ამირან გამყრელიძე: ყველას გთხოვთ, გავერთიანდეთ ამ სლოგანის ირგვლივ – „ავცრათ და დავიცვათ ადამიანების სიცოცხლე“

“კორონავირუსს დაასრულებს მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინაცია. ყველას გთხოვთ გავერთიანდეთ ამ სლოგანის ირგვლივ – „ავცრათ და დავიცვათ ადამიანების სიცოცხლე“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„ვაქცინაციაზე გადის სწორედ კოვიდეპიდემიის დამარცხების მთავარი გზა, თუმცა, რა თქმა უნდა, ვაქცინასთან ერთად ჩვენ დიდხანს დაგვჭირდება პირბადე, დისტანცია, ხელების დაბანა, სანიტარიზაცია და უარის თქმა დიდ შეკრებებზე ნებისმიერი მიზეზით, იქნება ეს სასიხარულო თუ სამწუხარო.
ჩვენ რომ ქვეყანაში კოლექტიური იმუნიტეტი ჩამოვაყალიბოთ, დაახლოებით, უნდა ავცრათ მოზრდილი მოსახლეობის მინიმუმ 60%, რადგან არცერთი ვაქცინა არ გამოიყენება ჯერ ბავშვთა ასაკში, 18 წლამდე. ერთი გამონაკლისია, რომელიც გამოიყენება 16 წლიდან, დანარჩენი არის 18 წლის ზემოთ. აქედან გამომდინარე, იცრება მხოლოდ მოზრდილი მოსახლეობა. ჯერჯერობით, არ არის კლინიკური კვლევები ბავშვებსა და ორსულებში ამიტომ ამ ორ ჯგუფზე თავს ვიკავებთ აცრებისგან“, – განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძემ განმარტა, რა შემთხვევაში დაუბრუნდება ქვეყანა ნორმალურ რიტმს.

„მოზრდილი მოსახლეობა საქართველოში არის დაახლოებით 3,8 მილიონი და მისი 60% არის დაახლოებით 1 700 000 ადამიანი. თუ ჩვენ წელს ეს რაოდენობა ავცერით, გარანტიას გაძლევთ იმისას, რომ სერიოზულად ვიტყვით, რომ ეპიდემიას ქვეყანაში დავამარცხებთ და ქვეყანა თანდათანობით დაუბრუნდება ცხოვრების ნორმალურ რიტმს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები