მამუკა მდინარაძე: თუ არასწორ გადაწყვეტილებებს მივიღებთ, 2-3 კვირაში გაცილებით რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გვექნება

“ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ შეზღუდვების განხორციელება საზოგადოების სხვადასხვა ფენისთვის მარტივი არაა, მაგრამ ისიც ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შეზღუდვა ვინმეს თვითმიზანი არაა”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არასწორი გადაწყვეტილებების მიღების შემთხვევაში 2-3 კვირაში ეპიდემიოლოგიური ვითარება რთული იქნება.

„ბოლო დღეების განმავლობაში სამწუხაროდ, არ ცხრება, მათ შორის სპეკულაციებიც, თუმცა, ჯანსაღი დისკუსიაც არის იმასთან დაკავშირებით, რამდენად მართებულია შეზღუდვების ის ფორმები, თავისი პლუს-მინუსებით, რაც ქვეყანაშია და რომლის ეტაპობრივი მოხსნაც ერთ-ერთი მთავარი დღის წესრიგია. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ შეზღუდვების განხორციელება საზოგადოების სხვადასხვა ფენისთვის მარტივი არაა, მაგრამ ისიც ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შეზღუდვა ვინმეს თვითმიზანი არაა. არანაირი ბენეფიტი შეზღუდვას არ აქვს, გარდა იმისა, რომ ის იცავს ადამიანის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, იცავს ეკონომიკას. ჩვენ გვახსოვს, რომ სულ რაღაც ერთი-ორი თვის წინ, დღეში საშუალოდ 5000 ათასი შემთხვევა გვქონდა. ამას უმძიმესი შედეგები მოჰყვა. გვახსოვს გარდაცვალების მაჩვენებელი. ასევე, იყო პერიოდი, როცა ჯანდაცვის სისტემისთვის ურთულესი ხდებოდა გამკლავებოდა ამ უმძიმეს გამოწვევას. ჩვენ თანმიმდევრული ღონისძიებებით, შეზღუდვებით შევძელით რომ ეს ყველაფერი უმოკლეს დროში ყოფილიყო იმგვარი დინამიკის, რომ დღეს დაახლოებით 1000 შემთხვევა გვაქვს.

ვფიქრობთ, რომ გარკვეული ინდიკატორები იყოს, იყოს გარკვეული დათქმა, რომ მაგალითად, უკანასკნელი 7 დღის განმავლობაში, თუ დადებითობის მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ნაკლები, ეს კიდევ უფრო მეტ საშუალებას მოგვცემს, რომ შეზღუდვების მოხსნაზე უფრო თამამად ვილაპარაკოთ. ამ ინდიკატორზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული შეზღუდვების მოხსნა. როგორც კი ბოლო 7 დღე დადებითობის მაჩვენებელი 4 %-ს ჩამოცდება, ჩვენ დავიწყებთ ფიქრს შეზღუდვების მოხსნაზე, მაგალითად ტრანსპორტის აღდგენაზე. თუ ჩვენ არასწორ გადაწყვეტილებებს მივიღეთ, ზუსტად 2-3 კვირაში მივიღებთ გაცილებით რთულ სიტუაციას და ხელახლა დაგვჭირდება უკვე მოხსნილი შეზღუდვების კვლავ აღდგენა“, – განაცხადა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები