Hill: აშშ-ის რესპუბლიკური პარტია 30 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა დატოვა
ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობასთან 6 იანვარს განვითარებული მოვლენების ფონზე, რესპუბლიკური პარტიის რიგები 30 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა დატოვა.
ამის შესახებ გაზეთი Hill სტატისტიკაზე დაყრდნობით წერს.
აღინიშნება, რომ რამდენიმე შტატში 30 ათასზე მეტი ამომრჩევლის პარტიული კუთვნილების შეცვლის შესახებ გახდა ცნობილი.
6 იანვარს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ – მას შემდეგ, რაც მაშინდელმა მოქმედმა პრეზიდენტმა, ტრამპმა ვაშინგტონში აქცია გამართა. ამ დღეს კონგრესი 2020 წლის 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდა, რომლის შედეგად ტრამპმა ამომრჩევლების მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.
ტრამპის მტკიცებით, არჩევნები გაყალბდა და მომხრეებს საკუთარი “ხმების დასაცავად” კაპიტოლიუმთან მისვლისკენ მოუწოდა.
არეულობის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი სამართალდამცველია.
13 იანვარს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ტრამპის იმპიჩმენტი მეორედ გამოუცხადა, თუმცა, სენატმა საკითხის განხილვა 9 თებერვლამდე გადადო.
დღეს კი გახდა ცნობილი, რომ ტრამპი იმპიჩმენტის პროცესზე კონგრესში წერილობითი ჩვენებით წარსდგება.
NBC News ორმა ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, რომ ტრამპი სენატში, სავარაუდოდ, წერილს გაგზავნის, რადგან მოსმენებზე პირადად დასწრებას არ აპირებს.
ტელეარხის ცნობით, ფლორიდაში მყოფი ტრამპი რესპუბლიკური პარტიის წევრების გამოსვლებს ყურადღებით აკვირდება, რომლებიც იმპიჩმენტის წინააღმდეგ გამოდიან და ასეთ თანაპარტიელებს მოკავშირეებს უწოდებს.
თუმცა, საბოლოო ვერდიქტი მოგვიანებით გახდა ცნობილი. აღსანიშნავია ისიც, რომ ამჟამად კონგრესის ორივე პალატას უმრავლესობით დემოკრატიული პარტია აკონტროლებს.