ნიკა მელია: მინდა, მივმართო “საქართველოს ბანკს”, თუკი მოხდება ჩემს ანგარიშზე შესაბამისი თანხის შეტანა და გირაოს გადახდა, ეს იქნება ჩემი უფლებების შელახვა
მინდა, მივმართო “საქართველოს ბანკს”, თუკი მოხდება ჩემს ანგარიშზე შესაბამისი თანხის შეტანა და გირაოს გადახდა, ეს იქნება ჩემი უფლებების შელახვა, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.
მისი თქმით, გირაოს გადასახდელად აუცილებელია უნიკალური კოდი, რომელიც უშუალოდ ბრალდებულს, ანუ ნიკა მელიას, ან მის ადვოკატს უნდა გადასცემოდა, რომლის მოთხოვნითაც მათ უწყებისთვის არ მიუმართავთ.
“ნამდვილად არ მეგონა, დღეს თუ ბრიფინგის ჩატარება მომიწევდა საკითხზე, რომელიც ვერ გახდებოდა აქტუალური, რომ არა პარადოქსალური სახელმწიფო. არჩევნების გაყალბება გაგვიგია, მაგრამ გირაოს გადახდევინების გაყალბების მცდელობა ნამდვილად არ გამეგო აქამდე.
დღეს “ქართულმა ოცნებამ” და მასზე ორიენტირებულმა მედიამ დაიწყო დარაჯი, თითოეული ჩვენი პარტიის წევრისა და ეკითხებიან ერთსა და იმავეს, რომ არსებობს თითქოს მითიური მოქალაქე, რომელიც ნიკა მელიას ნაცვლად გადაიხდის გირაოს.
ხალხნო, საჯაროდ მინდა განვაცხადო, ამ უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული საქმის ფარგლებში დაკისრებული გირაოს გადახდას არ ვაპირებ, რადგან ამ ყველაფრის გაკეთება არის სირცხვილი და დანაშაულიც, საკუთარ თავთან, პირველ რიგში, რადგან ამის არანაირი აუცილებლობა არ არსებობს, მთლიანად საქმეა შეკერილი, ე.წ. გავრილოვის საქმე.
ფიზიკურად შეუძლებელია გადაიხადოს ნებისმიერმა მსურველმა თანხა, მეც კი, რომ მინდოდეს, რადგან იმისათვის, რომ მოხდეს გადახდა, აუხცილებელია უნიკალური კოდი, რომელიც ინახება პროკურატურაში და პროკურატურამ უნდა გადასცეს ან ბრალდებულს ან მის ადვოკატს. ჩვენ არ მიგვიმართავს პროკურატურისთვის და ეს ყველაფერი არის უცნობი ყველასთვის.
ანგარიში, რომელზეც თითქოს თანხის შეტანა უნდა მოხდეს, ეკუთვნის “საქართველოს ბანკს”, მაგრამ ამ ანგარიშზე თანხას ვერავინ შეიტანს, თუ არ ექნება ხელთ ის უნიკალური კოდი, რომელიც აქვს პროკურატურას.
მინდა მივმართო “საქართველოს ბანკს”, თუკი მოხდება ჩემს ანგარიშზე შესაბამისი თანხის შეტანა და გირაოს გადახდა, ეს იქნება ჩემი უფლებების შელახვა. ეს არის, არა მხოლოდ უფლების, არამედ კანონის დარღვევაც. ამის მონაწილე, იმედია, არ გახდება ჩემთვის საპატივცემულო საბანკო დაწესებულება “საქართველოს ბანკი,”-განაცხადა ნიკა მელიამ საგანგებო ბრიფინგზე.
შეგახსენებთ, რომ ხვალ, 12 თებერვალს იწურება ვადა, როდესაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიამ მისთვის შეფარდებული გირაო – 40 ათასი ლარი უნდა გადაიხადოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროკურატურა მისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების სახის პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობას დააყენებს.