საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორისა და ეკატერინე ტიკარაძის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორისა და დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საპატრიარქოს ცნობით, ილია მეორე ეკატერინე ტიკარაძეს სინოდის წევრებთან ერთად შეხვდა.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიის დეტალურად ინფორმირება იმ პროცესების შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს ქვეყანაში ეპიდვითარება, როგორ არის დაგეგმილი ვაქცინაციის პროცესი, რას მოიცავს ვაქცინაცია, რა რისკები და დადებითი შედეგები შეიძლება, მოჰყვეს მას მოქალაქეებისთვის.

„შეხვედრაზე ეკლესიის მხრიდან კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ გამოხატა თავისი პოზიცია წმინდა სინოდის 2021 წლის 11 მარტის განჩინებით და გულისხმობს, რომ აღნიშნული პროცესი უნდა იყოს ნებაყოფლობითი ჩვენი მოქალაქისათვის.

ამასთან, ეკლესია არ ჩაერთვება ვაქცინაციის აქტიურ პროპაგანდაში, თუმცა მიესალმება სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერ გონივრულ გადაწყვეტილებას, რომელიც განხორციელდება მოსახლეობის ჯანმრთელობის უსაფრთხოებისათვის“,- აღნიშნულია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციაში.

როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, მინისტრმა დაადასტურა და გარკვევით აღნიშნა, რომ ეთანხმება ეკლესიის პოზიციას ვაქცინაციის ნებაყოფლობით, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე მიმდინარეობის შესახებ.

მან ასევე დეტალურად ისაუბრა ნიღბის ტარების თაობაზე.

„მნიშვნელოვანია, მოქალაქეებს კიდევ ერთხელ ერთობლივად მოვუწოდოთ, თუ რამდენად დადებითი შედეგების მომტანია სოციალური დისტანციის დაცვა და ნიღბის ტარება. შეხვედრაზე აღინიშნა ასევე ის ფაქტი, რომ ვაქცინაციის პროცესი არის ნებაყოფლობითი, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი საშუალება, რათა, საბოლოო ჯამში, როგორც საქართველომ, ასევე მსოფლიომ, შეძლოს და დაძლიოს ის დიდი გამოწვევა, რომლის წინაშეც დღეს ვდგავართ“,- განაცხადა ტიკარაძემ.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ აუცილებელია, საპატრიარქოს ჰქონდეს დეტალური ინფორმაცია, თუ რა საფუძვლებს ემყარება ჯანდაცვის უწყება ამა თუ იმ ვაქცინის შერჩევასთან დაკავშირებით. იმის გათვალისწინებით, რომ ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ ჯერჯერობით შეაჩერა ვაქცინაცია, რამდენად უსაფრთხოა ამჟამად შემოტანილი პრეპარატი მოსახლეობისთვის, რა ტექნოლოგიებს ემყარება ვაქცინა და შეიძლება თუ არა ის იყოს ერთადერთი გამოსავალი კოვიდპანდემიის შედეგად გამოწვეული გლობალური პრობლემების დასაძლევად.

საუბრისას მინისტრმა ასევე ბრძანა, რომ ცოტა ხანში ქვეყანაში შემოიტანენ სხვადასხვა ვაქცინას და მოქალაქეებს ექნებათ პრეპარატის თავისუფლად არჩევის საშუალება.

„პატრიარქის განწყობა ცალსახად არის ის, რომ იგი, როგორც ჩვენ, მომხრეა, ვაქცინაცია იყოს ნებაყოფლობითი, არ იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის არანაირი დაძალება და იძულება. მნიშვნელოვანია, მოქალაქეების მაქსიმალური ინფორმირება ვაქცინის უსაფრთხოებისა და სარგებლიანობასთან დაკავშირებით. სწორედ ამ საკითხებზე ვიმსჯელეთ დღეს საპატრიარქოში“, – აღნიშნა მინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები