საბჭოთა რეპრესიებს შეწირული არქიმანდრიტი

სოციალურ ქსელში, ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტის კუთვნილ გვერდზე, რომელზეც 1937-1938 წლების მასობრივ რეპრესიათა მონაწილეების შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ქვეყნდება, ბევრ საინტერესო ამბავს წააყდებით. იმ ადამიანებსაც გაიცნობთ, რომლებიც მთელი ამ საშინელების შემოქმედები თუ უშუალო შემსრულებლები იყვნენ და მათაც, ვინც ყველაფერი თავიანთ თავზე იწვნიეს.


სტალინურმა რეპრესიებმა მრავალი უდანაშაულო შეიწირა… სისხლიანი ტერორის კიდევ ერთი მსხვერპლი იყო 70 წელს მიტანებული, ღვთისმოსავი, ნათელი სულის ადამიანი, არქიმანდრიტი მამა გიორგი, ერისკაცობაში დარჩია…

გიორგი ზურაბის ძე დარჩია 1869 წელს ოზურგეთის მაზრის სოფელ ჯუმათში, ღრმადმორწმუნე ოჯახში დაიბადა და ქრისტიანულ ტრადიციებზე აღიზარდა. 1896 წლის 1-ელი მარტიდან მან თავი ღვთისმსახურებას მიუძღვნა და მცხეთის მამათა მონასტერში მორჩილად წავიდა, სადაც ტაძრის აღდგენით სამუშაოებში აქტიურად ჩაერთო. იგი მსახურობდა ბეთანიის, შემდეგ კი, წმ. დავით გარეჯელის მამათა მონასტერში, სადაც აღიკვეცა კიდეც ბერად 1901 წლის 18 მარტს. ამავე წლიდან იგი მცხეთის ჯვრის მონასტრის კეთილმოწესე გახდა. ყველგან ერთგულებით, თავმდაბლობით და ჭეშმარტად ქრისტიანული გულმოდგინებით გამოირჩეოდა. აქტიურად ეცნობოდა წიგნთსაცავებში დაცულ ხელნაწერებსა და სამეცნიერო ლიტერატურას.

1907-1908 წლებში იგი ათონის მთაზე ქართველთა სავანეში გაემგზავრა. ბრწყინვალედ დაეუფლა ბერძნულს, რამდენიმეჯერ ჩასული იყო კონსტანტინოპოლში, აქტიური მიმოწერა ჰქონდა ქართველ სასულიერო და საზოგადო მოღვაწეებთან. სამწუხაროდ, ბალკანეთისა და პირველმა მსოფლიო ომებმა შეაფერხა მამა გიორგის ათონზე მოღვაწეობა, კეთილშობილური ზრახვები და გარჯა.

საქართველოში დაბრუნებული მამა გიორგი 1920 წელს ბორჩალოს რაიონში სოფელ რეხის მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესიის წინამძღვარად განემწესა. უაღრესი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა მრევლში. მისი ავტორიტეტი და მრევლის პატივისცემა, ბუნებრივია მიუღებელი იყო ბოლშევიკური ხელისუფლებისათვის, 1925 წელს ის ცილისმწამებლური ბრალდებით დააპატიმრეს. დაიწყო ამაზრზენი, დამამცირებელი სასამართლო პროცესი, რომელიც გესლიანად შუქდებოდა გაზეთ „კომუნისტის“ ფურცლებზე სათაურით „წალკის სასწაულთმოქმედთა პროცესი“:

..აღნიშნული რაიონის სასულიერო წოდებამ ანგარების მიზნით მცხოვრებთა შორის გაავრცელეს ხმები, რომ მათ მიერ აღმოჩენილია მთელი რიგი სამლოცველოები, სადაც ხდება „სასწაულები“. „წმინდა მამების“ მთავარი საქმიანობა გამოიხატება იმაში, რომ ავრცელებენ ხმებს „წმინდანების“ სასწაულებრივი მოქმედების შესახებ. აგიტაციამ გაჭრა მორწმუნეთა შორის და დაიწყეს ავი-ზნის სიმულაცია „წმინდანების“ დანახვის დროს. რაიონში არ დარჩენილა არც ერთი სოფელი, სადაც 100-200 კაცი არ ყოფილიყო შეპყრობილი ავი-ზნით.

მამა გიორგი დარჩიას ბრალად ედებოდა:

რელიგიური ფანატიზმის გაღვივება ანგარების მიზნით, „სასწაულმოქმედი სალოცავების აღმოჩენა“, მრევლის შეცდომაში შეყვანა, მოტყუება და შემოწირულობების სახით ფულის გამოძალვა, აღვირახსნილობა.

ამ სასამართლო პროცესზე ბრალი დასდეს, ჯამში, 26 სასულიერო და საერო პირს. მამა გიორგი უარყოფდა შეთითხნილ, ცილისმწამებლურ ბრალდებებს. მიუხედავად ამისა, მას 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

1928 წელს მამა გიორგის არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა და საარქივო დოკუმენტებში მცხეთა-თბილისის ეპარქიაში მოიხსენიება. 1928 წლის ბოლოდან კი არქიმანდრიტი გიორგი უკვე ბათუმ-შემოქმედის ეპარქიაში, ქობულეთის მხარეში, სოფ. აჭყვის წმ. კვირიკესა და ივლიტას სახელობის ბერძნული სამრევლოს წინამძღვარი გახდა.

მამა გიორგი დარჩიას ღვთისმოსავი და თავდაუზოგავი ცხოვრება 1937 სისხლიან წელს დასრულდა. 70 წელს მიტანებული მღვდელი დააპატიმრეს და ბრალად დასდეს, რომ სოფელში ეწეოდა ანტისაბჭოთა და კ/რ აგიტაციას პარტიისა და მთავრობის ღონისძიებების წინააღმდეგ… შინსახკომის სამეულის 1937 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სისხლის სამართლის კოდექსის 58-10 მუხლით (აგიტაცია, პროპაგანდა, რომელიც შეიცავს საბჭოთა ხელისუფლების დამხობის მოწოდებას) დახვრეტა მიუსაჯეს. განაჩენი სისრულეში 22 დეკემბერს მოიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები