ბავშვობიდან ისწავლა ქსოვა და ქარგვა. ხელსაქმის სიყვარულმა და ახლის კეთების სურვილმა საკუთარი გზა და ხელწერა აპოვნინა. პროფესიით ინგლისური ენის ფილოლოგია, მაგრამ ადრეული წლებიდანვე ხელსაქმე გახდა მისი ძირითადი საქმიანობა და უმისოდ არცერთი დღე არ უცხოვრია. ეს საქმე ემიგრაციაში გააგრძელა, „ნანინაც“ იტალიელმა ქალბატონმა შეარქვა მის აქსესუარებს.
„ცივი“ ფაიფურისგან შექმნილი ულამაზესი სამკაულები მნახველის თვალსა და გულს იტაცებს. ამბობს, რომ უზომოდ უყვარს პიონები და უნდა, რომ მისი ყვავილები სწორედ პიონებს ჰგავდნენ…
ამ ეტაპზე საქორწინო აქსესუარების დამზადებას აპირებს. სამომავლოდ კიდევ ახალ-ახალი გეგმებია. – ნანა ვარძიელის პერსონა.
– ბავშვობა ლამაზი ფერებით დახატული სამყაროა, ლაღი, ბედნიერი, სიხარულით, მშობლების სიყვარულით და მზრუნველობით სავსე, ადრეული ასაკიდან დავრჩით მე და ჩემი და-ძმა მშობლების გარეშე და მრავალი წელია ამ ტკივილთან ერთად გვიწევს ცხოვრება…
პატარაობიდან ყველაფერი მაინტერესებდა, სკოლაში თითქმის ყველა ღონისძიებაში ვმონაწილეობდი.
ჩემმა საყვარელმა ბებომ 6 წლის ასაკში ყაისნაღით ქსოვა, ქარგვა მასწავლა…
– დასავლეთ ევროპის ენების ფაკულტეტი დაამთავრეთ. პროფესიით ინგლისური ენის სპეციალისტი ხართ… მაგრამ დღეს ორიგინალურ გულსაბნევებს ამზადებთ. როდის იგრძენით, რომ ხელსაქმე თქვენს ძირითად საქმიანობად იქცეოდა, მაშინ ხომ არა, როცა ინტერნეტში ნანახმა უცხო მასალამ დაგაინტერესათ?
– ხელსაქმე ყოველთვის მიყვარდა, იყო 90-იანების მძიმე პერიოდი, როცა ბისერებით ვქსოვდი სამკაულებს და მეგობრები მეხმარებოდნენ რეალიზაციაში…
მერე იყო გადატვირთული გრაფიკით სამსახურები, ემიგრაცია, სამშობლოში დაბრუნება და ძლიერი ემოციებით გამოწვეული ძიება ახლის, სურვილი ახლის კეთების, რაიმე უცხო და საინტერესო საქმიანობის და სწორედ ინტერნეტის მეშვეობით წავაწყდი ამ მასალას – ფოამირანის დამუშავების ტექნოლოგიას, შევიძინე მასალები და ნაბიჯ-ნაბიჯ, პატარა კოკრებით და ფოთლებით დავიწყე, არ ვჩერდებოდი, მომწონდა, შემიყვარდა ეს საქმიანობა და დღეს მართლა არ შემიძლია არცერთი დღე უამისოდ…
– ეს საქმე ემიგრაციაში გააგრძელეთ. „ნანინაც“ იტალიელმა ქალბატონმა შეარქვა თქვენს აქსესუარებს. დღეს გვერდი გაქვთ ფეისბუქზე – Nanìna Accessories. ძირითადად მაინც რომელი სამკაულები მოსწონს მნახველს?
– „ნანინა“ იტალიელმა ქალბატონმა შემარქვა და მეც ბევრი არ მიფიქრია, ისე შემიყვარდა ეს ქართულ-„იტალიური“ სახელი, რომ ჩემს აქსესუარებს დავარქვი… რომელი სამკაულები მოსწონს მნახველს? კარგი იქნებოდა, მათთვის გვეკითხა… მე კი ვიცი, როცა დილით გავიღვიძებ, მათი თბილი მესიჯები დამხვდება…
– ალბათ საინტერესოა შემოქმედებითი პროცესი, სანამ ულამაზესი ყვავილი „დაიბადება“…
– დაწყებიდან დღემდე საინტერესოა ყოველი ნაბიჯი, როგორ ვხატავ გონებაში, როგორ ვიწყებ მზადებას… მინდა გავიხსენო პირველი ცისფერი კოკორი, როგორი ანთებული თვალებით მეხვეწებოდა ჩემი და, მაჩუქეო… მინდა ერთხელ და კიდევ ათასჯერ აღვნიშნო, რომ არა ჩემი ოჯახის წევრების, ახლობლების, მეგობრების მხარში დგომა და გამხნევება, ამ ყველაფერს ვერ შევძლებდი… უკიდეგანო მადლობა მათ…
– მუშაობისას ფოამარინს და „ცივ“ ფაიფურს იყენებთ. რა არის „ცივი“ ფაიფურის თქვენეული ტექნოლოგიის საიდუმლო?
– ვაკეთებ ასევე „ცივი“ ფაიფურისგან სამკაულებს, თითქმის სამი თვის მანძილზე, ვცადე მომზადების ათასი ხერხი, ესეც ინტერნეტის მეშვეობით აღმოვაჩინე, უძლიერესი სპეციალისტი, ჩემთვის ის „ყვავილების დედოფალია“, ქალბატონი – რიტა შლედე, ვუყურებდი მის გაკვეთილებს, რჩევებს, ვსწავლობდი, გადავუგზავნე ჩემი ნამუშევრები და პასუხად: არ გაჩერდე, აკეთე შენი „პატარა მდელოებიო“… მასალის მზადების საიდუმლო რომ გავამხილო, საიდუმლო აღარ იქნება… საიდუმლო – თავდაუზოგავი შრომა და სიყვარულია…
– გამორჩეულია გულსაბნევების ფერები… როგორ არჩევთ ფერებს? რა გაძლევთ შთაგონებას?
– ჩემი ყვავილების ფერთა გამას და შთაგონებას განწყობა მიქმნის, იმ წამს, იმ წუთას ჩემი შინაგანი მდგომარეობა ალბათ… ხატვით კი, არასოდეს არაფერი დამიხატავს…
– ამბობთ, რომ პიონი, ანუ იორდასალამი გიყვართ. რაღაცით ჰგავს კიდეც თქვენი გულსაბნევები ამ ყვავილებს…
– უზომოდ მიყვარს პიონები, ჩემთვის მასზე ლამაზი არაფერია, სულ მინდა პიონებს ჰგავდეს ჩემი ყვავილები…. მე არა, მაგრამ სხვისთვის შეიძლება მოსაწყენიც იყოს ერთფეროვნება, ამიტომ ვუცვლი ხშირად ფორმებს ყვავილებს…
– როგორ იმოქმედა კარანტინმა თქვენს შემოქმედებაზე? იმედია, ნაყოფიერად…
– კარანტინის დროს რა თქმა უნდა მეტი დრო მქონდა ჩემი საქმიანობისთვის… ვაკეთებდი საახალწლო სასაჩუქრე „ცივი“ ფაიფურის გულებს, ვრთავდი პატარა ყვავილებით, ვიცოდი, რომ შენაძენთან ერთად ადამიანს, სასიამოვნო საჩუქარი- სიურპრიზი, გაახარებდა…
– ძიების პროცესი გიყვართ. ახალს რას გვპირდებით?
– ამ ეტაპზე ვაპირებ საქორწილო აქსესუარების დამზადებას. როგორც პატარძლებისთვის, ისე მეჯვარეებისთვის სხვადასხვა აქსესუარს, ასევე – მამაკაცებისთვის, საქორწილო პიჯაკებისთვის ყვავილების შექმნას…
– ჰობი…
– მიყვარს წერა, ძალიან მიყვარს ოცნება და ჩემი ყვავილები…
– ოჯახი…
– ჩემი ოჯახი ჩემთვის ყველაფერია, იყო დრო, როცა მე ვზრუნავდი მათზე, სანამ პატარები იყვნენ, ახლა კი თვითონ უხარიათ ჩემი წარმატება, მადლობა ჩემს შვილს და სიძეს, ჩემი პირველი შემფასებლები არიან, მადლობა ჩემს ყველა ახლობელს, მეგობარს, მათი სიყვარული თან მდევს ჩემი ცხოვრების გზაზე, მადლობა ახალ, ლამაზ თბილ ადამიანებს… უსაზღვროდ მადლიერი ვარ მათი, მადლობა უფალს, რომ რაღაც ლამაზის შექმნის უნარი მაჩუქა…
– გამოფენები…
– მხოლოდ ერთ გამოფენაზე მომიწია ჩემი ნამუშევრების ჩვენება, ჩემმა მეგობარმა – ირინა ცერცვაძემ, მიმიწვია, მერაბ ბერძენიშვილის სახლ- მუზეუმში „ხელოვნების მეჯლისზე“ და წილად მხვდა, მიმეღო მონაწილეობა უამრავ ნიჭერ ხელოვანთან ერთად.
თამარ, მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ, რომ არჩევანი ამჯერად ჩემზე შეაჩერეთ, უღრმესი მადლობა, რომ დაინტერესდით ჩემი შემოქმედებით…
თამარ შაიშმელაშვილი