გიორგი ტყემალაძე ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს დაესწრო
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს წევრებთან ერთად, მირზა ფათალი ახუნდზადეს სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმში იმყოფებოდა და აზერბაიჯანელ ხალხს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა.
საკრებულოს ინფორმაციით, გიორგი ტყემალაძემ მუზეუმში მიწვეულ ხალხს სიტყვით მიმართა და ქართველებისა და აზერბაიჯანელების მრავალწლიანი, მეგობრული თანაცხოვრების შესახებ ისაუბრა.
„დიდი პატივისცემით, ვულოცავ აზერბაიჯანელ ხალხს ამ დიდ დღესასწაულს, რომელიც განახლებასთან, ახალი წლის, გაზაფხულის შემობრძანებასთან ასოცირდება. თბილისში განსხვავებული ეროვნებისა და მრწამსის მოქალაქეთა თანაცხოვრების მრავალსაუკუნოვანი ისტორია გვაქვს. უკვე მრავალი წელია ამ დღეს ჩვენ და თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანელები ერთად აღვნიშნავთ. მეამაყება, რომ თბილისი არის ქალაქი, სადაც სხვადასხვა ეროვნების თუ რელიგიის წარმომადგენლები ერთად, მშვიდობიანად თანაცხოვრობენ. კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს მუსლიმ ძმებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს“ – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.
ნოვრუზ ბაირამისადმი მიძღვნილ ღონისძიებას მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმში აღმასრულებელი, საკანონმდებლო და დედაქალაქის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.