თამარ გაბუნია: ვაქცინაციის პროცესი გრძელდება – სერიოზული გვერდითი მოვლენა არ დაფიქსირებულა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში ორი დღის განმავლობაში ჩატარებულ ვაქცინაციას სერიოზული გვერდითი მოვლენები არ მოჰყოლია.
მისივე თქმით, უწყება ვაქცინაციის პროცესს აკვირდება, რათა ის არ შეფერხდეს და უსაფრთხოდ გაგრძელდეს.
“დღეს მეორე დღეა, რაც AstraZeneca-ს ვაქცინით ვაქცინაცია გრძელდება. 4 000-ზე მეტი სამედიცინო პერსონალია რეგისტრირებული იმისთვის, რომ ვაქცინაცია ჩაიტაროს. გუშინ, დღის ბოლომდე 727 ადამიანი იყო აცრილი.
დღეს ვაქცინაციის პროცესი გრძელდება, სამინისტროს თანამშრომლებმაც ჩაიტარეს აცრა. ჩვენ თვალს ვადევნებთ, რომ პროცესი არ შეფერხდეს და გაგრძელდეს უსაფრთხოდ. გარკვეული გვერდითი მოვლენები გამოიკვეთა, მცირე ტემპერატურის მომატება, ზოგიერთ შემთხვევაში შეუძლოდ ყოფნა, თუმცა, სერიოზული გვერდითი მოვლენა არ დაფიქსირებულა. ეს არის სტანდარტული ფარმაკოზედამხედველური პრაქტიკა, როდესაც მედიკამენტთან მიმართებით ფიქსირდება რაიმე სერიოზული გვერდითი მოვლენა, ამ შემთხვევაში, მარეგულირებელი ვალდებულია შეაჩეროს მედიკამენტის მოხმარება, ვიდრე არ დადგინდება მიზეზშედეგობრივი კავშირი ამ ორ მოვლენას შორის”, – აცხადებს გაბუნია.