ნარჩენების მართვის საკითხებზე მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა ნარჩენების მართვის ეროვნული გეგმის (2016-2020) განხორციელების შეფასებისა და ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის განხორციელების ხელშეწყობისათვის ახალი ეროვნული გეგმის (2020-2025) შემუშავების პროგრამა ინლაინ შეხვედრაზე განიხილა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას ევროკავშირის წარმომადგენლობის კავშირის, ენერგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სექტორის კოორდინატორი, ალექსანდრე დარასი ესწრებოდა.
სოლომონ პავლიაშვილმა შეხვედრაზე პროექტის პრიორიტეტებსა და საჭიროებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის მოთხოვნების განხორციელებას სახელმწიფო უწყებებთან, მუნიციპალიტეტებთან, კერძო სექტორსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების გზით.
პროექტი დაფინანსებული და ორგანიზებულია ევროკავშირი გარემოსთვის (EU4Environment) რეგიონული ინიციატივის ფარგლებში. პარტნიორები არიან ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD), გაერო-ს ევროპის ეკონომიკური კომისია (UNECE), გაერო-ს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) და მსოფლიო ბანკი. საქართველოში პროექტი ხორციელდება გაერო-ს გარემოსდაცვითი პროგრამის მიერ, ხოლო აღმასრულებელი ორგანიზაცია კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრია (REC Caucasus).
R