ამირან გამყრელიძე: ჩვენ დავდივართ დანის პირზე, “ოქროს შუალედი” უნდა ვნახოთ ადამიანების ჯანმრთელობასა და ბიზნესზე ნაკლებ წნეხს შორის

“ჩვენ დავდივართ დანის პირზე, “ოქროს შუალედი” უნდა ვნახოთ, ერთი მხრივ, ადამიანების ჯანმრთელობასა და, მეორე მხრივ, ბიზნესზე ნაკლებ წნეხს შორის”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პანდემიების დროს მთავარი ღონისძიება არის შეზღუდვების დაწესება, ანუ ინფიცირებული ადამიანების იზოლირება.

„ეპიდსიტუაციის თუ ჯანდაცვის სისტემის შეფასებისას ერთი ინდიკატორი არასდროს გამოიყენება. არის ე.წ. მრავალ ინდიკატორიანი შეფასება ხოლმე, რომელსაც ვეყრდნობით – ზოგადად, ჯანდაცვის სისტემის განვითარება, ეპიდსიტუაციის შეფასება. ახლა გეუბნებით 4%-იან ინდიკატორს, მეორე არის ინციდენტობა, ანუ 100 ათას მოსახლეზე ახალი შემთხვევები, შემდეგ არის როგორია ჰოსპიტალური დატვირთვა, როგორია ინტენსიურსა და რეანიმაციაში ადამიანთა რაოდენობა და მისი დინამიკა, რამდენი თავისუფალი საწოლი გვაქვს, ყველაფერი ეს და კიდევ მრავალი, ფასდება, რომლის საშუალებითაც გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული. ეს არ არის მხოლოდ ეპიდსიტუაცია, ეს არის მრავლობითი ინდიკატორული შეფასება, რომლის მიხედვითაც, გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული. ჩვენთვის ამოსავალი წერტილი არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება. ისეთი რამ არ უნდა გავაკეთოთ, რომ უცებ შემთხვევებმა მოიმატოს და ისევ ხელმეორედ შეზღუდვების საჭიროება გახდეს. ნოემბრის ბოლოს შეზღუდვების დაწესება აუცილებელი იყო. პანდემიების დროს მთავარი ღონისძიება არის შეზღუდვების დაწესება, ანუ ინფიცირებული ადამიანების იზოლირება. ეს არის მარტივი ჭეშმარიტება. ჩვენ დავდივართ დანის პირზე, ოქროს შუალედი უნდა ვნახოთ, ერთი მხრივ ადამიანების ჯანმრთელობასა და, მეორე მხრივ ბიზნესზე ნაკლებ წნეხს შორის”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები