“კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სახლში, ბატონო პრეზიდენტო” – დღეს ჯო ბაიდენის ინაუგურაცია გაიმართება

აშშ-ის არჩეული, 46-ე პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და არჩეული ვიცეპრეზიდენტი, კამალა ჰარისი დღეს ფიცს დადებენ და უფლებამოსილების შესრულებას შეუდგებიან.

ბაიდენი პრეზიდენტობის პირველ ვადას ქვეყნის მოსახლეობის გაერთიანებას, კორონავირუსთან ბრძოლასა და ეკონომიკის აღდგენას დაუთმობს.

ფიცის დადების ცერემონია, რომელიც ტრადიციულად კაპიტოლიუმის შენობასთან იმართება, ადგილობრივი დროით 12:00 საათზე დაიწყება.

აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია წელს არატრადიციულად ჩატარდება და ამის მიზეზი არა მხოლოდ კორონავირუსული ინფექცია, არამედ 6 იანვარს კაპიტოლიუმში განვითარებული მოვლენებია, რომლის შედეგად ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის 25 ათასი სამხედრო ჩაიყვანეს, რომლებიც უსაფრთხოებაზე იქნებიან პასუხისმგებლები. გამოძიების ფედერალურმა ბიურომ თითოეული სამხედროს შესახებ ინფორმაცია თითქმის ორჯერ და სამჯერ შეისწავლა, რის შედეგად, პენტაგონის ინფორმაციით, 12 სამხედრო მოსამსახურე ღონისძიების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

კაპიტოლიუმის ირგვლივ ტერიტორია მავთულხლართებითა და ღობით არის შემოსაზღვრული, ასევე, ჩაკეტილია ეროვნული ხეივანი, ვაშინგტონის ცენტრამდე მისასვლელი მეტროსადგურები და გზები.

მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული საფრთხე, ბაიდენი გეგმავს, რომ ცერემონია ტრადიციულ ადგილზე ჩატარდეს.

არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის დღე 140-წლიან ტრადიციებს ატარებს, რომელიც ადგილობრივი დროით 09:30 საათზე იწყება და საშუალოდ 16:00 – 17:00 საათზე მთავრდება, როდესაც ახალი პრეზიდენტი და მისი მეუღლე უკვე თეთრ სახლში მიდიან, სადაც მათ ხვდებიან სიტყვებით: “კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სახლში, ბატონო პრეზიდენტო”.

თუმცა, წლევანდელი ცერემონია მნიშვნელოვნად იქნება განსხვავებული, კორონავირუსისა და უსაფრთხოების გამო, ასევე იმის გამოც, რომ ქვეყნის ჯერ კიდევ მოქმედმა პრეზიდენტმა – დონალდ ტრამპმა არჩევნებში დამარცხება არ აღიარა და არც ინაუგურაციის ცერემონიაში გეგმავს მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები