ცნობილი ქალაქების „ბნელი მხარე“ – რა არ მოსწონთ ტურისტებს
ალბათ, ძალიან ცოტა ადამიანი არსებობს ისეთი, ვისაც მოგზაურობა არ უყვარს და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში გასეირნებაზე არ ოცნებობს. დადებითი წინასწარი განწყობის მიუხედავად, ხშირად ხდება ისე, რომ ადგილზე ჩასვლისას თბილ სენტიმენტებს უხეში რეალობა გადაწონის და ისეთი მოცემულობის წინაშე დგახარ, რომელზეც არასდროს გიფიქრია. წარმოგიდგნეთ 5 ქალაქს, რომელსაც ტურისტები აქტიურად სტუმრობენ, თუმცა მათი გამოხმაურება ხშირად საკმაოდ ნეგატიურია.
პარიზი
დიახ, არ გეჩვენებათ! ცნობილი ქალაქებიდან პარიზი, ნეგატიური გამოხმაურებით, ლიდერია.
რა თქმა უნდა, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ტურისტულ ქალაქს ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს, ყველა მათგანს შეუძლია ათობით დადებითი რამ თქვას ქალაქის შესახებ და ყველა მართალიც იქნება, მაგრამ მედალის მეორე მხარეც არსებობს.
უხეში ემიგრანტების სიმრავლის, ქუჩებში ნაგვისა და ლუვრთან კილომეტრიანი რიგების შესახებ, ალბათ, ბევრს სმენია. ფსიქოლოგიაში ტერმინიც კი არსებობს „პარიზული სინდრომი“ – ეს ერთგვარი ტურისტული ნერვული აშლილობაა, როდესაც პარიზის იერსახე არ შეესაბამება რომანტიკულ მოლოდინს ძველი ფილმებიდან და რომანებიდან.
რა თქმა უნდა, ყველას შეუძლია, პარიზი ისეთად დაინახოს, როგორადაც სურს, მაგრამ იმისთვის, რომ ზემოთ ნახსენები სინდრომით არ „დაავადდეთ“, წინასწარ უნდა იყოთ ინფორმირებული ქალაქის ნაკლოვანებების შესახებ.
ლოს-ანჯელესი
მეგაპოლისს მზიან კალიფორნიაში ბევრი გასათვალისწინებელი ფაქტორი გააჩნია. ისეთები, როგორიცაა: დაბინძურებული წყლის პრობლემა ონკანებში, საცობები, დანაშაულის მაღალი დონე და მიწისძვრის მუდმივი საშიშროება. ადგილობრივებთან ურთიერთობისას შესაძლოა, ჩამოგიყალიბდეთ აზრი, რომ მათ აქ ცხოვრება მხოლოდ სხვა ქალაქებთან შედარებით უკეთესი ამინდის გამო გადაწყვიტეს.
კაირო
დიახ, რა თქმა უნდა, მსოფლიოში ბევრი ქალაქია კიდევ უფრო დაბინძურებული ჰაერით, კიდევ უფრო მეტი თავგასული მძღოლითა და გრძელი საცობით, მაგრამ ასეთ ქალაქებში ხშირად ვერ მოხვდებით.
აი, კაიროს კი – რომელიც მსოფლიო სასწაულს და სხვა ისტორიულ ძეგლებს ინახავს – მოგზაურები ხშირად სტუმრობენ.
თუკი იმას არ მივაქცევთ ყურადღებას, რომ ეკოლოგების თქმით, კაიროს ჰაერის ჩასუნთქვა უდრის დღეში ერთ კოლოფი სიგარეტის მოწევას, ამ ქალაქს სხვა ცუდი მხარეც აქვს – ვერსად გავექცევით ქუჩურ გარჩევებსა და არეულობას, რომელიც ბოლო წლებში გახშირდა. გამოცდილი მოგზაურების რჩევით, თუკი ხალხმრავლობას, მიტინგებსა და სხვა არასასიამოვნო ღონისძიებებს მოვერიდებით, მაშინ სულაც არაფერი მოგვივა.
ბელიზი
„სხვა კარიბები“ და „გზა სიდიდით მსოფლიოში მეორე ბარიერულ რიფამდე“ – ასე პოეტურად უწოდებენ ამ საპორტო ქალაქს მოგზაურთა გზამკვლევში. რა ელოდებათ აქ მოგზაურებს?
დანაშაული, ნარკოტიკი, არეულობა… გიდების დაჟინებითი თხოვნაა, ცხვირი არ გამოვყოთ გარეთ დაბნელების შემდეგ და ვისეირნოთ მხოლოდ წინასწარ შემოწმებული მარშრუტებით.
ნიუ დელი
ეს ქალაქი სახელგანთქმულია ტურისტების “ბოლო კაპიკამდე გატყავებით”. თუკი ტურისტულ ფორუმებზე შეხვალთ, უამრავ ნეგატიურ გამოხმაურებას გადააწყდებით ქალაქის შესახებ. თუკი ინდოეთში მოგზაურობისას ნიუ დელიში აპირებთ გავლას, ეს ფორუმები ზუსტად თქვენთვისაა.
უმჯობესია, თუ მორალურად მომზადებულები მაინც ეწვევით ქალაქს, მაგრამ როგორც კი მის ხალხმრავალ, დახუთულ ქუჩებში მოხვდებით, სრულ დაცვას თაღლითებისგან ვერანაირი ინფორმირებულობა ვერ მოგანიჭებთ.