თბილისის მერიის ინიციატივით, მცირე და საშუალო ზომის სარესტორნო ბიზნესისთვის ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა ამოქმედდა.
კრიზისის დასაძლევად სარესტორნო სექტორის წარმომადგენლებთან კონსულტაციები მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობდა და ერთობლივად შემუშავდა ის კრიტერიუმები, რომლებსაც ობიექტები ფინანსური მხარდაჭერის მისაღებად უნდა აკმაყოფილებდეს.
მერიის ინფორმაციით, აღნიშნული სუბსიდირების პროგრამით სარგებლობისთვის აუცილებელია შემდეგი მოთხოვნები:
• ობიექტი უნდა იყოს რეგისტრირებული 2020 წლის 28 ნოემბრამდე (არა ლიკვიდირებული სტატუსით);
• ბრუნვა 2020 წლის დეკემბერსა და 2021 წლის იანვარში უნდა შეადგენდეს, ჯამურად, არაუმეტეს 100 000 ლარს;
• ობიექტს უნდა გააჩნდეს 20-80 სკამი. ამის დასადასტურებლად საჭიროა 2020 წლის ოქტომბრის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ქვითარი, სადაც ობიექტზე სკამების რაოდენობა იქნება მითითებული;
იმ შემთხვევაში, თუ ობიექტი დასუფთავების გადასახადს სკამების რაოდენობის მიხედვით არ იხდის, მაშინ დახმარებას არაუმეტეს 20 დასაქმებული მიიღებს, 2020 წლის ოქტომბრის პერიოდის მიხედვით (წარდგენილი დეკლარაციის შესაბამისად).
სუბსიდირების პროგრამით ვერ ისარგებლებენ ის ობიექტები, რომლებიც წარმოადგენენ:
• საბანკეტო-სარიტუალო დარბაზებს;
• საერთაშორისო ქსელის ნაწილს ან ფრენშაიზს;
• სწრაფი კვების ობიექტებს;
• სასტუმროში, საავადმყოფოში, ავტოსამრეცხაოში, სასწავლო დაწესებულებაში, სურსათის მაღაზიასა და ჰიპერმარკეტში განთავსებულ კვების ობიექტებს.
თბილისის მერიის ინიციატივით, ფინანსური დახმარება ობიექტებისთვის 5 000 ლარით განისაზღვრა. ერთი იურიდიული პირის მიერ ერთზე მეტი რესტორნის ოპერირების შემთხვევაში, დაფინანსება 10 000 ლარს შეადგენს.
ფინანსური დახმარების მისაღებად, ობიექტების მფლობელებმა უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
1. კვების ობიექტის სარეგისტრაციო ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. დოკუმენტი საჯარო რეესტრის მიერ 2021 წლის 28 თებერვლის შემდგომ უნდა იყოს განახლებული;
2. თბილსერვისის დასუფთავების მოსაკრებლის ქვითარი 2020 წლის ოქტომბრის მდგომარეობით (იმ შემთხვევაში, თუ კვების ობიექტი დასუფთავების გადასახადს სკამების რაოდენობის მიხედვით არ იხდის, მაშინ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი, 2020 წლის ოქტომბრის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია);
3. ინფორმაცია საკონტროლო-სალარო აპარატის ბრუნვის შესახებ, 2020 წლის დეკემბრისა და 2021 წლის იანვრის მონაცემებით;
4. კვების ობიექტის საბანკო ანგარიშის სრული რეკვიზიტები.
ფინანსური დახმარების მისაღებად, რეგისტრაცია უნდა გაიაროთ მითითებულ ბმულზე. განაცხადის მიღების ბოლო ვადა 2021 წლის 5 აპრილია.