მინისტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის ვაქცინაციისთვის 3 500-მდე მოქალაქეა დარეგისტრირებული
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინის გასაკეთებლად საქართველოს 3 500-მდე მოქალაქე დარეგისტრირდა.
“დღეს მხოლოდ პირველი დღეა და ამ მომენტისთვის 3 500-მდე ჩვენი მოქალაქეა დარეგისტრირებული. ეს პროცესი გრძელდება და უკვე 500-მდე ექიმია აცრილი. რა თქმა უნდა, საქართველო გამონაკლისი არ არის და სხვა ქვეყნებსაც აქვთ პრობლემები ვაქცინაციასთან დაკავშირებით. თუმცა, მიუხედვად იმისა, რომ არსებობს ანტივაქსერული კამპანიები, უკვე 81 მილიონამდე ადამიანია დაფიქსირებული.
ეს პროცესი რომ რთული იქნებოდა, გათვიცნობიერებული გვქონდა. დარწმუნებული ვარ, რომ ეტაპობრივად გაიზრდება როგორც მზაობა, ასევე – სანდოობა. ის, რომ პირველ ყოვლისა ექიმები იცრებიან, ზრუნვის კომპონენტი და საერთაშორისო მიდგომაა მათ მიმართ. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო იქნება ის ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა, სადაც ყველაზე სწორად წარიმართება ეს პროცესი,” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.