რა ღონისძებებს მიმართავს თბილისის მერია უხვი ნალექის შედეგებთან გასამკლავებლად
დედაქალაქში მოსული უხვი ნალექის გამო, „თბილსერვის ჯგუფი“ წუხანდლიდან მოყოლებული მუშაობს თბილისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით. სრულადაა მობილიზებული ტექნიკა, იწმინდება გზები და იყრება ტექნიკური მარილი.
ჯერ კიდევ ღამით დაიწყო თბილისს შემოერთებული ტერიტორიებზე გზების გაწმენდა, მათ შორის, გაიწმინდა კოჯორი, კიკეთი, ბეთანია, სამადლო, ტაბახმელა, წავკისი, წყნეთი, ბაგების დასახლება და დიდგორი, დიდი დიღომი.
300 ტონამდე ტექნიკური მარილი დაიყარა და იყრება დედაქალაქის მთავარ ქუჩებზე, ასევე, მაღლობზე განსახლებულ უბნებში. მათ შორის, ნუცუბიძის პლატოზე, ელიას მთაზე, ნაძალადევში, ნახალოვკის დასახლებაში, მთაწმინდაზე. გაწმენდილია ვაზისუბანი, ვარკეთილი, დიდი დიღომი, დიღომი და დიდუბე.
დაფიქსირდა ხეების წაქცევის ფაქტები თბილისის სხვადასხვა რაიონში და შედეგების აღმოფხვრისთვის სრული დატვირთვით მუშაობს „ეკოსერვის ჯგუფი“. ასევე, მობილიზებულია თბილისის ყველა გამგეობა და ხორციელდება შიდა საუბნო გზების გაწმენდა.
ზოგიერთ რაიონში და ქუჩაზე შეიქმნა საცობები. შექმნილ უამინდობას ემატება ის ფაქტი, რომ ძალიან ბევრი კერძო ავტომობილი გადაადგილდება ზამთრის საბურავების გარეშე, რაც დამატებით პრობლემას ქმნის. დედაქალაქის მერია მოუწოდებს მძღოლებს, თავი შეიკავონ ქალაქში გადაადგილებისგან ან აღჭურვონ ავტომანქანა ზამთრის საბურავებით.