რუსეთის იმპერატორები თბილისში
საქართველოს და მის დედაქალაქს, თბილისს არაერთი მაღალი რანგის სტუმარი ახსოვს: აშშ-ს პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უმცროსი, ფიდელ კასტრო, გერმანიის კანცლერი ჰემუტ კოლი, საფრანგეთის პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი… მოკლედ, ეს სია საკმაოდ გრძელი და წარმომადგენლობითია. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მაღალი რანგის სტუმრების ვიზიტი თბილისში დასაბამს ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში იღებს. უმაღლესი რანგის პერსონებიდან პირველი, ვინც თბილისის მიწაზე ფეხი დადგა, რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ პირველი იყო.
ნიკოლოზ პირველის ხომალდი „პოლიარნაია ზვეზდა“ ახლანდელი ყულევის სანაპიროს, სადაც მაშინ რედუტ-კალეს სიმაგრე მდებარეობდა, 1837 წლის 27 სექტემბერს მოადგა. ყულევიდან ნიკოლოზ მეორე ზუგდიდში ავიდა, 28 სექტემბერს – ქუთაისში. 1-ელ ოქტომბერს, ბორჯომის ხეობის გავლით, ნიკოლოზ პირველი ახალქალაქში ჩავიდა, საიდანაც ერევანში გაემგზავრა. 7 ოქტომბრის ღამე რუსეთის იმპერატორმა თბილისის მახლობლად მდებარე სოფელ კოდაში გაათია. ჩამოსვლის მეოთხე დღეს იმდროინდელმა ქართველმა თავად-აზნაურობამ ნიკოლოზს გრანდიოზული აღლუმი მოუწყო მადათოვის კუნძულზე. კუნძული, დაახლოებით, იმ ადგილზე მდებარეობდა, სადაც ახლა დედაენის ძეგლი და მშრალი ხიდია. ალღუმის შემდეგ ნიკოლოზ პირველს წვეულება გაუმართეს. ღამე რუსეთის იმპერატორმა მისთვის საგანგებოდ მოწყობილ კოჯრის ციხეში გაათია.
თბილისში ვიზიტით დიდად ნასიამოვნები ნიკოლოზ პირველი საქართველოს დედაქალაქიდან 12 ოქტომბერს გაემგზავრა, თუმცა რუსეთის იმპერიის თვითმპყრობელის ვიზიტს უსიამოვნო ინციდენტიც ახლდა. ქალაქიდან გასვლისას, დაღმართზე იმპერატორის ეტლი გადაბრუნდა და ნიკოლოზ მეორე სიკვდილს მოხერხებული ნახტომის წყალობით გადაურჩა. მისი უდიდებულესობა იძულებული გახდა ცხენზე ამხედრებულიყო. მცხეთამდე ასე იმგზავრა იქ ისევ ეტლში გადაჯდა და საქართველოს სამხედრო გზის გავლით ვლადიკავკაზისკენ გაემართა.
მეორედ მსგავსი „პატივი“ თბილისს მე-20 საუკუნის დასაწყისში, 1914 წელს ერგო. რუსეთის იმპერატორმა, ნიკოლოზ მეორემ სამხრეთ კავკასიაში თურქეთთან მიმდინარე საომარი მოქმედებების ინსპექტირება გადაწყვიტა. საიმპერატორო მატარებელი თბილისს 1914 წლის 26 ნოემბერს მოადგა. ნიკოლოზ პირველის მსგავსად, ნიკოლოზ მეორეც პირველად სიონის ტაძარს ეწვია. იმპერატორმა თბილისში 4 დღე გაატარა და ეს დღეები თავის პირად დღიურშიც აღწერა. იმპერატორმა ტფილისი 1914 წლის 30 ნოემბერს დატოვა. წასვლისას მეფისნაცვალს ღარიბებისათვის 25 ათასი მანეთი გადასცა. თბილისიდან ნიკოლოზ მეორე ყარსში გაემგზავრა, საიდანაც რუსეთ-თურქეთის ფრონტის ხაზზე- სირიყამიშში ჩავიდა.