სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მერიამ სკამებში ნაგვის ურნები ჩაამონტაჟა, მცდარია. სკამებში არსებული სივრცეები, სადაც მოქალაქეებმა ნაგავი მოათავსეს, მცენარეებისთვისაა განკუთვნილი. აღსანიშნავია, რომ პროექტი მერიას არ ეკუთვნის. ფოტოზე გამოსახული ტერიტორია კომერციული ობიექტის, კერძოდ კი, ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაა და ამ ადგილას სკამების მოწყობა, მერიასთან შეთანხმებით, რესტორნის მეპატრონემ გადაწყვიტა, რომელმაც სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე შესაბამისი განცხადებაც გაავრცელა.
„მეგობრებო, აი, ასეთი ამბავია: ერთი კვირა იქნება, გოგებაშვილის ქუჩაზე ჩვენი რესტორნის წინ ტროტუარი მოვაწესრიგეთ, გავალამაზეთ და დავდგით სკამები, რომელშიც მცენარეების ქოთნებია ჩამონტაჟებული. მოგეხსენებათ, გოგებაშვილზე რამხელა პრობლემაა ტროტუარზე გაჩერებული მანქანები და ვიფიქრეთ, ამით ჩვენც პატარა წვლილს შევიტანდით იქაურობის კეთილმოწყობაში. დღეს გავიღვიძე და ჰოი საოცრებავ, მთელ „ფეისბუქსივრცეში“ ჩვენი სკამებია გამოფენილი, როგორც მერიის ნამოქმედარი, ხოლო ქოთნები ნაგვის ურნებადაა გასაღებული.. საქმე ისაა, რომ, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრის ოჯახური ტრაგედიის გამო, ქოთნებში მცენარეების ჩარგვა ვერ მოვასწარით და ამ დღეებში ვაპირებდით მუშაობის გაგრძელებას, მაგრამ თბილისში ხომ განსაკუთრებული სისხარტით ამოვავსებთ ხოლმე ყველა ღრიჭოს, ორმოსა თუ ჩაღრმავებას და სანამ მცენარეები დავრგეთ, ჩვენი ქოთნებიც საყოფაცხოვრებო ნაგვით დაგვხვდა სავსე. ეს ხომ თავისთავად მშვენიერი, მაგრამ აი, მთელი დღეა ათასობით ადამიანი უყურებს ფოტოებს და განიხილავს რაში დასჭირდა მერიას სკამებში ურნების ჩამონტაჟება”, – წერს რესტორნის ერთ-ერთი მფლობელი, ლადო პიტავა.
აღსანიშნავია, რომ ქოთნებში მცენარეები უკვე ჩარგეს.