მინისტრმა განათლების სისტემაში შემავალი უწყებებისთვის შემსუბუქების ვადები და მექანიზმები განმარტა
უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი მარტიდან, საქართველოს მასშტაბით, მუშაობას განაახლებს საჯარო და კერძო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები. საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებისთვის უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხო გარემო. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
გარდა ამისა, Covid-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დაიწყება აღმზრდელთა და ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 20%-ის სავალდებულო ტესტირება ორ კვირაში ერთხელ.
რაც შეეხება უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებსა და პროფესიულ სასწავლებლებს, 1-ლი მარტიდან ნაწილობრივ აღდგება სასწავლო პროცესი. კერძოდ, კლინიკური, პრაქტიკული და ლაბორატორიული სამუშაოების, ასევე, შიდა გამოცდების ჩატარება არადისტანციურ რეჟიმში იქნება შესაძლებელი, ხოლო 15 მარტიდან, სასწავლო განახლდება აუდიტორიებში, სადაც სტუდენტებისთვის უზრუნველყოფილია უსაფრთხო სასწავლო გარემო. უნდა აღინიშნოს, რომ გადაწყვეტილებას სასწავლო პროცესის აუდიტორიაში დაბრუნების ან დისტანციურად გაგრძელების შესახებ სამინისტროსთან შეთანხმებით უნივერსიტეტები და პროფესიული კოლეჯები ინდივიდუალურად მიიღებენ.
აღსანიშნავია, რომ უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები და პროფესიული სასწავლებლები აღჭურვილია ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რესურსებისა და ინვენტარის მარაგით. სამინისტრო განახორციელებს სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის სისტემატურ მონიტორინგს, ვინაიდან ხარისხიან განათლებასთან ერთად, სასწავლო დაწესებულებებში მოსწავლეთა და სტუდენტთა უსაფრთხოების დაცვა სამინისტროს მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.
უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი მარტიდან რეგულაციების სრული დაცვით, საქართველოს მასშტაბით, ამუშავდება მუზეუმები და ბიბლიოთეკები. ასევე, რეგულაციების სრული დაცვით 15 მარტიდან მუშაობას განაახლებენ სკოლებთან არსებული სახელოვნებო და სპორტული წრეები.
რაც შეეხება თეატრებს, პროფესიულ ანსამბლებსა და სპორტულ კლუბებს, აქაც პროცესი 2 ეტაპადაა დაყოფილი, 15 მარტიდან სარეპეტიციო პროცესს განაახლებენ თეატრები და პროფესიული ანსამბლები, ხოლო საწვრთნელ პროცესს – სპორტული კლუბები. საქმიანობის სრულად აღდგენა, კერძოდ, თეატრალური წარმოდგენების, კონცერტებისა და სპორტული შეჯიბრებების ჩატარება მაყურებლის დასწრებით, დაწესებული რეგულაციების სრული დაცვით, შესაძლებელი იქნება 1-ლი აპრილიდან.