათეული საქმე დაასრულა. ანუ, ჩვენ არ ვახდენთ იძულებითი გამოსახლების პროცესის განხორციელებას, თუმცა ვაგზავნით გაფრთხილებას, ვახდენთ მხარეებთან ინტენსიურ კომუნიკაციას, საქმეში ერთვება მხარეთა ინტერესების დაცვის მენეჯერი, სოციალური მუშაკი და ვმუშაობთ ყველანი იმისთვის, რომ საქმე მორიგებით და ნებაყოფლობით დასრულდეს. თუმცა, ბუნებრივია, გვაქვს ისეთი საქმეებიც, სადაც სამწუხაროდ, ვერ ვახდენთ მორიგებას და სწორედ ასეთი საქმეების აღსრულება დაიწყება, როგორც კი იძულებითი გამოსახლების პროცესი აღდგება.
  • კიდევ ერთი კითხვა გამოსახლებასთან დაკავშირებით, რა პროცესს გადიან მხარეები, სანამ მოვალის იძულებით სახლიდან გამოყვანა განხორციელდება?
  • 2013 წლიდან, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დანერგა საქმეებში სოციალური მიდგომა. შევქმენით მხარეთა ინტერესების დაცვის სამსახური, რომლის პირდაპირი ფუნქციაა, მხარეებს შორის მედიაციის განხორციელება. ასევე, საქმეში ერთვება სოციალური მუშაკი, რომელიც იკვლევს მოვალის სოციალურ მდგომარეობას და მაქსიმალურად ერთვება პროცესში, რომ მოვალემ მიიღოს და ისარგებლოს ყველა სახელმწიფო სერვისით, რაც მას მისცემს საშუალებას, გამოსახლება მისთვის ნაკლებად მტკივნეულად დასრულდეს. ვგულისხმობ შუამდგომლობას ჯანდაცვის სამინისტროსთან, მერიასთან, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან და სხვა… რომელთაც ხელეწიფებათ, ამ მოვალეებისთვის რაიმე ტიპის დახმარების აღმოჩენა.
  • რაც შეეხება ზოგადად სააღსრულებო წარმოებას, როგორ ხდება დღეს ამ მომსახურების მიღება?
  • 2020 წლის მარტიდან, როგორც კი ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელება მოხდა, აღსრულების ეროვნული ბიურო სრულად გადავიდა მუშაობის დისტანციურ და ელექტრონულ ფორმაზე. ამისთვის ჩვენ ბევრი პროცესი გავამარტივეთ. თუმცა, ბუნებრივია, ეს არ აისახება სამართლებრივ ნაწილზე. ჩვენთან სააღსრულებო წარმოებას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტაცია, რომელიც სრულად უნდა იყოს წესრიგში. გავამარტივეთ საქმის მიღების პროცესი. დღეს მოქალაქეს საერთოდ არ სჭირდება ბიუროში მოსვლა. მას შეუძლია ელექტრონული ფოსტის info@nbe.gov.ge ან ვებ-პორტალის my.gov.ge საშუალებით გამოგვიგზავნოს დოკუმენტაცია და ჩვენ დავიწყებთ წარმოებას. ასევე, გავაძლიერეთ სატელეფონო კონსულტაცია და მიუხედავად ზარების დიდი რაოდენობისა, ჩვენ მაქსიმალურად შევამცირეთ მოლოდინის რეჟიმი და კიდევ უფრო გავაუმჯობესეთ კონსულტაციის ხარისხი. ასევე, კონსულტაციის მიღება შესაძლებელია სოციალური ქსელის და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. ამავდროულად, ბიუროს აქვს საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამა nbof.reestri.ge, სადაც მხარეებს შეუძლიათ უნიკალური კოდის გამოყენებით, რომელიც მათ გადაეცემათ საქმისწარმოების დაწყებისას, თვალყური ადევნონ მთლიანად პროცესს. ყველა აქტივობას, რომელსაც აღმასრულებელი ახორციელებს ყოველდღიურად, მხარეები ხედავენ ელექტრონულად.
  • რაც შეეხება ახალ კოდექს, პარლამენტმა უკვე დაიწყო აღსრულების ახალი კოდექსის განხილვა. კოდექსის დამტკიცების შემთხვევაში, რა იცვლება სააღსრულებო სისტემაში?
  • აღსრულების ახალი კოდექსი, რომლის ინიციატორები არიან იუსტიციის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი და მისი ყოფილი მოადგილე, მიხეილ სარჯველაძე, სრულად ცვლის სააღსრულებო სისტემას. იქმნება აღმასრულებელთა პალატა და ყველა აღმასრულებელი მას დაექვემდებარება, თუმცა ისინი დამოუკიდებლად იფუნქციონირებენ. პირველ ეტაპზე, საქმეებს პალატა ელექტრონული წესით გადაანაწილებს აღმასრულებლებზე, მოგვიანებით კი, მათ მიეცემათ უფლება, პირდაპირ კრედიტორისგან მიიღონ საქმეები ტერიტორიული შეზღუდვის პრინციპის გარეშე. აღსრულების ეროვნული ბიურო შეინარჩუნებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსს. ის კვლავ განაგრძობს სხვადასხვა სააღსრულებო სერვისების გაცემას, როგორიცაა: გამარტივებული საქმისწარმოება, ფაქტების კონსტატაცია, ელექტრონული აუქციონი, გამოსახლების კატეგორიის საქმეების აღსრულება, მედიაცია და სხვა. ასევე, აღსრულების ეროვნულ ბიუროსაც ეყოლება აღმასრულებელი, რომელსაც ინსპექტორი ეწოდება და ის წარმართავს მხოლოდ შემდეგი ტიპის საქმეების აღსრულებას: სახელმწიფო ბიუჯეტის საწინააღმდეგოდ წარმოებული საქმეები; კანონმდებლობის შესაბამისად, საიდუმლოების გრიფის მქონე საქმეები; სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული გირაოს და განრიდების ფარგლებში არსებული თანხის განკარგვა;

ვფიქრობთ, რომ ახალი კოდექსის ამოქმედებით, ქვეყანაში თანამედროვე ტიპის, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სააღსრულებო სისტემა ჩამოყალიბდება, რომელიც კიდევ უფრო ეფექტურს გახდის სააღსრულებო წარმოებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები