სახალხო დამცველი: ანტისემიტური მოსაზრებების გავრცელება საფრთხეს უქმნის ეთნიკურად ებრაელი ხალხის თანასწორუფლებიანობას
სახალხო დამცველი ეხმაურება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ქუთაისისა და გაენათის ეპარქიის მღვდელმთავრის მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის და ასევე, ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმსახურის დეკანოზ ილია კარკაძის ქადაგების გარშემო განვითარებულ მოვლენებს, რაც შესაძლოა, ქვეყანაში ანტისემიტიზმის გაძლიერების საფრთხეს ქმნიდეს.
საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნულს თავდაპირველად მხოლოდ ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია გამოეხმაურა, რომელმაც ქადაგების მწვავედ შეფასების ნაცვლად, მიტროპოლიტ გამრეკელის მიმართ გავრცელებულ კრიტიკას ცილისწამება უწოდა. მოგვიანებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ანტისემიტიზმის უმცირესი გამოვლინებაც კი ვერასოდეს იპოვის ადგილს ქართველის გულსა და ცნობიერებაში.
სახალხო დამცველის განცხადებით, ქვეყანაში ანტისემიტური მოსაზრებების გავრცელება საფრთხეს უქმნის ეთნიკურად ებრაელი ხალხის თანასწორუფლებიანობას და ამასთან, წარმოაჩენს, რომ კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საზარელი დანაშაული – ჰოლოკოსტი და მისი გამომწვევი წინაპირობები სათანადოდ არ არის გააზრებული. ანტისემიტიზმის ნებისმიერი გამოვლინება საფრთხის შემცველია როგორც თითოეული მოქალაქისთვის, ასევე მთლიანად საზოგადოებისთვის.
აუცილებელია, რომ ბოლო დღეებში გავრცელებული ანტისემიტური რიტორიკა არ დარჩეს მხოლოდ ცალკეული პიროვნებების განხილვის საგნად და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ყოველი საჭიროების შემთხვევაში, ანტისემიტური განწყობების განვითარების თავიდან აცილების მიზნით, საჯარო და მკაფიო განცხადებებით, დაუყოვნებლივ დაგმონ ნებისმიერი სახის ანტისემიტური დამოკიდებულება და გამოხატონ მხარდაჭერა ებრაელი ერის მიმართ, რაც, მათ შორის, ანტისემიტიზმის საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებულობას შეუწყობს ხელს.
აღსანიშნავია, რომ 27 იანვარს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსენების საერთაშორისო დღეა, რომელსაც, საქართველოს სახალხო დამცველი ყოველწლიურად აღნიშნავს 2013 წლიდან.
რაც შეეხება ქადაგებას, მიტროპოლიტ იოანე გამრეკელმა თქვა:
„ამბროსი მედიოლანელის ცხოვრებაში იყო ასეთი შემთხვევა, რომ მოხდა დაპირისპირება იუდეველთა თემის ქრისტიანებთან. ქრისტიანები უფრო მეტნი იყვნენ რიცხვით. დაპირისპირება გადავიდა ძალადობაში და ძალადობის შედეგი იყო, რომ ქრისტიანებმა სძლიეს იუდეველთა თემს და მათი სინაგოგა დაანგრიეს.
აღშფოთდა ხელისუფლება, იჩივლეს, აგვიშენონ ახლაო.. ქალაქში ცოტანი იყვნენ, მაგრამ მსოფლიოში ცოტანი არ არიან. გავლენაც აქვთ მეფის კარზე ყოველთვის, ახლაც. ქრისტიანები არ თანხმდებოდნენ, მაშინ მმართველმა შეუთვალა ამბროსის, უნდა გადაიხადოთო. მან უპასუხა, რომ ქრისტეს ჯვარმცელთ და ქრისტიანთა მდევნელთ ქრისტიანებმა სალოცავი… როგორ უნდა ავუშენოთო. ნუ, ისინიც მოქალაქეები არიან და აქვთ უფლება და დღევანელი ნორმებით, უფლებები აქვთ.
ამბროსი ხომ ყოფილი სახელმწიფო მოხელე იყო და მან შეუთვალა, კარგიო. მაგრამ მათ ჯერ გადაიხადონ საუკუნეების მანძილზე მათი დასმენით, ცილისწამებით.. ამდენი ქრისტიანი აწამესო, რამდენი ქრისტიანთა სალოცავები დაანგრიეს და რამდენჯერო – აი, ამ ყველაფერს რომ გადაიხდიან, მერე ჩვენ თანხას მივცემთ სინაგოგის აშენებისთვისო.
მიხვდნენ, რომ ეს თანხა ისეთია, რომ ვერ გადაიხდიან. უდანაშაულოთა სისხლის ფასი არის, რომ გადაიხადო?! რამდენი აწამეს, მათი ცილისწამებით, ბრალდებით, დასმენით. რამდენჯერ მათ, სანამ სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდებოდა ქრისტიანობა – ძალადობდნენ ქრისტიანებზე. და მაშინ მმართველმა დაიბარა თემის… და უთხრა – პასუხი ასეთიაო – თქვენ იმ საუკუნეების, ნუ, ერთი-ორი საუკუნე მაინც, გადაიხადეთო და ისინი გადაგიხდიან იქიდანო. და უარი თქვეს, ჩვენ თვითონ ავაშენებთ სინაგოგასო.
დღესაც, როდესაც ადამიანის უფლებებზე ლაპარაკობენ, უცნაურია, ეკლესიის ლანძღვის და ცილისწამების უფლება არის, რომ სიტყვის თავისუფლება.. როდესაც ჩვენ გვინდა, რომ გავაკრიტიკოთ ეს ქმედება, გვეუბნებიან, რომ იცით, მათ ჰქონდათ უფლება. ჩვენ უფლება არ გვაქვს, რომ ჩვენი აზრი ვთქვათ? ეს ბრძოლა დღესაც გრძელდება. ეს ეთნიკური საზღვრით არ განისაზღვრება, ეს არის ურწმუნო მოდგმის ბრძოლა, ეკლესიის წინააღმდეგ. თუმცა ეკლესიიდგან სიკეთის მეტი არაფერი მიუღიათ“.