რას გულისხმობს საარჩევნო რეფორმა და რას ითვალისწინებს ცვლილებების პროექტი – ლადო ბოჟაძის განმარტება

რას ითვალისწინებს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შემუშავებული საარჩევნო ცვლილებების პროექტი და რას გულისხმობს საარჩევნო რეფორმა – ამ საკითხთან დაკავშირებით მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განმარტება საარჩევნო საკითხების სპეციალისტმა, “სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელმა, ლადო ბოჟაძემ გააკეთა.

ბოჟაძის თქმით, რეფორმა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს.

„თქვენ იცით, რომ „ ქართულ ოცნებასა“ და „მოქალაქეებს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ყველა პოლიტიკური პარტიისთვისაა ღია. მემორანდუმის მიზანი საარჩევნო ცვლილებების განხორციელებაა. პარლამენტში უკვე შექმნა სამუშაო ჯგუფი. სამწუხაროდ, ჩვენ გუშინ მუშაობის საშუალება არ მოგვეცა. თუმცა, რა თქმა უნდა, ზოგადად, რეფორმასთან დაკავშირებით ჩვენი მოსაზრებები გვაქვს და ჯგუფსაც ჩვენს წინადადებებს წარვუდგენთ.
პირველი და მნიშვნელოვანი საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესია. თქვენ იცით, რომ დიდი ხანია, სამოქალაქო სექტორი სრულად პროფესიულ სისტემაზე გადასვლას უჭერს მხარს. ასევე, იცით, რომ ეუთო-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები სწორედ აქეთკენაა მიმართული, განსაკუთრებით, იგულისხმება ის, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია სრულად პროფესიული იყოს, მასზე პოლიტიკური და პარტიული გავლენა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. თუმცა, წარმოდგენილი პროექტით პროფესიულ ნიშანთან ერთად ასევე პარტიული მდგენელიც იქნება. ისინი დროებითი წევრები იქნებიან. როგორც ამას კანონმდებლობა საოლქო და საუბნო კომისიების დონეზე დღესაც ითვალისწინებს. მნიშვნელოვანია ის, რომ შეთახმდა – ეს იქნება 7 კაცი და ყველა პოლიტიკური პარტია, რომელმაც 2020 წელს საარჩევნო ბარიერი გადალახა და შევა საქართველოს პარლამენტში, გამოიყენებს ამომრჩევლისგან მიღებულ მანდატს, მათ ასევე ეყოლებათ კომისიის წევრები, განსაკუთრებით – საუბნო და საოლქო კომისიების დონეზე სწორედ იმიტომ, რომ თავად იყვნენ ამ პროცესის მონაწილეები. ახლაც შეფარდება არის 6/6-ზე. ვგულისხმობ 6 ნიშნით პროფესიულს ყველა დონის კომისიაში და ასევე 6 პარტიულს. თუმცა, ამ პროპორციების მიხედვით, ბუნებრივია, ეს მონაცემები და რეალობა შეიცვლება, თუ ყველა პარტია და საარჩევნო ბლოკი, რომელმაც საარჩევნო ბარიერი გადალახა, ამ ბერკეტს გამოიყენებს და ყველა დონის კომისიაში იქნება წარმოდგენილი. მათ კენჭისყრაში გადაწყვეტილების მიღების დროს ხმის უფლების გარდა ყველა ის პრივილეგია, ვალდებულებები და უფლებები ექნებათ, რომლებიც აქამდე ჰქონდათ. რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო გამჭირვალესა და ღიას გახდის ამ პროცესს“, – განაცხადა ბოჟაძემ.
მან განმარტება საარჩევნო ბარიერის ცვლილების საკითხთან დაკავშირებითაც გააკეთა. ლადო ბოჟაძის თქმით, საპარლამეტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერის ცვლილება შეუძლებელია, საკონსტიტუციო ცვლილებების გარეშე განხორციელდეს.
„ასევე, საუბარია საარჩევნო ბარიერის ცვლილებაზე. ესეც ოპოზიციის მოთხოვნაა. ფაქტობრივად, 31 ოქტომბრის არჩევნებმა გვანახა, რომ, რეალურად, თუ მათ შორის თვითმართველობის არჩევნების დონეზე არ შევცვალეთ საარჩევნო ბარიერი, 24 მუნიციპალიტეტში, საკრებულოებში, მხოლოდ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ გვეყოლება. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ იგივე დედაქალაქში იცვლება პროპორცია: გვეყოლება 40 პროპორციული ნიშნით, ანუ პარტიული სიებით არჩეული საკრებულოს წევრი და, სავარაუდოდ, 10 მაჟორიტარი. ბუნებრივი ბარიერი ამ შემთხვევაში 2, 5 % იქნება, რაც იმის საშუალებას იძლევა, რომ პარტიები დედაქალაქის საკრებულოში იყვნენ წარმოდგენილები. იგივე ეხება თვითმართველ ქალაქებს, დანარჩენ მუნიციპალიტეტებს, სადაც პროპორციები მინიმუმ ორი ერთთან უნდა იყოს. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ოპოზიციური პარტიებისთვის იმიტომ, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მნიშვნელობითაც სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. საუბარია 64 მერის არჩევაზე, რომელიც ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის ასევე მნიშვნელოვანი ბერკეტია და, თუ ოპოზიცია შეძლებს ამ ბოიკოტის რეჟიმიდან გამოსვლას, მათ შორის, თვითმმართველობის არჩევნებში ამ განახლებული საარჩევნო ბარიერითა და სისტემით მიიღებს მონაწილეობას, ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება 2024 წლის არჩევნებისთვის.
სამწუხაროდ, რეფორმა საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერის დაწევასაც ითვალისწინებს. საარჩევნო ბარიერის ცვლილება საპარლამენტო არჩევნებისთვის შეუძლებელია, განხორციელდეს საკონსტიტუციო ცვლილებების გარეშე. ჩვენ ვხედავთ, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ამ პარლამენტში 113 ხმა არ შეგროვდეს და კვლავ მაღალი ბარიერის სისტემაში დავრჩეთ. საუბედუროდ, მხოლოდ ორპარტიული პარლამენტი გვეყოლება. მხოლოდ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება შანსი, ეს 5 %-იანი ბარიერი გადალახოს. როგორც ჩანს, ოპოზიციის ნაწილი, რომელსაც ამ არჩევნებზე პრეტენზია ჰქონდა მესამე ძალაზე ან საერთოდ რაღაც მნიშვნელოვანი ცვლილებების განხროციელებაზე ქვეყანაში, უკვე ბოლომდე დათანხმდა „ნაციონალური მოძრაობის“ თამაშს. ისინი ბლომდე ჩაერთნენ ამ საბოტაჟისა და რადიკალიზაციის პროცესში. გვესმის მოწოდებები რევოლუციაზე და ა.შ. როგორც ჩანს, ისინი საკუთარ თავს 2024 წლის პარლამენტში სწორედ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად მათ პარტიულ სიაში ხედავენ. როგორც ჩანს, რადიკალიზაციის, პოლარიზების, დაპირისპირების პროცესი კვლავ შავ-თეთრი არჩევნები, სამწუხაროდ, გაგრძელდება და 2024 წელს ორპარტიული პარლამენტი გვეყოლება“, –  განაცხადა ბოჟაძემ.
მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ცვლილებები, რომელიც კენჭისყრის დღის პროცედურებს შეეხება.
„მნიშვნელოვანია კენჭისყრის დღის პროცედურები. საუბარია იმაზე, რომ ამომრჩევლის იდენტიფიცირება, ვიდრე ის შევა საარჩევნო უბანზე და ბიულეტენს მიიღებს, თითის ანაბეჭდებით მოხდება. თუმცა, იცით, რომ იუსტიციის სამინისტროს ყველა ამომრჩევლის მონაცემები, თითის ანაბეჭდები არ აქვს. უფრო მეტიც, არსებობს ამომრჩევლების გარკვეული რაოდენობა, რომელსაც კიდევ ძველი პირადობის მოწმობები აქვთ. აუცილებელია, მათ მინიმუმ ახალი აიდი ბარათები აიღონ და იუსტიციის სამინისტროს განახლებული ბიომეტრიული მონაცმები ჰქონდეს. ამიტომ, თითის ანაბეჭდებთან ერთად, სავარაუდოდ, მარკირების პროცედურა ა უნდა დარჩეს და ამ ორმა სისტემამ უზრუნველყოს პრინციპი – „1 ამომრჩველი – 1 ხმა.“
რაც შეეხება უშუალოდ ხმის მიცემის პროცესს: თქვენ იცით, რომ ყველაზე ნაკლები საჩივარი, პრეტენზიები სწორედ ამ 12 -საათიან პერიოდთან იყო. ვსაუბრობ დილის 08:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე პერიოდზე. აქ იგულისხმება ბიულეტენების გაცემა, უშუალოდ ხმის მიცემის პროცესი. ეს, ჩემი აზრით, უნდა დარჩეს ცოცხალ პროცესად. კომისიის წევრები პროფესიული ნიშნით იქნებიან თუ პარტიის მიერ წარდგენილები, თავად უნდა იყვნენ პროცესში ჩართულები, იმავე წესით უნდა მოხდეს ბიულეტენის დამოწმება, გაცემა, ხელის მოწერა და ა.შ., როგორც ახლა გვაქვს. რაც შეეხება უშუალოდ ხმის მიცემის აპარატებს, მნიშვნელოვანია, რომ, კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს აპარატები არ იყოს მიერთებული ინტერნეტზე. აქ არის საუბარი დაახლოებით „ფეიბოქსის“ სისტემის აპარატებზე, როცა ამომრჩეველს გადაეცემა 3 ბიულეტენი, იქაც, შემოხაზვის ნაცვლად, შესაძლებელია კონკრეტული კანდიდატის, პოლიტიკური პარტიის გასწვრივ ბიულეტენი სპეციალური დანადგარით გაიხვრიტოს. ამომრჩეველს მიეცეს ინფორმაცია და მითითება, რომ თუ ვინმე უნდა შემოხაზოს, სწორედ მის გასწვრივ უნდა გახვრიტოს ბიულეტენი. ეს სრულიად გამორიცხავს და შეამცირებს, ფაქტობრივად, ნულამდე დაიყვანს ბათილი ბიულეტენების რაოდენობას იმიტომ, რომ ცხადი იქნება კომიისთვისაც და აპარატისთვისაც, თუ ვინ აირჩია ამომრჩეველმა. მხოლოდ 1 ფურცლის მიღება შეუძლია ამ აპარატს, იქაც სრულიად წარმოუდგენელი იქნება ჩაყრა ან ნაკლები  ან მეტი ბიულეტენების აღმოჩენა. ფაქტობრივად,  ონლაინრეჟიმში გვექნება ამომრჩეველთა რაოდენობა, რამდენმა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში. რაც ყველაზე მთავარია, საღამოს 20: 00 საათზე, რამდენიმე წუთში შემაჯამებელი ოქმის ნაცვლად გვექნება ე.წ. ქვითარი, სადაც ყველა საარჩევნო კანდიდატის ხმა იქნება შესაბამისი. თუ ვინმეს ეჭვი შეეპარება არჩევნების შედეგებში, რაიმე გარემოება იარსებებს, რის საფუძველზეც კომისიას ექნება ვალდებულება, ან საკუთარი ინიციატივით გახსნას ყუთი და მაინც ცოცხალი ბიულეტენები დათვალოს, ეს მექანიზმი, რა თქმა უნდა, უნდა დარჩეს“, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული რეფორმის განხორციელება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.
„1 – ელ მარტს უკვე კანონპროექტი უნდა იყოს, 1- ელ  მაისამდე ეს საკითხები მოგვარებული უნდა იყოს. მერე დარჩენილი პერიოდი, ბუნებრივია, ჩვენ უნდა მოვახმროთ როგორც ამომრჩევლების ინფორმირებას, ასევე, პოლიტიკური პარტიებისა და მათი კანდიდატების ცნობიერების ამაღლებას. სამოქალაქო სექტორსაც და თქვენ, მედიასაც განსაკუთრებული როლი გენიჭებათ ამ მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ რეფორმა, მიუხედავად იმ აზრთა სხვადასხვაობისა, რომელიც თავად კომისიაშიც არსებობს, იმ განსხვავებული პოზიციებისა, რომელიც აქვს სამოქლაქო სექტორს თუ პოლიტიკურ პარტიებს, მაინც განხორციელდება და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაციისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება გადადგმული. 2021 წლის არჩევნები, როგორც საარჩევნო გარემო, ასევე კენჭისყრის დღე და საჩირვების განხილვის პროცედურები კიდევ უფრო გაუმჯობესებული იქნება. ყოველგავრი კითხვები 2021 წლის არჩევნების ლეგიტიმაციასთან თუ მის შედეგებთან დაკავშირებით რეფორმის შედეგად სრულად ამოწურული იქნება“, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები